საქართველო-ევროკავშირი

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა EU-ს და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ, ვინც თითქმის ექვსასი დღეა უწყვეტ და მშვიდობიან პროტესტს განვაგრძობთ თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მხოლოდ ერთი მისწრაფებით: დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და საზოგადოების თავისუფალი განვითარება.

საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განმტკიცებული საყოველთაო არჩევანია, რაც საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას ავალდებულებს ყველა ზომას მიმართოს ქართველი ხალხის აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოსთვის მინიჭებულმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა, გაწევრიანების რეალური პერსპექტივა გაგვიჩინა. დღეს ეს პერსპექტივა უკრაინასა და მოლდოვას აქვს, საქართველო კი ამ პროცესის მიღმა რჩება და არა იმის გამო, რომ საზოგადოებამ ასე გადაწყვიტა, არამედ ქართული ოცნების ერთპარტიული ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული კურსის შედეგად.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები არსებითი ხასიათის დარღვევებით წარიმართა.

28 ნოემბერს, ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულად 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნა საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხი და ამით უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია, რაც ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის საფუძველი გახდა.

საზოგადოების მშვიდობიან წინააღმდეგობას მოჰყვა სისტემური ძალადობა და რეპრესიები. ქართული ოცნების დაქვემდებარებაში მყოფმა საპოლიციო ძალებმა ასობით მშვიდობიანი მომიტინგე სცემეს, დაასახიჩრეს და გაზით მოწამლეს. სამსახურიდან გაათავისუფლეს ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც მოითხოვეს კონსტიტუციის დაცვა. უსამართლო ჯარიმები ადამიანების ეკონომიკურ გამოფიტვას ისახავს მიზნად, დეზორიენტირება, მუქარა და დაშინება კი ყოველდღიურ რეალობად იქცა.

დღეს წინააღმდეგობის მოძრაობის ასზე მეტი წევრი პოლიტიკური და სინდისის პატიმარია, მათ შორის ჟურნალისტები, კულტურის მოღვაწეები, მსახიობები, მასწავლებლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები.

ქართული ოცნება გეგმაზომიერად აწარმოებს საზოგადოებისთვის დამაზიანებელ დეზინფორმაციას და ეწევა ანტიევროპულ პროპაგანდას. ასევე, გეგმაზომიერად მიმდინარეობს წინააღმდეგობის მოძრაობაში მყოფი ადამიანების დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია დანარჩენი საზოგადოების აღქმაში, რის მისაღწევადაც ქართული ოცნების თავდასხმის სამიზნედ იქცა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და თავისუფალი მედია.

რეპრესიული პოლიტიკის შედეგად მოქალაქეები იძულების წესით მასობრივად ტოვებენ სამშობლოს. ქვეყანას ეცლება ძალა, რომელზეც მისი მომავალია დამოკიდებული - ახალგაზრდები, პროფესიონალები, სამეცნიერო და შემოქმედებითი წრეები.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართველი ხალხის ნება უცვლელია. უახლესი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% კვლავ ერთგულია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, 75% გაწევრიანებას ქვეყნის უსაფრთხოების პირობად მიიჩნევს, ხოლო 87% თვლის, რომ საქართველომ ამ გზაზე მეტი უნდა გააკეთოს.

მადლიერებას გამოვხატავთ საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების მთავრობების, მათი ელჩებისა და მეგობარი ხალხების მიმართ ევროინტეგრაციისა თუ პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული ჩვენი თანამოაზრეების გათავისუფლების საკითხებში გამოხატული მორალური და პოლიტიკური სოლიდარობისთვის, რის გამოც ბევრი მათგანი უსამართლო თავდასხმის ობიექტიც კი გახდა.

ჩვენ ვიდგებით ბოლომდე, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ:

არ გათავისუფლდებიან სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები;

არ აღდგება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი;

საზოგადოების ნება არ იქნება გამოხატული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით.

კომენტარები