საქართველო-ევროკავშირი

"ორივე არასერიოზულია" – ხვიჩია პრემიერის გადადგომისა და მთავრობის შექმნის მოთხოვნაზე

იაგო ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია 24 ივნისის აქციაზე სამოქალაქო მოძრაობის შინ ევროპისკენ მიერ წაყენებულ მოთხოვნებს პრემიერმინისტრის გადადგომისა და დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ არასერიოზულს უწოდებს.

"ჩემი აზრით, ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია. თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ღარიბაშვილი არის მხოლოდ ვიღაცის წარმომადგენელი, აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის წასვლას რომ ითხოვ სახლში, უბრალოდ არასერიოზულია, თუ ის გესმის, რომ ის უბრალოდ წარმომადგენელია. რაც შეეხება ეროვნული თანხმობის რაღაცის [მთავრობის] შექმნას, ასევე არასერიოზულია, რადგან არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი, ვინ არჩევს ამ ხალხს და ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი, რატომ ვენდობით და ვინ ნიშნავს თანამდებობაზე". – თქვა იაგო ხვიჩიამ.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.

სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნებს შეუერთდა ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, დროა. მეორე მხრივ, ევროპული საქართველოს პოზიციით, არჩევნების გარეშე ნებისმიერი ჯგუფის მიერ თავის მთავრობად დანიშვნის იდეა საზიანოა. პარტია გირჩი მოძრაობის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს არასერიოზულს უწოდებს. ამასთან, ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ მოთხოვნების წამოყენების შემდეგ თქვა, რომ ტექნიკური მთავრობის თემა ქაოსის და დესტაბილიზაციის წინაპირობაა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები