საქართველო-ევროკავშირი

ივანიშვილის რეჟიმის გამო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - არა. ამის ნაცვლად, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს. 

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პრესკონფერენციაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტისას ევროპის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.

ჩვენი ნაბიჯი აჩვენებს იმას, რომ ევროკავშირი სწრაფად რეაგირებს რუსულ აგრესიაზე - ჩვენ დავაწესეთ სანქიები, დავეხმარეთ უკრაინას და ახლა უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯი. ვულოცავთ სამივე ქვეყანას, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთისა და გეოპოლიტიკური ვითარების წინააღმდეგ. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც ქვეყანა ყველა დაწესებულ პირობას შეასრულებს". - თქვა მაკრონმა.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენიც. ლეიენმა თქვა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები, პირველ რიგში, ქვეყნისთვისაა კარგი, რადგან ეს რეფორმები დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ეკონომიკურ ბაზრებზე კონკურენციას ზრდის.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გააძლიერებს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. გადაწყვეტილება გააძლიერებს ევროკავშირსაც, ვინაიდან ეს არის იმის დემონსტრაცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ალიანსი ერთიანი და ძლიერია". - დასძინა ლეიენმა.

3 მარტს საქართველომ, ასევე მოლდოვამაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, ხოლო 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს გაიგზავნა მეორე ნაწილი.

კომენტარები