რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონიამ, ტაივანმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს

იაპონიამ, ტაივანმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. 

ახალმა ზელანდიამ მოგზაურობაზე სანქციები დააწესა რუსი თანამდებობის პირების მიმართ, ასევე, აკრძალა საქონლის ექსპორტი რუსი სამხედრო და უსაფრთხოების ძალებისთვის. ახალმა ზელანდიამ შეაჩერა ორმხრივი კონსულტაციები და მოუწოდა რუსეთს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, რათა კრიზისი მოაგვაროს. 

"ეს არის სამხედრო ძალის უხეში გამოყენება და ძალადობა, რომელიც უდანაშაულო სიცოცხლეებს იმსხვერპლებს - ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა დავდგეთ". - თქვა ჟასინდა არდერნმა. 

იაპონიის სანქციები რუსეთის ფინანსურს ინსტიტუტებს, სამხედრო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შეეხება. სანქციები მოიცავს ანგარიშების გაყინვასა და ექსპორტის აკრძალვას რუსული სამხედრო ორგანიზაციებისთვის. 

"შექმნილი სიტუაციის საპასუხოდ, G7-თან და საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ჩვენ გავამკაცრეთ დაწესებული სანქციები". - თქვა პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ. 

ტაივანის მთავრობის განცხადებაში წერია, რომ "მკაცრად გმობენ" რუსეთის გადაწყვეტილებას, დაეწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, მოსკოვმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო წესრიგს და ქვეყანას ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ. 

"იმისთვის, რომ ვაიძულოთ რუსეთი, შეაჩეროს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, დაუბრუნდეს მშვიდობიან დიალოგს რაც შეიძლება სწრაფად, ტაივანის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდება". - წერია განცხადებაში, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რა სანქციებზეა საუბარი.  

ავსტრალიის პრემიერმინისტრის, სკოტ მორისონის თქმით კი მიზანში ამოიღებენ რუს ოლიგარქებს, "რომელთა ეკონომიკური წონა რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია". ასევე, სანქციები დაუწესდებათ რუსეთის პარლამენტის 300-ზე მეტ წევრს, რომლებმაც უკრაინაში შეჭრას მხარი დაუჭირეს. 

მორისონი ამბობს, რომ ავსტრალია სანქციების გავრცელებას ბელარუს პირებზეც აპირებს, რომლებიც რუსულ აგრესიაში მონაწილეობენ. მანამდე, ავსტრალიამ მოგზაურობის აკრძალვისა და ფინანსური სანქციები დაუწესა 8 რუს თანამდებობის პირს.  


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები