რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი გამომძიებლები აზოვსტალიდან ევაკუირებულ უკრაინელ სამხედროებს დაკითხავენ

REUTERS/Alexander Ermochenko

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

"რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის რეჟიმის დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკითხავენ ჩაბარებულ ბოევიკებს, რომლებიც მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში იმალებოდნენ". – თქვეს კომიტეტის პრესსამსახურში.

16 მაისიდან მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ასობით უკრაინელი მებრძოლის ევაკუაცია პრორუსული ძალების თანხლებით მოხდა. ისინი ამჟამად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. 16 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

17 მაისს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღის განმავლობაში აზოვსტალის ქარხანა, სულ მცირე, 7-მა ავტობუსმა დატოვა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ავტობუსებით მხოლოდ დაჭრილი მებრძოლები არ გადაჰყავდათ.

კომენტარები