რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა: კიევის მთელი ოლქი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია

უკრაინელი სამხედროები ქალაქ ირპენში
NY Times

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ცნობით, კიევის მთელი ოლქი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია.

"ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი ოლქი დამპყრობლებისგან თავისუფალია" - წერს მალიარი Facebook-ზე.

კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზე, ბუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები