ჩინეთი

CGP: ჩინეთში, სინძიანგში ასობით ათას ადამიანს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებენ

Getty Images

ჩინეთი ასობით ათას უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებენ. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს ახალ ანგარიშში წერენ. 

ჩინეთის დასავლეთში არსებულ პროვინციაში, სინძინაგში, აწარმოებენ ჩინეთის ბამბის 85%-ს, რაც ბამბის მსოფლიო მიწოდების 20%-ა. ამ ბამბას მსოფლიოს სხვადასხვა ბრენდი თავისი პროდუქციის შესაქმნელად იყენებს. ანგარიშის ინფორმაციით, არსებობს იმის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ამ ბამბას ადამიანის უფლებების დარღვევით აწარმოებენ.

სინძიანგში წარმოებული ბამბის უმეტეს ნაწილს ხელით კრეფენ.

ანალიტიკური ინსტიტუტი წერს, რომ ჩინეთის მთავრობის დოკუმენტებსა და მედიის ანგარიშებზე დაყრდნობით ჩ ანს, რომ სულ მცირე, 570 000 ადამიანიგაგზავნეს სინძიანგის სამ რეგიონში ბამბის მოსაკრეფად იძულებითი შრომითი პროგრამით, რომლის სამიზნეა ეთნიკური ჯგუფები.

ანგარიშში ასევე წერია, რომ მთლიანობაში ეს რიცხვი დიდი ალბათობით მასასიათასობით აღემატება. ბამბის მომგროვებლებს მთავრობა მეთვალყურეობს და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას უტარებს, მათ შორის ზოგი სინძიანგის სპეციალური ბანაკიდანაა გამოშვებული. 

ანგარიშის ავტორის, ადრიან ცენცის თქმით, ნათელია, რომ მუშაობის სქემა მოიცავს "იძულებითი შრომის ძალიან მაღალ რისკს".

კომუნისტური ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ბრალდებას უარყოფს. 

"ყველა ეთნიკური ჯგუფის სტაბილური დასაქმების უზრუნველყოფა "იძულებითი შრომისგან" ძალიან განსხვავებული რამაა" - ამბობს სამინისტროს სპიკერი, ვანგ ვენპინი

მონობის მოწინააღმდეგე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ანგარიშის მიგნებებს მიმდინარე კვირას ბრიტანეთის და ევროპის პარლამენტში გააჟღერებენ. 

"ეს მტკიცებულება ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, თუ რატომ უნდა დაასრულონ ბიზნესებმა რეგიონიდან [ბამბის] მიღება დაუყოვნებლივ, და რატომ უნდა აკრძალონ მთავრობებმა რეგიონებიდან იმპორტი. გადადებისთვის არგუმენტი არ არსებობს". - თქვა მონობის მოწინააღმდეგე საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენელმა, ქლოი კრენსონმა

3 დეკემბერს აშშ-მ ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში არსებული ნახევრად სამხედრო ორგანიზაციიდან - Xinjiang Production and Construction Corps (XPCC) ბამბის იმპორტი დატყვევებული უიღური მუსლიმების იძულებითი შრომის გამო აკრძალა. ეს კომპანია ჩინეთში ბამბის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

აღსანიშნავია, რომ ივლისში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა XPCC-ს, ასევე, XPCC-ის ყოფილ პარტიის მდივან სუნ ძინლონგს და XPCC-ის პარტიის მდივნის მოადგილესა და მეთაურს, ფენგ ძიაჟუეის. აშშ მათ ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი სინძიანგში ეთნიკური უმცირესობების ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან არიან დაკავშირებულნი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სინძიანგში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "საუკუნის ლაქას" უწოდებს.

გაეროს შეფასებით, სინძიანგში მილიონზე მეტი მუსლიმია დატყვევებული, აქტივისტები ამბობენ, რომ ის, რასაც პეკინი სჩადის, არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული და გენოციდი.

კომენტარები