რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია – ვერეშჩუკი

REUTERS/Alexander Ermochenko

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, მარიუპოლში რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე გამოიყვანეს.

"პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა. აზოვსტალიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა". – წერს ვერეშჩუკი.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები