რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: სახლი, სულ მცირე, 100 000-მა უკრაინელმა დატოვა

კიევი. 24 თებერვალი, 2022 წელი
REUTERS/Valentyn Ogirenko

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სახლი, სულ მცირე, 100 000-მა უკრაინელმა დატოვა.

"უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება საათობრივად იზრდება. ადამიანები იხოცებიან. სულ მცირე, 100 000-მა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი. გაერო აძლიერებს სიცოცხლისთვის აუცილებელი დახმარების მიწოდებას, მათი უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს". - წერს გუტიერეში.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები