ჩინეთი

BBC: ჩინეთში, სინძიანგის ყოფილი ტყვეები წამებაზე, სისტემატურ გაუპატიურებაზე ლაპარაკობენ

BBC

BBC-მ გამოაქვეყნა მასალა, სადაც აღწერილია, თუ როგორ აწამებენ, აუპატიურებენ უიღურებსა და სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ჩინეთში, სინძიანგის პროვინციაში. BBC ესაუბრა რამდენიმე ქალს, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე ჩინეთის სამართალდამცავები სისტემატურად, სექსუალურად ძალადობდნენ, აწამდებდნენ და აუპატიურებდნენ. ამასთან ერთად BBC წერს, რომ  ესაუბრა ყოფილ დაცვას, რომელიც ძალადობის შემთხვევებს ადასტურებს. 

ერთ-ერთმა ქალმა თქვა, რომ ჩინელმა მამაკაცების ჯგუფმა სამჯერ გააუპატიურა. მეორე მათგანი ამბობს, რომ ის აიძულეს უიღური ქალები გაეშიშვლებინა, ხელებზე ბორკილები დაედო მანამ, სანამ მათ დაცვის თანამშრომლები გააუპატიურებდნენ. კიდევ ერთი ქალის თქმით, დაცვის წარმომადგენლები მას აწამებდნენ და ელექტროშოკის ჯოხით აუპატიურებდნენ. 

BBC მათ მონაყოლზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციის უნიფორმაში ჩაცმული პირები საკნებში შუა ღამით მიდიოდნენ და "შავ ოთახში", სადაც კამერები არ იყო, მათ მიერ არჩეული ქალები მიჰყავდათ. 

ტურსუნაი ზიავუდანმა ცხრა თქვე გაატარა სინძიანგის სპეციალურ ბანაკში, რასაც დასავლეთში ხშირად საკონცენტრაციო ბანაკს უწოდებენ. ის ამჟამად აშშ-შია. მას მედიასთან ადრეც ულაპარაკია, თუმცა ყაზახეთიდან. ის შიშობდა, რომ თუ მომხდარზე ილაპარაკებდა, უკან, სინძიანგში გააბრუნებდნენ

გადარჩენილების მიერ ამბის მოყოლა, თუ რა ხდება ბანაკებში, ძალიან იშვიათია. როგორც BBC წერს, მისი მონათხრობის სრულიად გადამოწმება შეუძლებელია, ჩინეთში ჟურნალისტებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, თუმცა მოგზაურობის დოკუმენტები, ემიგრაციის ჩანაწერი, მის მოყოლილ ისტორიას ემთხვევა. ბანაკი, რომელსაც ის აღწერს, სინიუენში BBC-ის მიერ გადამოწმებულ სატელიტის სურათს ემთხვევა. მონათხრობი, ბანაკში ყოველდღიური ცხოვრება კი მსგავსია სხვა გადარჩენილების მიერ მოყოლილი ამბებისა. 

მან თქვა, რომ ერთხელ დაცვამ ის საკნიდან გაიყვანა, ის ელექტროჯოხით აწამეს და გააუპატიურეს. მისი თქმით, ზოგიერთი ქალი წამებისა და გაუპატიურების შემდეგ ფსიქიკურად შეიშალა. 

BBC-მ ასევე ჩაწერა ყაზახი ქალი სინძიანგიდან, რომელმაც ბანაკში 18 თვე გაატარა. გულზირა აუელხანის თქმით, ის იძულებული იყო ქალები გაეშიშვლებინა და მათთვის ხელებზე ბორკილები დაედო მანამ, სანამ მათ მარტო დატოვებდა ჩინელ კაცებთან ერთად. მისივე თქმით, ზოგი კაცი პოლიციელი იყო, ზოგი გარეშე პირი და ისინი ფულს იხდიდნენ, რათა "ყველაზე ლამაზი ახალგაზრდა პატიმრები აერჩიათ". ის ასევე ადასტურებს, რომ ბანაკში სისტემატურად, ჯგუფური გაუპატიურება ხდებოდა. 

ზიავუდანის თქმით, ზოგიერთი ქალი, რომლებსაც ღამით საკნებიდან გამოსვლას აიძულებდნენ, აღარასდროს დაბრუნებულა უკან. დაბრუნებულებს კი ემუქრებოდნენ, რომ სხვა პატიმრებისთვის მომხდარის შესახებ არ მოეყოლათ. 

სინძიანგიდან კიდევ ერთი, უზბეკი ქალის, ცელბინურ სეიდიკის თქმით, ის პატიმრებს ჩინურ ენას ასწავლიდა. მან თქვა, რომ ბანაკში ყოფნის დროს გაუპატიურებების შემთხვევებზე ხმები დადიოდა, მას კივილის ხმა არაერთხელ გაუგონია. ერთხელ ერთ ჩინელ ქალ პოლიციელს, რომელსაც ის იცნობდა, ჰკითხა, იცოდა თუ არა რაიმე ამის შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ გაუპატიურება, ელექტროშოკით გაუპატიურება და წამება ბანაკში წესად იქცა. ის ასევე ჰყვება, რომ არსებობდა ოთხი ტიპის ელექტროშოკი - სკამის, ხელთათმანის, ჩაფხუტისა და ჯოხით გაუპატიურების.

კიდევ ერთმა ქალმა, საირაგულ საუითბაიმ, რომელიც ბანაკებში მუშაობდა, BBC-სთან ისაუბრა, რომ გაუპატიურების შემთხვევები ხშირი იყო. ის შეესწრო ახალგაზრდა ქალების გაუპატიურებას. ქალები სხვა დაკავებულების წინაშე გამოიყვანეს, რათა იძულებითი აღიარებები მიეღოთ. 

"ამ ტესტის მიმდინარეობისას ისინი ადამიანებს ახლოდან აკვირდებოდნენ და ირჩევდნენ მათ, ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა, მუშტებს კრავდა, თვალებს ხუჭავდა, განზე იყურებოდა და შემდეგ მათ სჯიდნენ". – თქვა მან. 

მისი თქმით, ახალგაზრდა ქალები შველას ითხოვდნენ - "ეს ძალიან შემზარავი იყო. მე ვგრძნობდი, რომ მოვკვდი. მკვდარი ვიყავი".

ზიავდუნმა ასევე თქვა, რომ ბანაკებში პატიმრებს თმებს ჭრიდნენ, გაკვეთილებზე დასწრებას აიძულებდნენ, წამლებს ასმევდნენ და ყოველ 15 დღეში ერთხელ რაღაც აცრით ცრიდნენ, რაც "დაბუჟებას" და "გულისრევას" იწვევდა. 

მან ასევე დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქალებს სტერილიზაციას უკეთებდნენ ან სპირალს უდგამდნენ, მათ შორის, ახალგაზრდებს. 

მისივე თქმით, პატიმრებს საათობით აყურებინებდნენ ჩინურ, პატრიოტული შინაარსის სატელევიზიო პროგრამებს, ასმენინებდნენ ჩინურ პატრიოტულ სიმღერებს ჩინეთის ლიდერ, სი ძინფინგზე

"გავიწყდება ბანაკის მიღმა არსებულ ცხოვრებაზე. არ ვიცი, ტვინს გვირეცხავდნენ, თუ ეს წამლებისა და აცრების გვერდითი მოვლენები იყო. სავსე კუჭის ქონაზე მეტს ვერაფერზე ფიქრობ. საკვების უკმარისობაა". – თქვა მან. 

ყოფილი დაცვის თანახმად, რომელიც BBC-ს ანონიმურად ესაუბრა, პატიმრებს საკვებს არ აძლევდნენ იმ შემთხვევაში, თუ სი ძინფინგის წიგნიდან გარკვეული მონაკვეთი არ ემახსოვრებოდათ

მისი თქმით, მათ, ვინც გამოცდაში იჭრებოდნენ, სხვადასხვა ფერის ტანისამოსს აცმევდნენ, რათა გაერჩიათ მათგან, მაგალითად, ვინ ჩაიჭრა ორჯერ ან სამჯერ, შემდეგ კი სხვადასხვანაირად სჯიდნენ, რაც საკვების დაკლებასა და ცემასაც გულისხმობდა. 

"მე მიმყავდა დაპატიმრებულები ამ ბანაკებში. მე ვნახე ეს ავადმყოფი, საცოდავი ხალხი. ისინი დანამდვილებით სხვადასხვანაირად აწამეს. ამაში დარწმუნებული ვარ". – თქვა მან. 

BBC წერს, რომ  მისი მონაყოლის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, თუმცა დაცვამ მათ ანახა დოკუმენტები ბანაკში მუშაობის დასადასტურებლად. 

მან გაუპატიურების შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ადასტურებს, რომ ბანაკის დაცვა ელექტროშოკს იყენებდა. 

ზიავუდუნმა თქვა, რომ "ისინი არამხოლოდ აუპატიურებდნენ, არამედ მთელ ტანზე კბენდნენ, არ იცი, ისინი ადამიანები არიან თუ ცხოველები". მისი თქმით, მან ეს ყოველივე სამჯერ გამოიარა და ყოველ ჯერზე ორი ან სამი კაცი ძალადობდა მასზე. 

გათავისუფლების შემდეგ მას გარკვეული პერიოდი სინძიანგში დარჩენა მოუწოდა, სადაც ყოფილი პატიმრების ნაწილი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. მისივე თქმით, მან არაერთხელ ნახა ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი ქუჩაში გულწასული. 

"ისინი ამბობენ, რომ ხალხი თავისუფალია, თუმცა, ჩემი აზრით, ვინც ბანაკს ტოვებს, ყველას საქმე დასრულებულია. მათი მიზანი ყველას განადგურებაა. და ეს ყველამ იცის". – თქვა მან ჩინეთის პოლიტიკაზე უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების მიმართ.

სინძიანგში ჩინეთის პოლიტიკის წამყვანი მკვლევარის, ადრიან ცენცის თქმით, BBC-ის მიერ მოპოვებული მასალა ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მტკიცებულებაა, რაც ამ დანაშაულების შესახებ უნახავს. 

19 იანვარს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, პეკინის მოქმედებები ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში მუსლიმი უიღურების წინააღმდეგ გენოციდად და კაცობრიობის წინაზე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასობით ათას უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

კომენტარები