საქართველო-ევროკავშირი

სტრატეგია აღმაშენებელი პრემიერის გადადგომისა და მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება

სტრატეგია აღმაშენებელი სამოქალაქო მოძრაობის შინ ევროპისკენ მიერ პრემიერმინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება.

"ხალხი ქუჩაში გამოვიდა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, ესაა აქციის მონაწილეების მთავარი დაკვეთა. მაგრამ, ამასთან, დეოლიგარქიზაციის და სხვა ევროპული რეკომენდაციების შესრულების გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. სწორედ ამიტომ, გამოსავალია გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.

სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნებს შეუერთდა ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, დროა. მეორე მხრივ, ევროპული საქართველოს პოზიციით, არჩევნების გარეშე ნებისმიერი ჯგუფის მიერ თავის მთავრობად დანიშვნის იდეა საზიანოა. პარტია გირჩი მოძრაობის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს არასერიოზულს უწოდებს. ამასთან, ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ მოთხოვნების წამოყენების შემდეგ თქვა, რომ ტექნიკური მთავრობის თემა ქაოსის და დესტაბილიზაციის წინაპირობაა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები