უიღურები

AP: ჩინეთის მთავრობა უიღურების რაოდენობის შემცირებას შობადობის კონტროლით ცდილობს

AFP

ჩინეთის მთავრობა ეთნიკურად უიღურებს პოპულაციის კონტროლის მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს.

სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

სახელმწიფო უმცირესობის წევრ ქალებს რეგულარულად, ორსულობის დადგენის მიზნით ამოწმებს, აიძულებს, გამოიყენონ საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფცია (სპირალი), უტარებს იძულებით სტერილიზაციას და, ზოგ შემთხვევაში, იძულებით აბორტს. იმის ფონზე, რომ ჩინეთში საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციის გამოყენებისა და სტერილიზაციის პროცედურის რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია, სინძიანის პროვინციაში საპირისპირო სტატისტიკას ვხვდებით.

2014 წელს სინძიანის პროვინციაში საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციის ანუ სპირალის ჩადგმის 200 000 პროცედურა განცორციელდა. 2018 წლისთვის ეს რიცხვი 330 000-მდე გაიზარდა. 

ჩინეთის ჯანდაცვის სტატისტიკის მიხედვით, სინძიანის პროვინციაში სტერილიზაციის პროცედურის ჩატარების დიდი ზრდაა დაფიქსირებული. 2016 წლიდან მთავრობამ დიდი რაოდენობით თანხა გამოყო კონტრაცეფციული ოპერაციების დაფინანსებისთვის. 2016-იდან 2018 წლამდე პერიოდში სინძიანის პროვინციაში სტერილიზაციის პროცედურის ჩატარების რაოდენობამ შვიდჯერ მოიმატა. 2019 წელს ქალაქ ხოთანში, რომლის მოსახლეობის უმეტესობა უიღურები არიან, ქალაქის ბიუჯეტიდან 14 872 სტერილიზაციის პროცედურისთვის იყო თანხა გამოყოფილი. ეს რიცხვი დაოჯახებული ქალების 34%-ს შეადგენს.

2015 წლიდან 2018 წლამდე უიღურებით დასახლებულ ხოთანისა და ქარაქაშის რეგიონებში შობადობის მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა. მაშინ, როცა ქვეყნის მაშტაბით უკანასკნელ წელიწადში შობადობის მაჩვენებელი 4.2% შემცირდა, სინძიანის პროვინციაში იგივე მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა. 

ჩინეთის წარმომადგენლების განცხადებით, პოპულაციის კონტროლის ეს ღონისძიებები სამართლიანია, ვინაიდან ჩინელებსა და ეთნიკურ უმცირესობებს ერთნაირ პირობებში აყენებს. 

მაშინ როცა ჩინეთში წლების მანძილზე ერთი ბავშვის პოლიტიკა არსებობდა, ეთნიკური უმცირესობები შეღავათებით სარგებლობდნენ, მათ ორი შვილის ყოლის უფლება ჰქონდათ. ამის გარდა, ეთნიკური უმცირესობები შეღავათებით სარგებლობდნენ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარებისას, სახელმწიფო სექტორში დასაქმებისას მათთვის კვოტები იყო გათვალისწინებული. 

2015 წელს გაუქმდა ერთი ბავშვის პოლიტიკა და ჩინელებსაც მიეცათ ორი შვილის ყოლის უფლება. 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჩინელები და ეთნიკური უმცირესობები ოჯახის დაგეგმვის საკითხებში ერთნაირი უფლებებით სარგებლობენ, იძულებითი სტერილიზაციის პროცედურები, იძულებით საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციის პროცედურები, სამზე მეტი შვილის ყოლისთვის დაკავება – ეთნიკურ ჩინელებს არ ემუქრებათ.

AP-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ქარაქაშის ოლქში, ბანაკებში 484 დაკავებულიდან – 149 ზედმეტად ბევრი შვილის ყოლისთვის იყო დაკავებული, რაც დაკავების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. 

2017 წელს სინძიანის მთავრობამ გაასამმაგა ჯარიმა ოჯახის დაგეგმვის კანონების დარღვევისთვის. სამთავრობო ანგარიშებით დასტურდება, რომ ამ ჯარიმებით მთავრობა ყოველწლიურად მილიონობით დოლარს იღებს. მართალია, ჯარიმები ჩინელ მოსახლეობაზეც ვრცელდება, მაგრამ კანონის დარღვევისთვის მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გზავნიან ბანაკებში. 

ბანაკებში დაკავებული ქალების ინფორმაციით, ქალებს იძულებით უდგამენ სპირალს და ორსულობის თავიდან ასარიდებლად ინექციებს უკეთებენ. მათ ასევე აიძულებენ დაესწრონ ლექციებს თემაზე – თუ რამდენი შვილი უნდა იყოლიონ. 

შვიდმა დაკავებულმა AP-თან საუბარში თქვა, რომ მათ ახსნა-განმარტების გარეშე აიძულებდნენ კონტრაცეპტული აბების მიღებას, ან უკეთებდნენ ინექციებს. ბანაკებიდან გათავისუფლებისა და ჩინეთის დატოვების შემდეგ, სამედიცინო შემოწმებების შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი სტერილურები იყვნენ. ბანაკებში დაკავებულ ქალებს აღენიშნებოდათ მედიკამენტოზური უკუჩვენებები, თავბრუს ხვევა, დაღლილობა, ავადმყოფობა, ბევრ ქალს შეუწყდა მენსტრუალური ციკლი.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკვლევრები წლების მანძილზე ამბობდნენ, რომ ისლამური ტერორიზმის მიზეზი დიდი რელიგიური ოჯახები იყო. სოციალური მეცნიერებების სინძიანის აკადემიის სოციოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელის 2017 წლის სტატიაში მზარდი მუსლიმი მოსახლეობა სიღარიბის, ექსტრემიზმისა და გაზრდილი პოლიტიკური რისკის წყაროდ სახელდებოდა. 

დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებით კი, პოპულაციის კონტროლის კამპანია სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმაა უიღურებზე. რომლის მიზანიც მათი იდენტობის გაქრობა და ძალადობრივი ასიმილაციაა. 

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტები შეიცავს 9-გვერდიან მემორანდუმს, რომელიც 2017 წელს სინძიანის კომუნისტური პარტიის მდივნის მოადგილემ გაუგზავნა რეგიონის უშიშროების ძალების წარმომადგენლებს, მათ, ვინც ბანაკებს მართავს. ინსტრუქციებში ნათქვამია, რომ ბანაკები უნდა მართონ ისევე, როგორც დაცული ციხეები, მკაცრი დისციპლინითა და დასჯის მეთოდებით, რათა გაქცევა ვერავინ მოახერხოს.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ.

გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ჩინეთი თავდაპირველად მსგავსი ცენტრების არსებობას უარყოფდა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ეს გადასამზადებელი ცენტრებია. New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები კი აჩვენებს, რომ მუსლიმების მასობრივი დაკავების ბრძანებას ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენლები გასცემენ. ის ასევე მოიცავს სი ძინპინის მანამდე გამოუქვეყნებელ გამოსვლებს, რომლებშიც ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, "ტერორისტებისა" და "სეპარატისტების" წინააღმდეგ დაუნდობლად იმოქმედონ.

მისი ეს გამოსვლა 2014 წელს, სინძიანის ცენტრალურ ქალაქში ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგა.

დოკუმენტების მიხედვით, რეპრესიებში მოყვნენ მმართველი კომუნისტური პარტიის ის წევრებიც, რომლებიც მთავრობის კამპანიას არ ეთანხმებოდნენ და დაკავებული უიღურების გათავისუფლებას ცდილობდნენ.

New York Times-ის მიხედვით, დოკუმენტები მათ გადასცა ჩინეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელმა, რომელსაც არ სურს, რომ სი და კომუნისტური პარტიის სხვა მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ.

უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ეთნიკურად ისინი ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და, ძირითადად, მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანმანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით, ცენტრებში უნდა ისწავლებოდეს მანდარინი და ხელობის სწავლის გარდა, "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ისინი, ვინც ამ ცენტრებს თავი დააღწია, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფასა და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ისინი ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

კომენტარები