რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: დიდი ხანია მარიუპოლის სამშობიარო ექსტრემისტების ბაზაა, უცხოური მედია მანიპულირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მარიუპოლში სამშობიაროზე თავდასხმასზე ამბობს, რომ "უცხოური მედია ინფორმაციით მანიპულირებს". ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. 

"დიდი ხანია, მარიუპოლის სამშობიაროში პაციენტები და პერსონალი არ იმყოფება. შენობა დიდი ხანია ექსტრემისტების ბაზად იქცა".- თქვა მან. 

ქალაქ მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროზე ავიათავდასხმას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემხვერპლა, 17 კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ბავშვია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადამოწმებული ცნობით, რუსეთის სამიზნე უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, სულ მცირე, 18 საავადმყოფო გახდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები