2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადა

გენოციდი და ოლიმპიური თამაშები

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადა

გენოციდი და ოლიმპიური თამაშები

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 3 თებერვალს, პროტესტის ნიშნად ლონდონში თამაშების ალტერნატიული გახსნა გამართეს. "ჩვენ უარს ვამბობთ თქვენს გენოციდის თამაშებზე", "შეწყვიტეთ უიღურების გენოციდი", "სირცხვილი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს" - ამ მოწოდებებით აქტივისტებმა, პოლიტიკოსებმა და აქციის მონაწილეებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ იქ, სადაც 2022 წლის ოლიმპიური თამაშების გამართვა დაშვებულია, გენოციდი მიმდინარეობს და ადამიანის უფლებებს სასტიკად არღვევენ. თამაშების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ადამიანის უფლებადამცველმა და არასამთავრობო 243-მა ორგანიზაციამ მთავრობებს დიპლომატიური ბოიკოტისკენ დაჟინებით მოუწოდა.

აქციაზე აფრიალებენ ტიბეტის დროშას, ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული მოძრაობის მხარდამჭერ სლოგანს, ასევე, პირველი აღმოსავლეთ თურქესტანის რესპუბლიკის დროშას, რომელსაც აქტიურად იყენებენ ჩინეთის პოლიტიკის წინააღმდეგ უიღურების მხარდასაჭერად. ფოტო ლონდონის აქციიდან/Twitter/Colombe Cahen-Salvador

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები არაერთხელ შეუდარებიათ 1936 წელს ბერლინში გამართულ ოლიმპიურ, ე.წ. ჰიტლერის თამაშებს. ჰოლოკოსტის შემდეგ დღემდე ხშირად ისმის მოწოდება "აღარასდროს", თუმცა, ჩინეთში ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევის, გენოციდის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოება მის შესაჩერებლად დღეს ბევრს ვერაფერს ახერხებს. ოლიმპიური თამაშებისთვის ტაშის დაკვრას კი ჩინეთი პროპაგანდისტულ ზეიმად, მისი ქმედებებისთვის მეტი ლეგიტიმაციის მინიჭებად გარდაქმნის.  

ყველაფრის მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს პეკინში ოლიმპიადის ჩატარება არ გადაუფიქრებია, ის დუმს რეჟიმის დანაშაულებებზე და თვალს ხუჭავს იმაზეც, რომ ოლიმპიადის ჩინეთში ჩატარება მონაწილეებისთვის უსაფრთხოების რისკებს წარმოქმნის. არაერთი მსხვილი, დასავლური კომპანია თამაშებს უპრობლემოდ ასპონსორებს, ერთადერთი თვალსაჩინო წინააღმდეგობა კი რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური ბოიკოტია.

ჩინელი დისიდენტი ხელოვანის, პატიუცაოს ილუსტრაცია, რომელზეც ასახულია ჩინეთის მთავრობის მიერ ჰონგ-კონგის ავტონომიის დასრულება, უიღურების გენოციდი, ტიბეტელების ჩაგვრა, მასობრივი მეთვალყურეობა ჩინეთში და Covid-19 პანდემიის გარშემო გამჭვირვალობის ნაკლებობა/www.Beijing2022.art ​​​​​​

დიპლომატიური ბოიკოტის მიზეზი

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ მიმდინარე გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების" გამო 6 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო იგივე არაერთმა ქვეყანამ გააკეთა, მათ შორის, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, დანიამ. იაპონიამ ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო მაღალი რანგის ოფიციალური პირები არ გააგზავნა. ლიტვამ ბოიკოტზე საუბარი ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო - პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ღონისძიებას არ ესწრებიან. პეკინში დიპლომატიური წარმომადგენლობა არც ნიდერლანდებმა გაგზავნა, მათ თქვეს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ჩინეთში "ნიდერლანდებისთვის დიდად შემაშფოთებელი" საკითხის, ადამიანის უფლებების მდგომარეობის განხილვის შესაძლებლობა ნაკლებად ექნებოდათ. დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებისას ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია. 

ძლიერი დასავლური ქვეყნების ლიდერთა უმრავლესობა პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებს არ ესწრება, ხოლო იმ ქვეყნების დიდი ნაწილი, რომელთა პირველი პირები თუ მაღალი რანგის წარმომადგენლები ოლიმპიურ თამაშებს ესწრებიან, ჩინეთის პარტნიორი არადემოკრატიული ქვეყნებია, მაგალითად, რუსეთი, პაკისტანი, ყაზახეთი, კამბოჯა და სხვა. 

მართალია, დიპლომატიური ბოიკოტი არ არის ისეთი მკაცრი ზომა, როგორიც სრული ბოიკოტი იქნებოდა (რაც, მაგალითად, აშშ-მ საბჭოთა კავშირში 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს გამოუცხადა, ავღანეთში სსრკ-ს შეჭრის გამო. ამას ამერიკის სხვა მოკავშირე ქვეყნების სრული ბოიკოტიც მოჰყვა), თუმცა, ეს სრულ უმოქმედობას სჯობს. დიპლომატიური ბოიკოტით ქვეყნები ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს ახსენებენ პეკინის მიერ ჩადენილ დანაშაულს - ეს ჩინეთისთვის დამატებითი რეპუტაციული ზიანია, ჩინეთში ადამიანის უფლებების საკითხს მეტი საერთაშორისო ყურადღება და, ზოგადად, მეტი დისკუსია მოჰყვება.

მუშები ჩინეთის საკონცენტრაციო ბანაკის, ოფიციალურად, პროფესიული უნარების განათლების ცენტრის გვერდით. ტაპანჩენგი, სინძიანგი, ჩინეთი. 2018 წელი/REUTERS/Thomas Peter

"გენოციდის თამაშები" - ასე მოიხსენიებენ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. 2021 წელს აშშ გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც პეკინის ქმედებები ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წევრების წინააღმდეგ გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა. აშშ-ს მთავრობის დასკვნით, სულ მცირე, 2017 წლის მარტიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ დანაშაულს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობითა და კონტროლით სჩადის. აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, დანაშაულები მოიცავს მილიონი ადამიანის იძულებით დაპატიმრებას, დაკავებულების წამებას, იძულებით სტერილიზებას, იძულებით მუშაობას, რელიგიური თავისუფლების, გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლების გაუქმებას.

2017 წლის სამთავრობო პოსტი ჩინურ სოციალურ ქსელში, სადაც ჩანან ბანაკში დატყვევებულები. ჩინეთის სინძიანგის პროვინცია, ჰოთანის პრეფექტურა, ლოპი/ Human Rights Watch/Xinjiang Bureau of Justice/WeChat

ჩინეთის მთავრობა სინძიანგში მისი პოლიტიკის გამართლებას კონტრტერორისტული კამპანიით ცდილობს. მართალია, ჩინეთის მთავრობა სინძიანგში ამ საშიშროების წინაშე ყოფილა, თუმცა კონტრტერორისტული პასუხი არ გულისხმობს ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით უდანაშაულო ადამიანების თვითნებურ დაპატიმრებას, გენოციდსა და არაადამიანურ მოპყრობას. დღეს ეს ნარატივი ემსახურება ჩინეთის ავტორიტარიზმს, რითაც უიღურებისა და სხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების იძულებით ასიმილაციას ესწრაფვის. 

სინძიანგში ჩინეთის ქმედებების დამოუკიდებლად გამოძიება შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კომუნისტური მთავრობა ამას არასდროს დაუშვებს. თუ კომპარტია რაიმეს დამალვას ან უარყოფას თავდაუზოგავად ცდილობს, ეს, უპირველეს ყოვლისა, სინძიანგის ვითარებაა. რეგიონში ჩასული უცხოელი ჟურნალისტების ეჭვების გასაქარწყლებლად ხელისუფლებას არაერთხელ უჩვენებია დადგმული სპექტაკლი მოცეკვავე უიღურებით. თუმცა, ადამიანების მონაყოლის, რომლებმაც იქაურობას თავი დააღწიეს, ჩინეთიდან გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტების, გამომძიებელი ჟურნალისტებისა თუ მკვლევრების წყალობით, წლებია ამ საკითხზე ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, საერთაშორისო სამართლის, გენოციდის და ჩინეთის რეგიონის 50-ზე მეტი ექსპერტის მიერ 2021 წელს დაწერილი ანგარიშის თანახმად, ჩინეთის მთავრობის ქმედებებმა სინძიანგში დაარღვია გაეროს გენოციდის კონვენციის ყველა მუხლი. დოკუმენტში წერია, რომ 2014 წლის შემდეგ სინძინაგის 1 400 ბანაკში, სავარაუდოდ, ერთიდან ორ მილიონამდე ადამიანი დაატყვევეს და საუბრობდნენ ისეთ ბრალდებებზე, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, “ტვინის გამორეცხვა” (იდეოლოგიური დამუშავება). ბანაკებში გარდაცვლილთა რაოდენობა დაუზუსტებელია. ასევე, ჩინეთის სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწიფო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით The Associated Press-ის 2020 წლის გამოძიების მიხედვით, ჩინეთის მთავრობა უიღურების რაოდენობის შემცირებას შობადობის იძულებითი კონტროლით ცდილობს. Human Rights Watch-მა მოიპოვა მონაცემები, სადაც ჩანს, თუ რა ტექნოლოგიებს იყენებენ სინძიანგში მაღალჩინოსნები უიღურებისა თუ სხვა უმცირესობების მასობრივი დაკავებისთვის, მათი ონლაინ აქტივობისა და ყოველდღიური ცხოვრების გაკონტროლებისთვის. ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტი Center for Global Policy-ი 2020 წლის ანგარიშში წერს, რომ ჩინეთი ასიათასობით უიღურსა და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს. ამას გარდა, ადამიანები, რომლებმაც სინძიანგის ბანაკებს თავი დააღწიეს, ლაპარაკობენ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, სისტემური გაუპატიურება და სხვა. 2021 წლის ნოემბერში გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩინეთის რეპრესიები უიღურებისა და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ პირდაპირ უკავშირდება მთავრობის წამყვან პირებს.

ყოფილი ტყვის, ტურსუნაი ზიავუდუნის, მონაყოლი ერთ-ერთია იმ არაერთი გადარჩენილის ჩვენებებიდან, რომლებმაც სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკს თავი დააღწიეს და მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ბანაკში მან 9 თვე გაატარა. BBC-სთან ინტერვიუში ის ბანაკებში ჯგუფურ, სისტემურ გაუპატიურებაზე, წამებაზე, სტერილიზაციაზე, დეჰუმანიზაციაზე, ტვინის გამორეცხვის ხერხებზე ჰყვება. ზიავუდუნის თქმით, ზოგიერთი ქალი წამებისა და გაუპატიურების შემდეგ ფსიქიკურად შეიშალა. Მან ასევე თქვა, რომ ზოგიერთი ქალი, რომლებსაც წამების თუ გაუპატიურების მიზნით ღამით საკნებიდან გამოსვლას აიძულებდნენ, უკან აღარასდროს დაბრუნებულა. “ჩემი აზრით, ვინც ბანაკს ტოვებს, ყველას საქმე დასრულებულია. მათი [ჩინეთის ხელისუფლების] მიზანი ყველას განადგურებაა. და ეს ყველამ იცის,” თქვა მან. ვრცლად მისი მონაყოლის შესახებ იხილეთ აქBBC

აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ ჩინეთის ქმედებები სინძიანგში გენოციდად შეაფასეს კანადაში, ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ლიტვაში, საფრანგეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. ახალ ზელანდიაში ჩინეთის ქმედებები სინძიანგში ადამიანთა უფლებების სასტიკ დარღვევად შეაფასეს, ხოლო ბელგიაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად. 

დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადების მიზეზად აშშ ჩინეთში ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებსაც ასახელებს, რაშიც, სავარაუდოდ, იგულისხმება გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკული არარსებობა, მასობრივი მეთვალყურეობის და შეფასების სისტემები, ადამიანების გაუჩინარება, ჰონგ-კონგის ავტონომიის დასრულება და სხვა.

დიპლომატიური ბოიკოტის კატალიზატორი

წლებია უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და ორგანიზაციები 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის პეკინში ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, თუმცა ბოიკოტის საკითხი თამაშების მოახლოებასთან ერთად, დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გააქტიურდა. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენის, პროფესიონალი ჩოგბურთელისა და სამგზის ოლიმპიელის, ფენგ შუაის მდგომარეობაა. ყოფილმა პირველმა ჩოგანმა წყვილთა თანრიგში 2 ნოემბერს ჩინეთის ყოფილი ვიცე პრემიერი, ჭანგ კაოლი, სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და ამის შესახებ ვრცლად პოპულარულ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში დაწერა. მისი გამოქვეყნებიდან 20 წუთში პოსტი გააქრეს, ამ საკითხზე დისკუსიას ცენზურა დაადეს. NYT-ი წერს, რომ ჩინურმა ცენზურამ ფენგის პოსტებზე და საჯარო სტატიებზე, სადაც ნახსენები იყო მისი სახელი, კომენტარის ფუნქციაც გააუქმა. ფენგ შუაი, დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში არსად ჩანდა. ფენგის გაუჩინარებას გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები, უფლებადამცველები, ცნობილი სპორტსმენები, Twitter-ში გაჩნდა პოპულარული "ჰეშთეგი" - სად არის ფენგ შუაი (#WhereIsPengShuai).

ონლაინ გამოხმაურება, 'სად არის ფენგ შუაი'/ Twitter/Emily Harris

მოგვიანებით, ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ელექტრონული წერილის ფოტო, რომელზეც ირწმუნებოდნენ, რომ ფენგის დაწერილი იყო. მასში ის უარყოფდა სექსუალური ძალადობის ბრალდებას, "სახლში ისვენებდა და ყველაფერი კარგად იყო”. სოციალურ ქსელებში ელექტრონული წერილის ფოტოზე ასოებს შორის მალევე შენიშნეს ბეჭდვის ნიშანი (|), რამაც მეტი კითხვა დაბადა. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მომხდარს ისე გამოეხმაურა, როგორც ამას ჩინეთის პარტნიორი ორგანიზაცია გააკეთებდა: "ვნახეთ უკანასკნელი ამბები და გამხნევებული ვართ გარანტიებით, რომ ის უსაფრთხოდაა". რამდენიმე დღის შემდეგ კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი ფენგ შუაის ესაუბრა და სპორტსმენი უსაფრთხოდ და კარგად იყო,  მას “პირადი სივრცე სჭირდებოდა”. საქმეზე არაფერი უთქვამთ.

იშვიათად გამბედავი აღმოჩნდა ქალთა ტენისის ასოციაცია (WTA), რომელმაც ფენგ შუაის მდგომარეობისა და იმის გამო, რომ ჩინეთის ხელისუფლება მის საკითხს არ გამოხმაურებია, 1-ელ დეკემბერს ყველა ტურნირის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. WTA ეჭვქვეშ აყენებდა, რომ ფენგი თავისუფალი იყო და ცენზურის, იძულების და დაშინების მსხვერპლი არ ყოფილა. WTA-მ საქმის სრული და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა. "მე ვერ ვხვდები, როგორ ვთხოვო ჩვენს სპორტსმენებს, რომ იქ იასპარეზონ, როცა ფენგ შუაის არ აქვს თავისუფლად კომუნიკაციის უფლება და, როგორც ჩანს, მასზე ზეწოლა განხორციელდა…" წერს WTA-ს უფროსი, სტივ საიმონი. განცხადებაში ჩანს, რომ ორგანიზაცია იაზრებს იმ ფინანსურ შედეგებს, რასაც ეს გადაწყვეტილება მოიტანს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. 

სოციალურ ქსელში WTA-ს გადაწყვეტილებას არაერთი ადამიანი აქებდა და მის ფონზე კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პოზიციას აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, ოლიმპიური კომიტეტი იძულებული გახდა, თავისი პოზიცია "ჩუმი დიპლომატიით" გაემართლებინა. ჩინეთში თავისუფალი სიტყვა და სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, თუმცა არსებობს ხელისუფლების მიერ კრიტიკული პირების ან რეჟიმისთვის საფრთხის შემცველი განცხადებების ავტორების გაქრობის, გაჩუმების და ჩვენების შეცვლის ხანგრძლივი გამოცდილება. ფენგ შუაის საქმე ამის მაგალითია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თავისი პოზიციით კი ჩინეთის პროპაგანდას აჰყვა და რეჟიმის სახის გადარჩენა სცადა. სწორედ ფენგ შუაის საქმის ფონზე მეტად გააქტიურდა ბოიკოტისადმი მოწოდება.

ოლიმპიური თამაშების პოლიტიკური მნიშვნელობა ჩინეთისთვის

დიპლომატიურ ბოიკოტს ჩინეთი მოსალოდნელი ბრაზით შეხვდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნები ბოიკოტით თვითიზოლაციაში ექცეოდნენ და "საკუთარი შეცდომების გამო" საფასურს გადაიხდიდნენ. აშშ-ს დიპლომატიური ბოიკოტის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ჩინეთის ყოფილი ელჩი, ლიუ სიაომინგი იმასაც ირწმუნებოდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკელი პოლიტიკოსები არავის დაუპატიჟებია. ჩინეთი ბოიკოტის საწინააღმდეგო და 2022 წლის ოლიმპიური თამაშების მხარდამჭერ კამპანიას აწარმოებს. მაგალითად, ჩინურმა სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ მთელი სექცია მიუძღვნა ოლიმპიურ თამაშებზე ამბებს. სექციაში, ძირითადად დიპლომატიურ ბოიკოტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ, ჩინეთს კი აქებდნენ. ჩინეთი ამ გზას მაშინ მიმართავს, როდესაც ჩინეთისთვის არასასურველი საერთაშორისო მოვლენა ხდება, მათ კი თავის დაცვა თუ გამართლება სურთ. მაგალითად, მაშინ, როდესაც დასავლურ ქვეყნებში აქტიურად ლაპარაკობდნენ პანდემიის ჩინეთში წარმოშობაზე და პეკინს გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ, მსგავსი სექცია დასახელებით "Covid-19-ის წარმოშობის მოკვლევა" განსაკუთრებით აქტიური იყო - ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, შეთქმულების თეორიებს, რომ პანდემიის წარმოშობაში სხვა ქვეყანა, ხშირად კი ამერიკა დაედანაშაულებინათ. ეს პეკინის პროპაგანდისტული კამპანიაა. 

ჩინეთი ოლიმპიადით საკუთარი გზავნილის გასავრცელებლად არც დასავლეთში იშურებს ძალისხმევას და პიარის პროფესიონალებსაც ქირაობს. ნოემბერში ამერიკული გამოცემა Newsweek-ის კონტრიბუტორმა, ვიპინდერ ჯასვალმა ნიუ-იორკში ჩინეთის გენერალურ საკონსულოსთან $300 000-იან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რათა აშშ-ში პეკინის ზამთრის ოლიმპიადისა და პარაოლიმპიური თამაშების ხელშემწყობი კამპანია ჩაეტარებინა. სოციალური ქსელებში, როგორიცაა TikTok-ი, Instagram-ი, გავლენიან პირებს ნოემბრიდან მარტამდე 3-5 პროდუქტი უნდა შეექმნათ. კონტრაქტის მიხედვით, მასალის 70% კულტურაზე, ისტორიაზე, თანამედროვე ცხოვრებაზე უნდა ყოფილიყო, დამატებით 20% "თანამშრომლობასა და ნებისმიერ კარგ რამეზე ჩინეთი-აშშ-ს ურთიერთობებში", მათ შორის, მაღალი დონის ორმხრივ გაცვლებსა და დადებით შედეგებზე, დანარჩენი 10% გენერალური საკონსულოს ახალი ამბების რეკლამას უნდა დათმობოდა. 

შესაძლებელია, ამ ოლიმპიურ თამაშებს საკმარისად დიდი საერთაშორისო გავლენა არც ჰქონდეს. ზოგჯერ ზაფხულთან შედარებით ზამთრის ოლიმპიური თამაშები მონაწილე ქვეყნების სიმცირის გამო დიდ ყურადღებას არ იქცევს. ამასთან ერთად, კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვების ფონზე, თამაშებზე დასწრება შეზღუდულია. ყველაფრის მიუხედავად, ჩინეთი მაქსიმალურად ცდილობს პეკინის ოლიმპიადა საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენად წარმოაჩინოს და მთელი ყურადღება მიიპყროს. ანონიმურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს, რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის ეთხოვა უკრაინაში არ შეჭრილიყო თამაშების დროს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის აზრით, სი ძინფინგს არ მოეწონება, თუ პუტინი უკრაინაში შეჭრას ზამთრის ოლიმპიადის დროს გადაწყვეტს. მართალია, 2008 წელს რუსეთი საქართველოში პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიჭრა, თუმცა მაშინდელი ვითარება დღევანდელისგან განსხვავდებოდა. პირველ რიგში, დასავლეთი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა რუსეთს, რადგან პუტინის ამბიციებისგან მომდინარე საფრთხე სათანადოდ გააზრებული ჯერ კიდევ არ იყო. ამასთან ერთად, ბოლო წლებში რუსეთი და ჩინეთი ძალიან დაახლოვდნენ. მართალია, გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის გამორიცხული მათი ექსპანსიური მიზნები ერთმანეთს დაეჯახოს, თუმცა დღეს ორი დიდი ავტორიტარიზმის პრობლემა დასავლეთია და ამ მიზეზის გამო ერთიანდებიან, შესაბამისად, ერთმანეთის ინტერესებს პატივს სცემენ. თუ პუტინს უკრაინაში შეჭრა უკვე განზრახული აქვს, მოსალოდნელია, რომ ამას პეკინის ზამთრის ოლიმპიადას არ დაამთხვევს.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადის "წარმატებულ მასპინძლობაზე" სი ძინფინგს ნათქვამი აქვს, რომ ეს ჩინეთს დაეხმარება, წარმოჩინდეს როგორც დადებითი, აღორძინებული და ღია ერი, რომელიც მზადაა შექმნას "საზოგადოება კაცობრიობის საერთო მომავლით". წლებია, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულია, ამ ფრაზას ჩინეთის ოფიციალური პირები არაერთი განცხადების გაკეთების დროს იყენებენ. როგორც ჩინეთის საკითხზე აშშ-ს მთავრობის ყოფილი სპეციალისტი, ლიზა ტობინი მოკლედ განმარტავს, ფრაზა გამოხატავს პეკინის გრძელვადიან ხედვას საერთაშორისო გარემოს ტრანსფორმაციაზე, რათა ის თავსებადად იქცეს ჩინეთის მმართველობის მოდელთან და მის გლობალურ ლიდერად გამოჩენასთან. ეს ფრაზა საეჭვოდ ჰგავს პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ დევიზს - "ერთად საერთო მომავლისთვის".

აღსანიშნავია, რომ სპორტი ჩინეთის დიპლომატიის მნიშვნელოვანი ნაწილია. რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც ქვეყანა იზოლაციაში იყო, სპორტი საგარეო ურთიერთობებში ერთგვარ ალტერნატიულ ფანჯარას წარმოადგენდა და პეკინს ამის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების საშუალებას აძლევდა. ე.წ. პინგ-პონგის დიპლომატიამ საფუძველი ჩაუყარა ამერიკულ-ჩინური ურთიერთობის დათბობას, ნიქსონის წასვლას ჩინეთში, რასაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ჩინეთის გახსნა მოჰყვა. 

პეკინი პირველი ქალაქია, სადაც ორივე - ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადა და პარაოლიმპიადა იმართება. 2015 წელს ჩინეთისთვის ოლიმპიადის მეორედ ჩატარების უფლების მიცემამ მრავალი უფლებადამცველი ხელახლა შეაშფოთა. 2001 წელს, პირველად, როდესაც პეკინის ეს უფლება მიანიჭეს, თავისუფალ სამყაროში ჩინეთისადმი აღქმა განსხვავდებოდა დღევანდელი აღქმისგან, თუმცა, სახარბიელო ვითარება არც მაშინ ყოფილა.

ტიბეტის მხარდამჭერი ასობით აქტივისტის აქცია პარიზში. მათ ხელი შეუშალეს პეკინის ოლიმპიური ჩირაღდნით მსვლელობას და ჩირაღდნის მატარებლები ორჯერ აიძულეს ჩაექროთ ცეცხლი. 2008 წელი/ Francois Durand/Getty Images

1989 წელს ჩინეთში პროდემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ მოწყობილი მასობრივი ჟლეტის შემდეგ პეკინს 2000 წლის თამაშების მასპინძლობის საშუალება არ მისცეს. 2008 წლის თამაშების  მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად, ჩინეთმა დაპირებები დადო, ერთ-ერთი მათგანი უცხოელ ჟურნალისტებზე შეზღუდვების შემსუბუქება იყო. მასპინძელი ქალაქის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე ვანგ ვეიმ, პეკინის ოლიმპიური საკონკურსო კომიტეტის მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ჩინეთი მზად იყო, შეცვლილიყო:  

"დარწმუნებულები ვართ, რომ ჩინეთში მომავალი თამაშები არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას, არამედ გააძლიერებს ყველა სოციალურ პირობას, მათ შორის განათლებას, ჯანმრთელობას და ადამიანის უფლებებს… ჩვენ მედიას მივცემთ გაშუქების სრულ თავისუფლებას, როდესაც ისინი ჩინეთში ჩავლენ".  

პეკინის ოლიმპიური საკონკურსო კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი, ლიუ ძინგმინი კი  აღნიშნავდა: "პეკინის თამაშების მასპინძლობის მიცემით თქვენ დაეხმარებით ადამიანის უფლებების განვითარებას".

2001 წელს მეტად იყო მოლოდინი, რომ ჩინეთის პოლიტიკური სისტემა ადრე თუ გვიან გაუმჯობესდებოდა და შეიცვლებოდა, ოლიმპიადის ჩატარება კი ამის ერთ-ერთ შანსად აღიქმებოდა. ვარაუდი უსაფუძვლო არ ყოფილა. იყო შემთხვევები, როდესაც ოლიმპიადის ჩატარება ქვეყანას სოციო-პოლიტიკურ ცვლილებებში დახმარებია, მაგალითად, ტოკიოს 1964 წლის თამაშების დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია მსოფლიოს წარუდგა, როგორც მშვიდობიანი მოკავშირე და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა, 1988 წელს სამხრეთ კორეაში ოლიმპიადის ჩატარება ქვეყანას, გარკვეულწილად, დემოკრატიზაციაში დაეხმარა. 

ოლიმპიადის მზადებაზე და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთის მოსალოდნელი მიღების ფონზე 2001 წელს იუან ვენმინი, ჩინეთის სპორტის მინისტრი და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ამბობდა, რომ ეკონომიკური პროგრესი მოიტანდა წინსვლას კულტურაში, ჯანდაცვაში, განათლებაში, სპორტსა და "შესაბამის პროგრესს ადამიანის უფლებების საკითხებში".

სი ძინფინგი (ამჟამად ჩინეთის ერთპიროვნული ლიდერი) 2008 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი, რომელსაც ასევე ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაც ეკავა, სტუმრობს ცინხუანგტაოს ოლიმპიური ფეხბურთის მოედანს. Სი ძინფინგი 2008 წლის პეკინის ზაფხული ოლიმპიური თამაშების მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი/ China Daily

2001 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები იმედოვნებდნენ, რომ თამაშებისთვის მომზადება დააჩქარებდა პეკინის გახსნილობას და დაეხმარებოდა ადამიანის უფლებების საკითხის გაუმჯობესებას.

''ზოგიერთი ადამიანი ამბობს, ადამიანის უფლებების სერიოზული საკითხების გამო, 'ჩვენ ვხურავთ კარს და ვამბობთ არას'. მეორე გზაა, რომ ფსონი ღიაობაზე დადო. ფსონის დადება იმ ფაქტზე, რომ უახლოეს შვიდ წელიწადში ღიაობა, პროგრესი და განვითარება ბევრ სფეროში იქნება ისეთი, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება. ჩვენ ვდებთ ფსონს, რომ შვიდი წლის შემდეგ ბევრ ცვლილებას ვიხილავთ”. - ამბობდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი დირექტორი, ფრანსუა კარარდი.

2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნა/ Ezra Shaw/Getty Images

მართალია, ჩინეთი რეპრესიული და ავტორიტარული მსოფლიოში მზარდი ძალა 2000-ანი წლების დასაწყისშიც იყო, თუმცა არა ისეთი, ყოველ შემთხვევაში, არა ისე თვალსაჩინოდ, როგორც დღეს არის მასობრივი სამეთვალყურეო სისტემებით, გენოციდით თუ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის გამოწვევით. ამრიგად, 2008 წელს მთავრობებს დიპლომატიური ბოიკოტიც არ გამოუცხადებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებები მაშინაც იყო. აშშ-ს პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადას ესწრებოდა. სწორი აღქმა ჰქონდა მაშინ თავისუფალ სამყაროს? დღევანდელი გადმოსახედიდან, მეტად ცხადია, რომ არა. როგორც აღინიშნა, ჩინეთში არც მაშინ არსებობდა გამოხატვის თავისუფლება, მედია თავისუფლება და ჩინეთი მაშინაც ავიწროებდა უმცირესობებს, ტიბეტელებს.

ჩინეთის ჯარისკაცები ეროვნული ოლიმპიური სტადიონის, “ჩიტის ბუდის”, გვერდით. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალი/ Wally Skalij/Los Angeles Times

2001 წელს საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებას ჩინეთში ადამიანის უფლებების საკითხის გამო საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. დალაი ლამას მთავრობა მართალი აღმოჩნდა, როდესაც ამბობდა, რომ გადაწყვეტილება ჩინეთში რეპერისებს მეტად წაახალისებდა.  

"ეს საერთაშორისო მოწონების ბეჭედს დაარტყამს პეკინის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას და ჩინეთს რეპრესიების გაძლიერებისკენ წაახალისებს," - წერდა ინდოეთში მყოფი ცენტრალური ტიბეტის ადმინისტრაცია. 

პეკინის ზაფხულის ოლიმპიადას უკეთესობისკენ ცვლილება არ მოუტანია. მაგალითად, ჩინეთმა ოლიმპიური კომიტეტისთვის მედიათავისუფლებაზე პირობა გატეხა. ევროპარლამენტარების 21 იანვრის განცხადებით, რომლითაც ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ, აპროტესტებენ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან 2008 წელს ტიბეტში მეტწილად მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი დარბევის შესახებ არ ყოფილა დამოუკიდებელი გამოძიების არსობრივი მოწოდება. 

ამასობაში, 2008 წლის შემდეგ ჩინეთის მშპ $4.6 ტრილიონიდან $14.3 ტრილიონამდე (2019 წელი) გაიზარდა. დღეს ჩინეთი მსოფლიოში ეკონომიკური, სამხედრო და ალბათ, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, მეორე ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა. ჩინეთი აშშ-ს შემდეგ პირველი ეკონომიკაა, ამ პერიოდში ჩინეთთან არაერთი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები მეტად გაღრმავდა, ჩინეთმა თავისი სარტყელისა და გზის ინიციატივით არაერთ ქვეყანასთან ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაახლოება მოახერხა. 

ჩინეთის დამკვირვებლებიდან დღეს, ალბათ, არც ისე ბევრს აქვს იმის ილუზია, რომ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ქვეყნის ავტორიტარიზმს შეცვლის ან შეარბილებს. თუ 2008 წელს ჩინეთი მეტად ესწრაფვოდა, მსოფლიოს მოსწონებოდა, რადგან ეს მათ წინსვლას მოუტანდა, ახლა ჩანს, რომ პეკინს ეს ნაკლებად ანაღვლებს და პირიქით, თავისი ძალის, თავისივე დღის წესრიგის "უპირატესობის" წარმატებულად წარმოჩენა უფრო სურს. ბოლო წლებში აშშ-სთან დაპირისპირების გამწვავების ფონზე ჩინეთი მეტად პირდაპირია მის განზრახვებში, შინ ის მეტად რეპრესიული, გარეთ კი აგრესიული გახდა. ეს ქმედებებით, მაღალტექნოლოგიური მასობრივი კონტროლით, სინძიანგის ვითარებით, ჰონგ-კონგის ავტონომიის მოსპობით, აშშ-სთან დაპირისპირებით, ტაივანის აღების განზრახვის მეტად გამოვლენით თუ სხვა არაერთი მაგალითით გამოჩნდა დამათ რიტორიკაშიც აისახება - ჩინელ დიპლომატებს გასაქანი მიეცათ მათი აგრესიული, "მებრძოლი მგლის დიპლომატიის" გამოსავლენად. ყველაფრის მიუხედავად, პეკინში დღეს ოლიმპიური თამაშები ხელახლა მასპინძლობით დააჯილდოვეს.
 

თომას ბახი აანონსებს, რომ პეკინი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თააშებს უმასპინძლებს - ჩინელი სპორტსმენი, იაო მინგი, აღნიშნავს. წყარო: Reuters/Edgar Su

2022 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე 2015 წელს გამართულ კონკურსს რამდენიმე ევროპული ქალაქი გამოეთიშა. თამაშების მასპინძლობა სულ უფრო ძვირი ჯდებოდა (მით უმეტეს, სოჭის ოლიმპიადის $51 მილიონიანი ღირებულების შემდეგ). ბოლოს, სამი ქალაქი დარჩა - პეკინი, ალმათი და ოსლო. როგორც იმ დროს წერდნენ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ნორვეგიას ისეთი მოთხოვნები წარუდგინა, რომ ქვეყანას თამაშების მასპინძლობა გადააფიქრებინა. მაშინ უკვე ვარაუდობდნენ, რომ პეკინი მასპინძლობის უფლებას მოიპოვებდა, რადგან ოლიმპიურ კომიტეტს აშფოთებდა, რომ ალმათს ღონისძიებების გამართვაში გამოცდილება აკლდა და ასევე,  გასათვალისწინებელი იყო ყაზახეთში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. 

ოლიმპიური თამაშების მსგავსი საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებისთვის იდეალური ადგილი არც ყაზახეთი ყოფილა. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ პეკინისგან განსხვავებით ალმათში ზამთარში დიდი თოვლი მოდის, პეკინი ზამთრის სპორტისთვის შესაფერი ქალაქი ბუნებრივად არ იყო. ყაზახეთის სლოგანი იყო "რეალობის შენარჩუნება". ეს პრობლემა ჩინეთმა ხელოვნური თოვლის შეთავაზებით გადაჭრა.

2015 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის პეკინში მასპინძლობას. პეკინმა ხმები მცირე სხვაობით (44-40) მოიპოვა. ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გადაწყვეტილება მაშინვე გააპროტესტეს და თქვეს, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა ჩინეთში 2008 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა.

უსაფრთხოება

ჩინეთის სამართალდამცავი პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის თილისმის “მხიარული პანდის” ფონზე. წყარო: Reuters/Thomas Peter

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში 2022 წელს ოლიმპიადის გამართვა უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული. იქ ჩასულ ოფიციალურ პირებს, სპორტსმენებს, ჟურნალისტებს და სხვა პირებს ჩინეთის ხელისუფლება გააკონტროლებს და მათ მიერ პოლიტიკური აზრის გამოხატვას, შესაძლოა, სასჯელი მოჰყვეს. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდების 50-ე წესი კრძალავს "დემონსტრაციას ან პოლიტიკურ, რელიგიურ ან რასობრივ პროპაგანდას" ოლიმპიურ ადგილებში. 2021 წელს ამ წესის შემსუბუქება სცადეს. სპორტსმენებს შეუძლიათ აზრის გამოხატვა შეჯიბრის დაწყებამდე, ასევე, სპორტსმენის ან გუნდის წარდგენისას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ოლიმპიურ პრინციპებს - არ უნდა იყოს მიზანმიმართული "ხალხების, ქვეყნების, ორგანიზაციების ან მათი ღირსების" წინააღმდეგ და არ უნდა იყოს რაიმეს "დამრღვევი" ქცევა, მაგალითად, სხვა გუნდის წარდგენისას ან სხვა გუნდის ჰიმნის მიმდინარეობისას ხელის შეშლა, ბანერის გაშლა. თუმცა, კონკრეტულად რა შეიძლება და არ შეიძლება იყოს დარღვევა, ამაზე ბევრი არ წერია და, შესაძლოა, მრავალგვარი ინტერპრეტაცია ჰქონდეს. 

18 იანვარს პეკინის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა, იანგ შუმ თქვა რომ "ნებისმიერი ქცევა ან სიტყვა, რომელიც ოლიმპიური სულის წინააღმდეგ არის, განსაკუთრებით კი ჩინური კანონებისა და რეგულაციების წინააღმდეგ, გარკვეულ სასჯელს ექვემდებარება". 

ის, რომ ჩინეთი ოლიმპიადის დროს განსაკუთრებით, მაქსიმალურად ზღუდავს ნებისმიერ პროტესტს, ახალი ამბავი არაა. ჯერ კიდევ 2008 წელს ჩინეთმა ამერიკელ ყოფილ ოლიმპიურ მოციგურავეს, ჯოი ჩიკს ვიზა პეკინში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გაუუქმა. ჩიკი სუდანში, დარფურის რეგიონში ადამიანის უფლებებს საკითხს აპროტესტებდა  და სურდა, საერთაშორისო საზოგადოებასა და ჩინეთს დაერწმუნებინა სუდანი, რომ ოლიმპიადის დროს სამშვიდობო ზავი დაედო, რაც სათავეს ანტიკური საბერძნეთის თამაშების დროს იღებს. ჩინეთი კი სუდანის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო, პეკინი ასევე აპროტესტებდა სუდანის მაშინდელი პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის, წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს. ჩიკმა ისიც თქვა, რომ გაბრაზებული იყო ჩინეთის მიერ იმ სპორტსმენებისადმი მოპყრობით რომლებიც ამ იდეას მხარს უჭერდნენ.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ოლიმპიადის დროს ჩინეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნისთვის იდეალურია, რადგან უცხოეთიდან ჩამსვლელ სპორტსმენებსა თუ სხვა პირებს შესაძლო პროტესტის გამოხატვის უფლება კიდევ უფრო მეტად შეზღუდული აქვთ. 

ჩინეთში კონტროლის მექანიზმები ხელისუფლების მიერ ადამიანების ონლაინ აქტივობების კონტროლს, საუბრის მოსმენასა და პირადი მონაცემების მოპოვებას მოიცავს. უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვის მიზნით არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა, პეკინში წამსვლელ სპორტსმენებს და დანარჩენ პერსონალს მოუწოდეს, რომ თავიანთი მობილური ტელეფონები და ლეპტოპები შინ დაეტოვებინათ ან დროებითი ტექნიკის გამოყენება შესთავაზეს (მაგალითად, ისეთი მობილურის, რაც ე.წ. სმარტფონი არ არის). 

18 იანვარს ორგანიზაციამ Citizen Lab აღმოაჩინა, რომ აპლიკაცია MY2022, რომლის დაყენებაც ყველა დამსწრისათვის აუცილებელია, არ იყო უსაფრთხო პერსონალური ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით. აპლიკაცია აგროვებს სენსიტიურ სამედიცინო ინფორმაციას, თუმცა გაურკვეველია, ვის ან რომელ ორგანიზაციას თუ ორგანიზაციებს უზიარებს. აპლიკაციას ასევე აქვს ფუნქცია, რომლითაც მომხმარებლებს შეუძლიათ, კომპანიას "პოლიტიკურად სენსიტიური" შინაარსის შემცველ ინფორმაციაზე აცნობონ. MY2022 ასევე მოიცავს ცენზურირებული სიტყვების სიას, რომელიც, ანგარიშის მიხედვით, იმჟამად არ იყო გააქტიურებული, მაგალითად, "სინძინაგი", "ტიბეტი", "სი ძინფინგი", "დალაი ლამა", "ჩინეთის კომუნისტური პარტია ბოროტია", ასევე ჩინური სამთავრობო სააგენტოების დასახელებები და სხვა. აღსანიშნავია, რომ Freedom House-ის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, მეშვიდე წელია, რაც ჩინეთის მთავრობა მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების ყველაზე უარესი დამრღვევია.

ფოტო აპლიკაციიდან. წყარო

ჩინეთში ოლიმპიადის გასაშუქებლად წასულ ჟურნალისტებსაც სიფრთხილე მართებთ. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსით, ჩინეთი თითქმის ფსკერზეა (180 ქვეყნიდან 177-ე ადგილი). ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის თანახმად, მესამე წელია, ჩინეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული. თამაშების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ჩინეთში უცხოელ კორესპონდენტთა კლუბმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც უცხოელი ჟურნალისტები ფიზიკური შეურაცხყოფის, ჰაკერული თავდასხმებისა და ვიზაზე უარის თქმის საშიშროების წინაშე არიან.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა სპეციალურად მომზადებული უსაფრთხოების კონსულტაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლითაც დაჟინებით მოუწოდა ჟურნალისტებს, წაეღოთ გასუფთავებული პირადი მოწყობილობა, გაეხსნათ ახალი მეილის ანგარიშები, სცოდნოდათ და დაეშვათ, რომ სასტუმრო ოთახებს მოუსმენდნენ, მათ ყველა ონლაინ აქტივობას გააკონტროლებდნენ, თავი შეეკავებინათ ისეთი ჩინური აპლიკაციების ჩაწერისგან, როგორიცაა, მაგალითად, WeChat, რადგან აპლიკაციით სახელმწიფოს უამრავი ინფორმაციის შეგროვება შეუძლია. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ არალიცენზირებული VPN-ის მოხმარება, შესაძლოა, ჩინეთის ოფიციალურ პირებს მათ წინააღდეგ გამოეყენებინათ, თუ დასჯისთვის მიზეზის მოძებნა მოესურვებოდათ. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი კონტროლი სპორტსმენებსა და სხვა წარმომადგენლებზეც ვრცელდება. 

2021 წლის ნოემბერში ჩინეთში უცხოელ კორესპონდენტთა კლუბმა გამოაქვეყნა განცხადება ოლიმპიური თამაშების გაშუქებასთან დაკავშირებით, რომელშიც წერდნენ, რომ გასული წლის განმავლობაში უცხოელ ჟურნალისტებს განუწყვეტლივ აფერხებდნენ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მომზადების გაშუქების დროს, უარს ეუბნებოდნენ რუტინულ ღონისძიებებზე დასწრებაზე და ხელს უშლიდნენ ჩინეთში სპორტული ობიექტების მონახულებაში.

ჩინეთში კონტროლის ძირითადი მიზანი ჩინეთის იმიჯის დაცვაა, საერთაშორისოდ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა შინ, რათა რაიმე გაუთვალისწინებელი პროტესტით თუ აზრის გამოხატვით კომუნისტური პარტიის რეჟიმს საზოგადოების თვალში ჩრდილი არ მიადგეს.

პოლიტიკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საქმე არ არის? 

სი ძინფინგი და თომას ბახი. წყარო: IOC/Christophe Moratal

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ირწმუნება, რომ ოლიმპიური თამაშები რასიზმის წინააღმდეგ და ინკლუზიურობის მხარდასაჭერად ძლიერი გლობალური დემონსტრაციაა:  

"ამ ოლიმპიურ წესდებაში გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, როგორიცაა რასა, ფერი, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვა აზრი, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობა, საკუთრება, დაბადების ან სხვა სტატუსი".  

დამატებით, საერთაშორისო პოლიტიკური კომიტეტი აცხადებს, რომ მზადაა გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და პატივისცემა თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში საქმიანობის სამ სფეროში - როგორც ორგანიზაცია, როგორც ოლიმპიური თამაშების მფლობელი და როგორც ოლიმპიური მოძრაობის ლიდერი. ჩინეთში მიმდინარე მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გენოციდზე და ადამიანის უფლებების სასტიკ დარღვევაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დუმილი მის ოფიციალურ პოზიციასთან უთანხმოებაშია. 

"ჩვენ მათ დრო უნდა მივცეთ და მანამ, სანამ ისინი სწორი მიმართულებით მიდიან, მოთმინება უნდა გვმართებდეს”. - თქვა ოლიმპიური კომიტეტის წევრმა შვეიცარიიდან, დენის ოსვალდმა 2008 წელს, ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე და შესაძლო დემოკრატიზაციაზე საუბრისას, რომლისკენ მიმავალი გზა, მისი აზრით, ხანგრძლივი იქნებოდა. 

თუ 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის დროს ჩინეთში შესაძლო დადებით ცვლილებებზე საუბრობდნენ, შესაბამისად, აპოლიტიკურები არ იყვნენ, ახლა ჩინეთთან დაკავშირებულ პრობლემურ თემებზე კითხვის პასუხად პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს იშველიებენ.

მაგალითად, თომას ბახი ამბობს, რომ ოლიმპიური თამაშები პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, თუმცა, მაგალითად, იგივე ბახი ოთხი წლის წინ აქტიურად ახალისებდა ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის სამშვიდობო ძალისხმევას.

"ჩვენ არ ვართ მსოფლიო მთავრობა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ქვეყნების სუვერენიტეტს, რომლებიც მასპინძლობენ თამაშებს”. - უპასუხა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტმა, ჯონ კოუტსიმ ჩინეთში უიღურებისადმი მოპყრობაზე დასმულ შეკითხვას.

უფლებადამცველების დიდხნიანი მოთხოვნის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წელს დააანონსა, რომ ოლიმპიადის მასპინძელმა ქალაქებმა პატივი უნდა სცენ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ. თუმცა, ეს ცვლილება პეკინს არ ეხება და 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ამოქმედდება.

ადამიანის უფლებადაცვითი და არასამთავრობო 243 ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ჩინეთში სათანადოდ დოკუმენტირებული ძალადობის მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს არ შეუსრულებია თავისი მოვალეობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად ადამიანის უფლებების კომპლექსური ანალიზით". ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს კონტრაქტი აქვს გაფორმებული ქსოვილების ჩინურ კომპანიასთან, რომელიც აფილირებულ ქარხანას ფლობს სინძიანგში და ღიად აქვეყნებს რეკლამას სინძიანგის ბამბის გამოყენებაზე.

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყების წინა დღეს თომას ბახმა თქვა, რომ ორი წლის განმავლობაში სპორტის მზარდი პოლიტიზების ბნელი ღრუბლები უნახავს - "ასევე გვინახავს, რომ ზოგიერთი ადამიანის გონებაში ბოიკოტის წარსული მოჩვენებები კვლავ წევდა თავიანთ მახინჯ თავებს". თამაშების დაწყების წინა დღეს, როდესაც პეკინში თამაშების გამართვას წინ აღარაფერი აღუდგებოდა, მსგავსი განცხადება, ალბათ, საუკეთესოდ გამოხატავს მის, როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უფროსის დამოკიდებულებას ჩინეთში ადამიანის უფლებებზე. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სულ ასეთი არ ყოფილა. მაგალითად, 1964 წელს სამხრეთ აფრიკის ოლიმპიური და ეროვნული თამაშების ასოციაციას ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობისგან აუკრძალა იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია სამხრეთ აფრიკაში აპართეიდს არ ეწინააღმდეგებოდა. დღეს, როგორც ჩანს, კომიტეტისთვის ჩინეთი განსაკუთრებული შემთხვევაა და საბაზისო უფლებებზე ხმის ამაღლება გეგმების ჩაშლად თუ ფინანსურ ზარალად არ უღირს. 

სპონსორები

ილუსტრაცია. წყარო: Getty Images/Morning Consult/Monique Zarbaf

პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დაშვების თანამონაწილეა თამაშების სპონსორი კომპანიები, რომლებსაც, უნდათ თუ არ უნდათ, თავიანთი სიჩუმით ადამიანის უფლებების დარღვევაში წვლილი შეაქვთ. თავისუფალ გარემოში მათ სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე ხმის ამოღება შეუძლიათ, ხოლო ავტორიტარული ჩინეთის შემთხვევაში ეს აზრადაც არ მოსდით. მნიშვნელოვანი სპონსორების დიდი ნაწილი ცნობილი დასავლური კომპანიებია. 

უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ოლიმპიური თამაშების ისეთ წამყვან სპონსორებს, როგორიცაა Airbnb, Coca-Cola, Intel, Panasonic, Visa, Samsung, Toyota და სხვა კომპანიებს აზრიანი საჯარო პასუხები არ გაუციათ, მათი სპონსორობა შესაძლოა თუა არა ქმნიდეს ან ხელს უწყობდეს ადამიანის უფლებების დარღვევას, ან აკეთებდნენ რაიმეს ამ დარღვევების შესამსუბუქებლად.

ებრაული ჯგუფის 'აღარასდროს ახლა' წევრების პროტესტი ფინანსური სერვისების კომპანიის Allianz-ის სათავო ოფისთან. 21 იანვარი, ბერლინი. წყარო: JTA-Tibet Initiative Germany

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ამერიკული სპონსორები 2021 წლის ივლისში ამერიკის კონგრესში ორპარტიულ პანელზე გააკრიტიკეს. მათ შორის იყო Coca-Cola, Visa, Airbnb. სპონსორები დაადანაშაულეს, რომ ისინი ჩინეთში გენოციდის ბრალდებებზე წინ მოგებას აყენებდნენ. 

როდესაც აშშ-ს მთავრობის შეფასებასა და ჩინეთის მიერ უიღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობის მიმართ ჩადენილ გენოციდზე ჰკითხეს, მხოლოდ ამერიკული ჩიპების მწარმოებელი კომპანიის, Intel-ის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, სტივ როჯერსმა თქვა, რომ ამ დასკვნის სჯეროდა. 

აღსანიშნავია, რომ Intel-ის ეს პოზიცია მოკლევადიანი აღმოჩნდა. Intel-მა წერილში მომწოდებლებს მოუწოდა, რომ სინძიანგი მათი პროდუქტის თუ სამუშაო ხელის წყარო არ ყოფილიყო, ამას კი ჩინეთის სახელმწიფო მედიიდან და სოციალური ქსელიდან ბოიკოტისადმი მოწოდებები მოჰყვა. მოგვიანებით, ჩინურ სოციალურ ქსელებში Intel-მა ბოდიში მუხადა ჩინელ მომხმარებელს და განაცხადა, რომ სიძინაგიდან მიწოდების თავიდან არიდება აშშ-ს კანონთან შესაბამისობის გამოხატულება იყო და არა ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა. Intel-ის შემოსავლის 26% ჩინეთიდან მოდის. 

ნიშანდობლივია Coca-Cola-ს შემთხვევაც. კომპანიას ოფიციალური განცხადებით "იმედგაცრუებული" პოზიციის გამოხატვა აშშ-ს ჯორჯიის შტატის ახალ საარჩევნო კანონზე შეუძლია, მაგრამ ოლიმპიური თამაშების სხვა ადგილას გადატანაზე ამბობს, რომ კომპანია არ იღებს გადაწყვეტილებას და ის სპორტსმენებს ყველგან გაჰყვებოდა, ჩინეთის მთავრობის ქმედებების დაგმობა არ შეუძლია და ჩინეთის უხსენებლად ზოგადი პასუხით შემოიფარგლება, რომ "ყველა ადამიანის უფლებებს" პატივს სცემს.

აქტივისტი Allianz-ის ოფისთან. წყარო: Time/Christophe Gateau—picture alliance/Getty Images

აღსანიშნავია, რომ არაერთი ცნობილი კომპანია, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის პარტნიორი იყო, ასევე არის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის პარტნიორი, თუმცა BBC წერს, რომ თუ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადას კომპანიები აქტიურ რეკლამას უკეთებდნენ, იგივე არ ხდება პეკინის ოლიმპიადის შემთხვევაში - მიზეზი დიპლომატიური ბოიკოტია. 

The Associated Press დაუკავშირდა ოლიმპიური თამაშების მნიშვნელოვან სპონსორებს, თუმცა, მათგან, მეტწილად, პასუხი არ მიუღიათ ან უთხრეს, რომ ისინი სპორტსმენებზე იყვნენ კონცენტრირებულები. სპონსორებთან დაკავშირებულმა ერთ-ერთმა პირმა ანონიმურად თქვა, რომ ზოგადი განწყობა იყო ის, რომ პეკინის ხსენებისგან თავი შეეკავებინათ, განსაკუთრებით კი ისეთ კომპანიებს, რომელთა ფოკუსიც ჩინეთის ბაზრის გარეთ იყო. 

კომპანიები შიშობენ, რომ პეკინისთვის მტკივნეულ თემებზე ლაპარაკით ჩინური სანქციები შეეხებათ. უახლეს წარსულში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დასავლური კომპანიების მიერ სინძიანგში იძულებით შრომაზე გამოხატულ შეშფოთებაზე და საპასუხო ნაბიჯებზე ჩინელ მომხმარებელს მათი პროდუქციისადმი ბოიკოტი გამოუცხადებია. ასეთი ცნობილი კომპანიებია Nike, Burberry, H&M და სხვა. ისეთ დროს, როდესაც მსხვილმასშტაბიანი საერთაშორისო ღონისძიება ჩინეთში იმართება კომპანიები არჩევანის წინაშე დგებიან - ან ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ და შედეგად ჩინეთმა მათთან ურთიერთობა გაამწვავოს, ან ჩუმად იყვნენ. მეორე მხრივ, ხმის არამოღებითაც არ ჩაივლის ყველაფერი ჩუმად, ნათელია, რომ სიჩუმე ჩინეთის არგაღიზიანებით აიხსნება. ამიტომ, ამ შემთხვევაში დასავლეთში რეპუტაციულ ზიანსა და კრიტიკას უნდა შეეგუონონ. 29-31 იანვარს New Morning Consult-ის ჩატარებული გამოკითხვით, აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 58% მხარს დაუჭერდა იმ კომპანიებს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშებოდნენ ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ფონზე.

ბერლინი 1936-ის პარალელი


1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დამსწრენი ადოლფ ჰიტლერს ესალმებიან. Წყარო: Courtesy of National Archives and Records Administration, College Park, MD
​​​​​​

2022 წელს ზამთრის ოლიმპიადის ჩინეთში გამართვას კრიტიკოსები ხშირად ადარებენ 1936 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ თამაშების მასპინძლობას. ამ პარალელს საფუძველი აქვს. 

1931 წელს, მას შემდეგ, რაც გერმანიამ პირველი მსოფლიო ომი წააგო და 2 წლით ადრე ადოლფ ჰიტლერის კანცლერობამდე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქვეყანას თამაშების ჩატარების უფლება მიანიჭა. ეს ერთგვარ ნიშნადაც აღიქმებოდა, რომ პირველი მსოფლიო ომში მარცხის შემდეგ გერმანიას კვლავ უხმობდნენ საერთაშორისო საზოგადოებაში. ნაცისტების მოსვლის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, აშშ-ს ოფიციალური პირები ქვეყანაში ებრაელებისა და სხვა უმცირესობის ჯგუფების მოპყრობას აპროტესტებდნენ, განსაკუთრებით, სპორტში. აღსანიშნავია ისიც, რომ 1935 წელს უკვე არსებობდა ნაცისტური რეჟიმის მიერ შემოღებული ნიურნბერგის კანონები, რითაც გერმანელ ებრაელებს მოქალაქეობას ართმევდნენ და მხოლოდ "გერმანული ან ნათესაური სისხლის" მქონე ადამიანებს შეეძლოთ გერმანიის მოქალაქეები ყოფილიყვნენ.

1936 წელს ბოიკოტისადმი მოწოდებებით გამოდიოდნენ გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, შვედეთში, ნიდერლანდებში, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში. ბოკოტის გამოცხადება-არგამოცხადების საკითხს განსაკუთრებით აქტიურად განიხილავდნენ აშშ-ში. 1936 წელს ამერიკელი აქტივისტები, პოლიტიკოსები, უფლებადაცვითი ორგანიზაციები და სხვადასხვა წარმომადგენლები ვაშინგტონს "ნაცისტური ოლიმპიადის" ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ ანტისემიტური, რასისტული პოლიტიკის გამო. ნაცისტები ებრაელებს სპორტიდან დევნიდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამერიკის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ეივერი ბრანდეჯი ეჭვების გასაქარწყლებლად ბერლინში მიიწვიეს და შესაბამისად დახვდნენ, ბრანდეჯმა თქვა, რომ ებრაელ სპორტსმენებს სამართლიანად ექცეოდნენ და ის აქტიურად ემხრობოდა 1936 წლის ოლიმპიადაზე აშშ-ს გუნდის წასვლას. "ოლიმპიური თამაშები ეკუთვნის სპორტსმენებს და არა პოლიტიკოსებს” -  ამბობდა ის. აშშ-ს სამოყვარულო სპორტსმენების კავშირის პრეზიდენტი, ჯერემანია მაჰონი კი მიიჩნევდა, რომ გერმანია არღვევდა ოლიმპიურ წესდებას ებრაელი და სხვა უმცირესობის წარმომადგენელი სპორტსმენებისთვის თანაბარი ვარჯიშისა და შეჯიბრების შესაძლებლობის უარყოფით. ამერიკელების 43% ბოიკოტს მხარს უჭერდა.

ნიუ-იორკში გამვლელი კითხულობს ინფორმაციას საჯარო შეხვედრაზე, სადაც 1936 წლის ბოიკოტის საკითხი უნდა განეხილათ. Წყარო: National Archives and Records Administration, College Park, MD

1935 წლის ნოემბერში ბრიტანეთის ელჩი ბერლინში საგარეო ოფისს სწერდა, რომ ჰიტლერი ძალიან დაინტერესებული იყო ოლიმპიური თამაშებით:  

"რეალურად, ის იწყებს პოლიტიკური საკითხების განხილვას იმ კუთხით, თუ რა გავლენა ექნება ამას თამაშებზე… გერმანიის მთავრობა უბრალოდ შეშინებულია, რომ ებრაელთა ზეწოლამ, შესაძლოა, აიძულოს შეერთებული შტატების მთავრობა უკან დახიოს თავისი გუნდი და გაანადგუროს ფესტივალი…"

აშშ-ს ჰოლოკოსტის მემორიალის მუზეუმი წერს, რომ 1936 წელს პროპაგანდის სამინისტროს განკარგულებით დროებით შეამცირეს ანტისემიტური რიტორიკა, რითაც იმედოვნებდნენ, რომ ოლიმპიური თამაშების დროს ჩასულ სტუმრებსა თუ ჟურნალისტებს ეჭვებს გაუფანტავდნენ. ებრაული ტელეგრაფიული სააგენტო 1936 წელს წერდა:  

"უკანასკნელი წითლად შეღებილი აბრები, რომლებზეც ეწერა, რომ “ებრაელები ჩვენი უბედურებაა - ვინც ებრაელებისგან ყიდულობს, მოღალატეა” დღეს აიღეს ბერლინის ყველა საჯარო ადგილიდან".  

გამოცემა აღნიშნავდა, რომ აბრების აღება ანტისემიტიზმის ყველა გარეგნული გამოვლინების აღმოსაფხვრელად ზაფხულისთვის ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადების ნაწილი იყო. 

აშშ-ს ჰოლოკოსტის მუზეუმის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბოიკოტის მოძრაობა წარუმატებელი აღმოჩნდა, გერმანიას პროპაგანდისტული გადატრიალება ჰქონდა და 49 ერმა, რომელმაც თამაშებზე გუნდები გაგზავნა, ჰიტლერის რეჟიმს ლეგიტიმაცია მისცა, როგორც მსოფლიოს, ისე გერმანელი აუდიტორიის თვალში.

ბერლინის ოლიმპიურმა თამაშებმა ნაცისტური გერმანია მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია და მისი საერთაშორისო სტატუსიც აამაღლა. ამერიკის ჰოლოკოსტის მუზეუმის თანახმად, "რეჟიმმა ექსპლუატაცია გაუწია თამაშებს, რათა შთაბეჭდილება მოეხდინა მრავალ უცხოელ დამკვირვებელსა და ჟურნალისტზე მშვიდობიანი და ტოლერანტული გერმანიის სურათის" წარმოჩენით. ჰიტლერის რეჟისორმა, ლენი რიფენშტალმა თამაშებზე პროპაგანდისტული ფილმიც გადაიღო, რომელიც Time-ის  ყველა დროს 100 საუკეთესო ფილმში შევიდა. 1936 წლის 16 აგვისტოს ცნობილ ამერიკულ გაზეთში The New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ოლიმპიადა სიამაყის ნათებას ტოვებს რაიხში - როგორც ჩანს, თავად გერმანელებმა გაკვეთილები გულთან მიიტანეს და სტუმრები კარგ შთაბეჭდილებას იღებენ".

ადოლფ ჰიტლერი ბრანდენბურგის კარიბჭის გავლით 1936 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისკენ მიემართება. ბერლინი. Წყარო: IMAGO/United Archives International

"თამაშების უდიდესი გამარჯვებული იყო ადოლფ ჰიტლერი… გერმანიაში ჩასულმა სტუმრებმა შეძლეს დაენახათ, რომ ეს ადამიანი [ადოლფ ჰიტლერი] არ იყო ის ურჩხული, როგორც მათი გაზეთები აღწერდნენ…" - წერს ბრიტანელი ისტორიკოსი, გაი უოლტერსი წიგნში "ბერლინის თამაშები".

დღესაც, 1936 წლის მსგავსად, კომუნისტური ჩინეთი იყენებს ოლიმპიურ თამაშებს საერთაშორისოდ თავისი რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის, იმის წარმოჩენით, რომ ქვეყანა მსგავსი ავტორიტარული რეჟიმით საერთაშორისო საზოგადოებაში უპრობლემოდ მიღებული უნდა იყოს. დღესაც, ოლიმპიური თამაშები იმართება იმის ფონზე, რომ ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ რეპრესია და გენოციდი მიმდინარეობს. პროტესტისა თუ დიპლომატიური ბოიკოტის მიუხედავად, სრული ბოიკოტი დღესაც, 1936 წლის მსგავსად, ჩავარდა.

საქართველოს პოზიციაზე

იმ თვალსაზრისით, თუ რა ბუნების ქვეყანაში, რა პირობებში ტარდება 2022 წლის ოლიმპიური თამაშები, ის ისტორიული იქნება - არა კარგი გაგებით. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში 2022 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ქვეყნის საერთაშორისო პოზიციის მისახვედრად საკმარისია, გავიხსენოთ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა. 2014 წელს საქართველომ ოკუპანტ ქვეყანაში, რუსეთში, ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ბოიკოტი არ გამოუცხადა. დამატებით, იმავე ქვეყანამ ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების მისია მიანიჭა რუს მფრინავს, ივან ნეჩაევს, რომელსაც 2008 წელს აგვისტოს ომის დროს საქართველოს დაბომბვისთვის გმირის წოდება მიანიჭეს. 

მაშინ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი მთავრობას მიმართავდა, რომ უარი ეთქვა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, თუმცა მთავრობა მრავალგვარად ცდილობდა მონაწილეობის სურვილის გამართლებას, იქნებოდა ეს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ სოჭის ოლიმპიადაში არმონაწილეობის შემთხვევაში საქართველო მარტო დარჩებოდა თუ ზურაბ აბაშიძის გამართლების მცდელობა, რომ თითქოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით, გარკვეულწილად, "ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებსაც ემსახურებოდნენ". 

"ჩვენ უნდა დავასრულოთ ცხოვრება იმპულსებით... ვიტყვით უარს და მერე რა? იმის იქეთ რა? აი, როგორმე უარი ვთქვათ - ახლა ამით ვაშინებთ მთელს მსოფლიოს. ჩვენ ერთნი რომ ვიქნებით მარტო, როგორ მოგეწონებათ?" ამბობდა მაშინ ბიძინა ივანიშვილი. 2013 წელს, როდესაც მას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა ოფიციალურად ეკავა, ის არც სოჭის ოლიმპიადაზე წასვლას გამორიცხავდა. იგივე ივანიშვილი ამბობდა, რომ რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რასაც თავად "მავთულხლართების საქმეს" უწოდებდა, სოჭის ოლიმპიადას უკავშირდებოდა. "რუსეთი ცდილობს, ოლიმპიადა როგორმე მშვიდ გარემოში ჩაატაროს და ჩვენც ყველანაირად შევუწყობთ ხელს”. -  ამბობდა მაშინ ივანიშვილი. 

იმ პერიოდში, რუსეთს საერთაშორისოდ ხშირად აკრიტიკებდნენ ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, რის გამოც არაერთი ოფიციალური პირი სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრო. საქართველოს მთავრობის უმოქმედობის გამო სოჭის ოლიმპიადის თემაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ეთნიკური წმენდა საერთაშორისოდ დღის წესრიგში არ ყოფილა. საშინაო პროტესტის თუ დასავლური ქვეყნების ხისტი პოზიციის ფონზე, საბოლოოდ, იმჟამად პირველად დანიშნულმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრებოდა, თუმცა, სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები სოჭში წავიდოდნენ. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭში არ მიემგზავრებოდნენ, გაემგზავრა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი, რომელიც იმავდროულად საქართველოს პარლამენტის წევრი და სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეც იყო. სოჭში ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის იმჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტები, ლეონიდ თიბილოვი და ალექსანდრე ანქვაბი სამთავრობო ლოჟაში ისხდნენ, რაზეც ქართულმა ოცნების მთავრობის პასუხი თავის ქვიშაში კიდევ ერთხელ ჩარგვა იყო. პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკი, ამჟამად, პარტია ევროპული საქართველოს წევრი, წერდა, რომ საქართველოს მთავრობას "არ გაუკეთებია არაფერი, რათა ოლიმპიადის მიმართ არსებული ყურადღება გამოყენებულიყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო აქტუალიზაციისათვის".

ლეონიდ თიბილოვი და ალექსანდრე ანქვაბი სოჭის ოლიმპიადაზე სამთავრობო ლოჟაში. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი/ტაბულა

ამრიგად, გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ პეკინის ოლიმპიადაზე სწორ პოზიციას დაიჭერდა იმ ქვეყნის მთავრობა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანას ბოიკოტს არ უცხადებს, საერთაშორისო საზოგადოებას არ ახსენებს რუსეთის მიერ მისადმი ჩადენილ დანაშაულებს, საპირისპიროდ კი მისი შოუს ნაწილი ხდება. ამასთან ერთად, თუ მაშინ ქართული ოცნება ჯერ კიდევ ცდილობდა, ჰქონოდა დასავლეთის პარტნიორი ქვეყნის იმიჯი, მოგვიანებით მეტად ნათლად გამოჩნდა, რომ ის ძალიან შორის არის დასავლეთისგან. 

ჩინეთის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას ამყარებს საქართველოს მთავრობის დადებითი ურთიერთობები ჩინეთის მთავრობასთან, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა სფეროებში ქართულ-ჩინური გაღრმავებული თანამშრომლობა. 

ცხადია, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში შეუძლებელია საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე იმ ქვეყნების გვერდით იყოს, რომლებიც ჩინეთში ადამიანის უფლებების სასტიკ დარღვევაზე შეშფოთებას გამოთქვამენ და გამოძიების მოწოდებით გამოდიან. 

ჩინეთი საქართველოს მესამე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, საქართველოს ოფიციალურ პირებს საჯაროდ შეუქიათ ჩინეთის პოლიტიკა, ქართული მხარე ხშირად ხაზს უსვამს ჩინეთის სარტყელისა და გზის ინიციატივაში მონაწილეობის მნიშვნელობას და გამოხატავს სურვილს საქართველოს როლის სულ უფრო გაზრდასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ ამბობს, რომ ჩინეთი სარტყელისა და გზის ინიციატივას იყენებს “ჩინური კომპანიებისთვის უცხოური ბაზრების გაფართოებისთვის და ქვეყნების, განსაკუთრებით, მათი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტების პეკინის გეოპოლიტიკურ ორბიტაზე გადასაყვანად”. აშშ-ს საქართველო რუსეთის ეკონომიკურ გავლენასთან ერთად ჩინეთის ეკონომიკურ გავლენაზეც გაუფრთხილებია

ცხადია, საქართველოს არცერთი ოფიციალური პირისგან სინძინაგში ჩინეთის პოლიტიკის მიმართ არანაირი კრიტიკა გაჟღერებულა. მეტიც, ჩინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს მონაწილეობა მიუღია სინძიანგში უცხოელი დიპლომატების ვიზიტში, რაც ჩინურ მედიაში ასე გაშუქდა - "ნამდვილი სინძიანის მოწმე, უცხოელი დიპლომატები სიცრუეს ამხელენ". მსგავს ღონისძიებაში ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა ჩინურ პროპაგანდაში მონაწილეობას ნიშნავს, მიზანი კი იმის წარმოჩენა, რომ უცხოური ქვეყნები ჩინეთს სინძინაგის პოლიტიკაში მხარს უჭერენ. საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებს შეუქიათ "სოციალიზმი ჩინური მახასიათებლებით", ჩინეთის მმართველობა, საქართველოს ოფიციალური პირები ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დასწრებიან და სხვა. ამავდროულად, ჩინეთის მხარე საქართველოსთან ურთიერთობას პოზიტიურად აფასებს, პოლიტიკური ნდობის და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობის მეტად გაღრმავებაზე საუბრობს. 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართული მხარისგან მხოლოდ დადებითი შეფასებები მოვისმინეთ.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა და ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ისტორიაში ყველაზე წარმატებულ თამაშებს უმასპინძლებენ”. - თქვა ჩინეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ.

არჩილ კალანდია პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესახებ. წყარო: GFSIS/China Daily

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტს, მამუკა ხაბარელს ჩინურ სახელისუფლებო ახალი ამბების სააგენტოსთან ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ ჩინეთის  ოლიმპიური კომიტეტი შეძლებდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ამოცანის შესრულებას, ისევე, როგორც ჩინეთმა "წარმატებით უპასუხა" კორონავირუსის პანდემიას და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი მოუთმენლად ელოდა ჩინელ კოლეგებთან სიღრმისეულ გაცვლებსა და თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისოდ ბოიკოტის მოწოდების ფონზე, საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ლი იანმა თამაშების მხარდამჭერი და დიპლომატიური ბოიკოტის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება დაიწყო. ასევე, მას არაერთხელ გამოუხატავს იმედი, რომ ბევრი ქართველი სპორტსმენი მიიღებდა მონაწილეობას პეკინის 2022 წლის ზამთრის თამაშებში. სრული ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში, არაერთი ქვეყანა სპორტსმენებსაც არ გააგზავნიდა პეკინში, ოლიმპიური თამაშების გამართვისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სპორტსმენები, ბოიკოტისკენ მოწოდებები კი ჩინეთის გეგმებისთვის საფრთხეს ქმნიდა. მართალია, საქართველოს დღევანდელი მთავრობისგან არანაირი ბოიკოტის საშიშროება არ არსებობდა, თუმცა, ჩინეთის წარმომადგენლის მოწოდებები ერთგვარი გზავნილიც შეიძლება ყოფილიყო საქართველოს მთავრობისთვის, რომ არ აჰყოლოდნენ ქვეყნებს, რომლებმაც პეკინი 2022-ს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს. 


პეკინის ოლიმპიური თამაშები საერთაშორისოდ პროტესტის ფონზე გაიხსნა. უიღურების გენოციდის ბრალდების პასუხად კი ჩინეთმა გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების მისია ეთნიკურ უიღურ სპორტსმენს მიანიჭა. პეკინში ჰოლანდიელ ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი უკვე შეუშალეს. პირდაპირი ეთერის მიმდინარებისას ჩინელმა სამართალდამცავებმა ის გაუფრთხილებლად და იძულებით გაიყვანეს. ჟურნალისტმა უარყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განმარტება, რომ ეს იზოლირებული შემთხვევა იყო და თქვა, რომ გასულ დღეებშიც შეუფერხებიათ მათი მუშაობა


2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების  საწინააღმდეგო აქცია, სტამბოლი, 4 თებერვალი. ჩინეთის უიღური მუსლიმების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ჩინეთის საკონსულოსთან აპროტესტებენ ჩინეთის ქმედებებს უმცირესობების წინააღმდეგ. წყარო: Reuters/Murad Sezer

პარალელურად, პეკინში ჩასულმა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ხელახლა მხარდაჭერა გამოუცხადა პეკინის ოლიმპიურ თამაშებს.  

"იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ვხედავთ პოპულიზმის ამდენ გამოხატულებას, რასიზმის ამდენ გამოხატულებას, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმის, ანტიმუსლიმური სიძულვილის ამდენ გამოხატულებას, ვიყოთ აქ და ვიყოთ სპორტსმენებთან, რომლებიც მოდიან ყველა კულტურიდან, ყველა ქვეყნიდან,  ყველა ეთნიკურობის, ყველა რელიგიის - ეს ფანტასტიკური გზავნილია”. - თქვა მან ოლიმპიური თამაშების მასპინძელ იმ ქვეყანაში, რომელსაც ეთნიკური, რელიგიური უმცირესობის უფლებების ფეხქვეშ გათელვაში ადანაშაულებენ.

ეთნიკური უიღური სპორტსმენი, ტინიკერ ილამუძიანგი (მარცხნივ), ოლიმპიური ჩირაღდნით. წყარო: Xinhua/Liu Xu

ოლიმპიადის გამართვით ქვეყანა მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს, და ის, თუ როგორ შოუს გამართავს, მნახველებს მასპინძელ ქვეყანაზე გარკვეულ შთაბეჭდილებას უქმნის. ჩინეთი იყენებს ამ შესაძლებლობას. ქვეყნის კიდევ ერთხელ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოქცევის მცდელობა და ოლიმპიადის მასპინძლობა, ჩინეთში არსებულ მდგომარეობას მხოლოდ მეტ ლეგიტიმაციას აძლევს, რომ მსოფლიოს ისე შეუძლია საერთო ზეიმის მოწყობა, თითქოს, მის მიღმა ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევა, მილიონზე მეტი ადამიანის პირადი კატასტროფა არ არსებობდეს, არავის ახსოვდეს, აღარავინ კითხულობდეს ამის შესახებ, ჩინეთის პოლიტიკა კი გამართლებული იყოს. 

ასევე, ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომელთა გეგმებშიც უკეთესობისკენ ცვლილება არ შედის, მსგავსი მასშტაბის ლეგიტიმურობის მიცემა მათ მეტ თავდაჯერებულობას მატებს და მადას უზრდის. მეორე მსოფლიო ომს წინ უძღოდა აღნიშნული ჰიტლერის თამაშები, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის შემდეგ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ ჩინეთი მეტად ავტორიტარული გახდა, გამოჩნდა მისი ექსპანსიონისტური მიზნებიც. არ არის გამორიცხული, 2022 წლის ოლიმპიადის შემდეგ პეკინმა შემდეგი ნაბიჯები გადადგას, ამჯერად, საერთაშორისოდ მისი მიზნების მეტად წინ წასაწევად. ჩინეთი გლობალური დომინანტობის გზას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. სინძიანგში, ტიბეტში რეპრესიების და მასობრივი კონტროლის, ჰონგ-კონგის ჩინეთთან საბოლოოდ დაკავშირების შემდეგ, ჩინეთს მისი "ეროვნული აღორძინების" ამოცანისთვის ტაივანის მისი კონტროლის ქვეშ მოქცევაც სჭირდება. როგორც ჩინეთში, ისე დასავლეთში საუბრობენ უახლოეს მომავალში ჩინეთის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობაზე. ბოლო პერიოდია, ჩინეთის სამხედრო ძალები სულ უფრო აქტიურად ატარებენ წვრთნებს ტაივანთან და მას ხშირად უახლოვდებიან.

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სწორი პასუხი თამაშების სრული ბოიკოტი იქნებოდა. ჩინეთს შოუს დადგმა სჭირდება და, როგორც აღინიშნა, ეს ყველაფერი სპორტსმენების გარეშე არ გამოვა. ამრიგად, პეკინისთვის დიპლომატიური ბოიკოტი ტრაგედია არ არის, თუმცა რეპუტაციული ზიანია. ამას გარდა, მაქსიმუმი, რაც დიპლომატიური ბოიკოტით მიიღწევა, ჩინეთში არსებულ მდგომარეობაზე ცნობიერების ამაღლებაა. ამაში დიდი როლი შეიძლება ჰქონდეს იმას, თუ როგორ გააშუქებს მედია ოლიმპიურ თამაშებს - როგორც მხოლოდ საერთაშორისო სპორტულ თამაშებს თუ როგორც სრულ სურათს, როგორ სოციო-პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება ის. 

მსგავსი შემთხვევები რომ აღარ განმეორდეს, ქვეყნებს, სადაც ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევებია, ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება აღარ უნდა მიანიჭონ. 

ჩინელი უფლებადამცველების დირექტორი, რენე სია ამბობს:  

"ზამთრის ოლიმპიადის პეკინში ჩატარება მსოფლიოს სიგნალს უგზავნის, რომ სი ძინფინგის მთავრობა ნორმალურია… როდესაც მსოფლიოს რაციონალიზაციას უკეთებს ასეთ ძალადობრივ ვითარებას, მსხვერპლისთვის უფრო რთული ხდება, რომ უსამართლობას წინ აღუდგეს".

უიღური ადამიანის უფლებათა პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, ომერ კანატი აღნიშნავს:

"ოლიმპიადის სპექტაკლი ვერ დამალავს გენოციდს."

კომენტარები