საქართველო-ევროკავშირი

ლელო: თუ ოცნება ნაბიჯებს არ გადადგამს, პარლამენტში საქმიანობა ამ რეჟიმში ვერ გაგრძელდება

ლელო საქართველოსთვის / Facebook

პარტია ლელოს განცხადებით, თუ 3 ივლისამდე ქართული ოცნება ნაბიჯებს არ გადადგამს – პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მათი საპარლამენტო საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება.

"მივმართავთ ქართულ ოცნებას ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად.

აქვე ვაცხადებთ, რომ თუ ქართული ოცნება უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, ლელო მიიჩნევს, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ლელო აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფა სცდება ვიწრო პარტიულ ინტერესებს, წარმოადგენს ეროვნულ ამოცანას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან საკუთარ დღის წესრიგზე მაღლა დგომას.

"თუ პოლიტიკური პარტია, ქართული ოცნება ამ ხედვას არ გაიზიარებს, იგნორირებას გაუკეთებს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის მოთხოვნებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება მმართველ გუნდს". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.

სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნებს შეუერთდა ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობალელოსტრატეგია აღმაშენებელიდროამეორე მხრივ, ევროპული საქართველოს პოზიციით, არჩევნების გარეშე ნებისმიერი ჯგუფის მიერ თავის მთავრობად დანიშვნის იდეა საზიანოა. პარტია გირჩი მოძრაობის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს არასერიოზულს უწოდებს. ლეიბორისტული პარტია მიიჩნევს, რომ თუ დროებითი მთავრობა შეიქმნება, მან ქვეყანა მხოლოდ არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს, რადგან მას სხვა არაფერი შეეძლება.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები