გენოციდი ჩინეთში

ჩინეთში გენოციდის ბრალდებებზე დამოუკიდებელი ანგარიში: ჩინეთს უიღურების განადგურება სურს

AFP

საერთაშორისო სამართლის, გენოციდის და ჩინეთის რეგიონის 50-ზე მეტი ექსპერტის მიერ დაწერილი ანგარიშის თანახმად, ჩინეთის მთავრობის ქმედებებმა სინძიანგში დაარღვია გაეროს გენოციდის კონვენციის ყველა მუხლი. 

ანგარიში ვაშინგტონში მდებარე ნიულაინსის ინსტიტუტის სტრატეგიისა და პოლიტიკის ანალიტიკურმა ინსტიტუტმა გამოსცა. ანგარიშის თანახმად, ჩინეთის მთავრობას "ეკისრება სახელმწიფო პასუხისმგებლობა უიღურის წინააღმდეგ მიმდინარე გენოციდზე, რომელიც არღვევს (გაეროს) გენოციდის კონვენციას".

როგორც CNN წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა დამოუკიდებელი სამართლებრივი ანალიზი სინძიანგში გენოციდის ბრალდებებზე, მათ შორის პეკინის პაუხისმგებლობაზე

"[ჩინეთი] მნიშვნელოვანი გლობალური ძალაა, რომლის ლიდერებიც გენოციდი არქიტექტორები არიან" - თქვა ერთ-ერთმა ავტორმა, აზეემ იბრაჰიმმა. 

გაეროს 1948 წლის გენოციდის კონვენციაზე 151 სხვა ქვეყანასთან ერთად ჩინეთიც ხელს აწერს. კონვენციის მეორე მუხლის მიხედვით, გენოციდი არის მცდელობა ჩაიდინო ქმედება, რაც მიზნად ისახავს მთლიანად ან ნაწილობრივ ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის განადგურებას.

ანგარიშის თანახმად, ჩინეთის პოლიტიკა და ქმედებები რეგიონში უიღურების წინააღმდეგ სრულიად უნდა იყოს განხილული, როგორც უიღურების ჯგუფის განადგურების განზრახვა, მთლიანად ან ნაწილობრივ. 

ანგარიშში მტკიცებულებად მოხმობილია ათასობით თვითმხილველის, გამოქცეულთა ჩვენება და ჩინეთის მთავრობის დოკუმენტები. 

დოკუმენტის თანახმად, 2014 წლის შემდეგ სინძინაგის 1 400 ბანაკში, სავარაუდოდ, ერთიდან ორ მილიონამდე ადამიანი დაატყვევეს. ანგარიშში მოხმობილია ისეთი ბრალდებები, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, ფსიქოლოგიური ტერორი, ტვინის გამორეცხვა და ბანაკებში დაუზუსტებული რაოდენობის გარდაცვალება. ანგარიშში წერია, რომ უიღურებს ამ ბანაკებში არ აქვთ საბაზისო ადამიანის უფლებები, არიან სასტიკად დამცირებულნი, არაადამიანურად ექცევიან ან სჯიან, ტყვეობაში დიდხანს საკვები არ აქვთ. 

"თვითმკვლელობები იმდენად ფართომასშტაბიანი გახდა, რომ დაკავებულებს უნდა ეცვათ სუიციდისთვის უსაფრთხო ფორმა და ეკრძალებოდათ თვითდაზიანების გამომწვევი მასალების ქონა". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ავტორები ასევე წერენ აქამდე ცნობილ ინფორმაციაზე, რის მიხედვითაც უიღურებში შობადობის მაჩვენებელი 2017-2018 წლებში დაახლოებით 33%-ით შემცირდა, სავარაუდოდ, იძულებითი სტერილიზაციის, აბორტების და შობადობის კონტროლის გამო. 

დოკუმენტში ასევე წერია, რომ სავარაუდოდ, უიღურების კულტურის, ისტორიის და ლიტერატურის წიგნები სინძიანგის სკოლებიდან ამოიღეს. ბანაკებში დატყვევებულებს იძულებით ასწავლიან მანდარინს, წინააღმდეგობის ან ენის ვერშესწავლის გამო კი, მათ აწამებენ. 

ანგარიშში ასევე მოხმობილია ოფიციალური დოკუმენტები, სადაც უიღურები და სხვა მუსლიმი უმცირესობები მოხსენებულია, როგორც "სარეველები", "სიმსივნეები". მთავრობის ერთ-ერთი დირექტივით, ადგილობრივ მაღალჩინოსნებს მოუწოდეს, "აღმოეფხვრათ მათი საგვარეულო, ფესვები, გაეწყვიტათ მათი კავშირი და მათი წარმოშობა". აღსანიშნავია, რომ ეს მასალა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც მოიხმო იანვარში თავის განცხადებაში, როდესაც აშშ-მ ჩინეთს გენოციდში და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ბრალი დასდო. 

"საერთო ჯამში, პირები და დაწესებულები, რომლებიც ახორციელებენ გენოციდის ქმედებებს, არიან სახელმწიფო ორგანოები და ჩინეთის კანონმდებლობის შესაბამისად - აგენტები". - წერია დოკუმენტში. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გენოციდის ჩადენა უიღურების წინააღმდეგ "ჩინეთის სახელმწიფოს მიეკუთვნება". 

ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, მანჩესტერი უნივერსიტეტის ისტორიკოსმა, რაიან თამმა, თქვა, რომ 20 წელში ადამიანები სინძიანგის მოვლენებს შეხედავს, როგორც საუკუნეში "ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ განადგურებას". 

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად 19 იანვარს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პეკინის მოქმედებები ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში მუსლიმი უიღურების წინააღმდეგ გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა. აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პომპეოს გადაწყვეტილებას იზიარებს.

თებერვალში ნიდერლანდების პარლამენტმა, ევროპაში პირველმა, ჩინეთი უიღურების გენოციდში დაადანაშაულა. მანამდე, კანადამ მიიღო რეზოლუცია, რის მიხედვითაც, ჩინეთის მიმართ უიღურებისადმი მოპყრობა გენოციდად გამოაცხადა.

7 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე სინძიანგში მუსლიმი უმცირესობის, უიღურების გენოციდის შესახებ ბრალდებებს "სრული სიცრუე" უწოდა.


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასიათასობით უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

2021 წლის დასაწყისში ჩინეთში ეთნიკური უმცირესობების წამებისა და ჯგუფური გაუპატიურების ახალი ფაქტები გავრცელდა.

კომენტარები