რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალის ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, ასობით დაჭრილია – ვერეშჩუკი

Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთაგან ბევრი დაშავებულია.

"ასობით დაჭრილია. იქ იმყოფებიან სერიოზული დაზიანებების მქონე ადამიანები, რომლებიც სასწრაფო ევაკუაციას საჭიროებენ. სიტუაცია დღითიდღე უარესდება". – თქვა ვერეშჩუკმა AFP-სთან ინტერვიუში.

მარიუპოლში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში, სულ მცირე, 100 მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ რჩება. როგორც CNN წერს, ქარხანაში დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა კაცია.

7 მაისს უკრაინის ვიცეპრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე ევაკუირებულია. აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები