რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: აზოვსტალიდან ჯამში 1 730 უკრაინელი სამხედრო გამოვიყვანეთ, აქედან 80 მძიმედ დაჭრილი

REUTERS/Alexander Ermochenko

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, ბოლო 24 საათში აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან 771 უკრაინელი სამხედრო გამოიყვანეს. 19 მაისის მონაცემებით, ჯამში გამოყვანილია 1 730 სამხედრო, აქედან 80 მძიმედ დაჭრილი.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

16 მაისის შემდეგ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან 1 000-მდე უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

კომენტარები