საქართველო-ევროკავშირი

მელია: მოთხოვნილ მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები და აქტიური სამოქალაქო პირები

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია წერს, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობაში, რომლის შექმნაც გუშინ, 24 ინვისს გამართულ აქციაზე მოითხოვეს, არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები და არც ამჟამად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.  

როგორც მელია წერს, მთავრობის წევრები "კონკრეტული დარგის აღიარებული სპეციალისტები" უნდა იყვნენ. მისივე თქმით, ეს მთავრობა დროებითი უნდა იყოს და ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემდეგ პროცესი რეფორმირებულ საარჩევნო გარემოში უნდა გაგრძელდეს, "მათ შორის, ახალი არჩევნებით". 

საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნაა ივანიშვილის მთავრობის გადადგომა, რომლის ფორმალური პრემიერი ღარიბაშვილი. შესაბამისად მთავრობა, რომ გადადგეს უნდა გადადგეს ღარიბაშვილი.

საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნით ივანიშვილმა ახალი, ოლიგარქის მიერ კონტროლირებადი მთავრობა კი არ უნდა წარმოადგინოს, არამედ უნდა აირჩეს ეროვნული თანხმობის მთავრობა

ეროვნული თანხმობის მთავრობა, არის დროებითი. ის ასრულებას ევროკომისიის დასკნით გაწერილი 12 რეკომენდაციას (ამ რეკომენდაციებში არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა), რათა დეკემბერში მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატობა. ის არის გარდამავალი.

როდესაც ეს პროცესი დასრულდება, რეფორმირებულ საარჩევნო გარემოში უნდა გაგრძელდეს პროცესი, მათ შორის ახალი არჩევნებით.

საერთო სახალხო მოძრაობის შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები და არც ამჟამად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მისი წევრები უნდა იყვნენ კონკრეტული დარგის აღიარებული სპეციალისტები, საერთაშორისო აღიარებითა და მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით.

ეროვნული თანხმობის მთავრობის ლეგიტიმაციის წყარო არის კონსესუსი და მხარს უნდა უჭერდეს საერთო-სახალხო მოძრაობაც, ოპოზიციაც და დათანხმდეს ივანიშვილიც.

ივანიშვილმა უნდა დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება, ეს მნიშვნელოვანია კანდიდატობის მისაღებად (პირდაპირ წერია დეოლიგარქიზაცია) და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია.

ევროკავშირისთვის - ასე უნდა ერქვას სამთავრობო გეგმას, რომელსაც უნდა გამოუცხადოს თანხმობა პარლამენტმა, პრემიერის დამტკიცებისას და 12-ვე საკითხს უნდა პასუხობდეს 

გუშინ, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს. 

"ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმაა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას [...] ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი. დავრჩებით აქ, არ დავიშლებით სანამ არ დაიშლება ოლიგარქია." - თქვა შოთა დიღმელაშვილმა. 

კომენტარები