რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთის სამხედრო დანაშაულზე კრემლის პროპაგანდისტებიც აგებენ პასუხს

ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსეთის სამხედრო დანაშაულზე კრემლის პროპაგანდისტებიც აგებენ პასუხს". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში. 

ზელენსკის თქმით, შემთხვევა, როდესაც რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, 3 კი გარდაიცვალა, რუსულმა მედიამ გააშუქა, თუმცა საზოგადოებას სწორი ინფორმაცია არ მიაწოდა. 

"არცერთი სიტყვა არ უთქვამთ სიმართლე, მოატყუეს რუსებს, თითქოს, საავადმყოფოში არცერთი პაციენტი არ იყო, სამშობიაროში არ იყო არცერთი ქალი და ბავშვი. [...] ისინი, როგორც ყოველთვის, თავდაჯერებულად იტყუებიან". - თქვა ზელენსკიმ.  

მისივე სიტყვებით, "საომარი დანაშაულები პროპაგანდის მიერ დაფარვის გარეშე შეუძლებელია". 

"მინდა, მათ ერთი რამ ვუთხრა - თქვენ პასუხს აგებთ ისევე, როგორც ყველა, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას გასცემს. ჩვენ ვიპოვით პროპაგანდისტების და მათთან დაკავშირებულ პირთა მთელ ქონებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ეს ჩამოერთვათ, სადაც არ უნდა იყოს. გიყვართ მდიდრული ცხოვრება, აყვავებული ქვეყნები? ეს ყველაფერი აღარ გექნებათ და ეს მხოლოდ დასაწყისია". - თქვა მან. 

ქალაქ მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროზე განხორციელებულ ავიათავდასხმას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემხვერპლა, 17 კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ბავშვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ "დიდი ხანია მარიუპოლის სამშობიარო ექსტრემისტების ბაზაა, უცხოური მედია მანიპულირებს".

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაწესებულების დანიშნულება კარგად იციან. ეს უკვე მესამე ჰოსპიტალია, რომელიც მათ ამ ქალაქში დაანგრიეს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს შენობებია მათი სამიზნეები". - თქვა მარიუპოლის მერის მოადგილემ, სერგეი ორლოვმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადამოწმებული ცნობით, რუსეთის სამიზნე უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, სულ მცირე, 18 საავადმყოფო გახდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები