რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ტერიტორია ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს – უკრაინული მედია

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანრიუშჩენკო Telegram-ზე წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ შეიძლება ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. 

"წვის შეჩერება თითქმის შეუძლებელია. ჯოჯოხეთია დედამიწაზე, აზოვსტალში. გასაოცარია, როგორ უძლებენ ჩვენი მცველები. ჩვენ ყველა მათ წინაშე ვალში ვართ". - წერს მერის მრჩეველი. 

ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედიაც. მათი ინფორმაციით, აზოვსტალის ხანძრის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. 

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება. 

12 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაცია თურქეთის შუამავლობით იგეგმება. ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები