რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილების გაყვანაზე შევთანხმდით

Alexander Ermochenko/Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანა დაწყებულია. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია, RIA Novosti ავრცელებს. უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

"16 მაისს მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში ჩაკეტილ უკრაინელ სამხედრო მსახურების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, დაჭრილთა გაყვანის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული". – წერს სამინისტრო.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, დაჭრილი სამხედროები ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

"ამჟამად, ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამყარდა და გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფანი, რომლის გავლითაც უკრაინელი სამხედრო მსახურები გაჰდაყავთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მყოფ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა უზრუნველყონ ისინი ყველა საჭირო დახმარებით". – წერს სამინისტრო.

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება. 

12 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაცია თურქეთის შუამავლობით იგეგმება. ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები