რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი: ვსწავლობთ უკრაინისთვის ჰუმანიტარულ საჭიროებებს, მოთხოვნისთანავე მივაწოდებთ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებას სწავლობს. მისივე თქმით, მთავრობამ საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში განთავსება დაიწყო.

"მთავრობამ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების განთავსება სასტუმროებში. საქართველოს მთავრობა სწავლობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მის მიწოდებას". – თქვა პაპუაშვილმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები