რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლში სამშობიაროზე თავდასხმას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვი

ქალაქ მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროზე განხორციელებულ ავიათავდასხმას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემხვერპლა, 17 კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ბავშვია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაწესებულების დანიშნულება კარგად იციან. ეს უკვე მესამე ჰოსპიტალია, რომელიც მათ ამ ქალაქში დაანგრიეს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს შენობებია მათი სამიზნეები". - თქვა მარიუპოლის მერის მოადგილემ, სერგეი ორლოვმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადამოწმებული ცნობით, რუსეთის სამიზნე უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, სულ მცირე, 18 საავადმყოფო გახდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები