რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი: რიგგარეშე სხდომა არ გაიხსნება, ოპოზიციას განხეთქილების გამოწვევა სურს

საქართველოს პარლამენტი / Facebook

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა, არ ჩატარდება. პაპუაშვილი განმარტავს, რომ უმრავლესობის დეპუტატები სხდომას არ ესწრებიან, შესაბამისად, რჩება ოპოზიციის 61 დეპუტატი, სხდომის გამართვისთვის კი საჭიროა 76 დეპუტატის ხმა - ამიტომ, მისივე სიტყვებით, რეგისტრაციის გავლაც კი "აზრს მოკლებულია".  

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის მიზანი არა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, არამედ "კრაინაში მიმდინარე მოვლენების შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა".

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა პრეზიდენტს, რომ დღეს, 25 თებერვალს, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით. ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია რიგგარეშე სხდომაზე და არა საგანგებო სხდომაზე, რომელიც მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იმართება. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნული სხდომის გამართვის განკარგულებას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს პრეზიდენტის ფორმალურ უფლებამოსილებას, ვინაიდან, კონსტიტუციის მიზედვით, პრეზიდენტი არ შედის მოთხოვნილი სხდომის დღის წესრიგის, პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობის თუ მიზანშეწონილობის განხილვაში.  

როგორც იცით, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინვე განაცხადა, რომ ის არ დაესწრება რიგგარეშე სხდომას ორი მიზეზის გამო - რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს, კერძოდ, პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერმინისტრის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ხოლო მეორე საკითხი საერთოდ არ ჯდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში. ამას გარდა, მეორე მიზეზი გახლავთ ბოლო დღეებში ოპოზიციის ნაწილისგან ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სხდომის გამართვის რეალური მიზანი არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა და უკრაინელ ხალხთა სოლიდარობა, არამედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომით საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაპირისპირების გამოწვევის სურვილია". - ამბობს შალვა პაპუაშვილი.   

24 თებერვალს ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა ნაციონალური მოძრაობის პოპულიზმად შეაფასა და თქვა, რომ მას არ დაესწრებიან.  

ოპოზიციის მოთხოვნილ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მოთხოვნას ხელს მოაწერდა. მანამდე კი პაპუაშვილს ამბობდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო სხდომის ჩანიშვნა საჭირო არ იყო


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები