რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული ძალები აგრძელებენ აზოვსტალზე საჰაერო, საარტილერიო და ტანკებით შეტევას – აზოვი

Alexander Ermochenko/Reuters

რუსეთის სამხედრო ძალები აგრძელებენ მარიუპოლში ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაზე საჰაერო, საარტილერიო და ტანკებით შეტევას. ინფორმაციას აზოვის პოლკი ავრცელებს. 

აზოვსტალში გამაგრებული სამხედროები წერენ, რომ ისინი ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ.

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება. 

12 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაცია თურქეთის შუამავლობით იგეგმება. ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთაგან ბევრი დაშავებულია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები