საქართველო-ევროკავშირი

ნათელაშვილი: თუ ტექნიკური მთავრობა შეიქმნება, მან ქვეყანა არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, თუ სახალხო მოძრაობის მიერ მოთხოვნილი დროებითი მთავრობა შეიქმნება, მან ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს და სხვა არაფრის გაკეთება შეეძლება.

"ტექნიკური მთავრობაც, ყველა სხვა საკითხიც უნდა მიებას ახალი არჩევნების საკითხს. თუ ასეთი მთავრობა შეიქმნება, მან ქვეყანა უნდა მოამზადოს სასწრაფო ახალი არჩევნებისათვის და მოამზადოს საარჩევნო გარემო, სისტემა, მოდელი, კანონმდებლობა.

ტექნიკურ მთავრობას არსებული ისტორიული პრეცედენტებით, სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ის არ წარმოადგენს რომელიმე პარტიას, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს პროგრამა, დაპირება. ამიტომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება, კარგი შუალედი იყოს". – თქვა ნათელაშვილმა პირველი არხის ცნობით.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.

სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნებს შეუერთდა ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობალელოსტრატეგია აღმაშენებელიდროამეორე მხრივ, ევროპული საქართველოს პოზიციით, არჩევნების გარეშე ნებისმიერი ჯგუფის მიერ თავის მთავრობად დანიშვნის იდეა საზიანოა. პარტია გირჩი მოძრაობის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს არასერიოზულს უწოდებს. ამასთან, ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ მოთხოვნების წამოყენების შემდეგ თქვა, რომ ტექნიკური მთავრობის თემა ქაოსის და დესტაბილიზაციის წინაპირობაა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები