29 სექტემბერს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალები ტაივანს მიუხალოვდნენ. 16 სექტემბრის შემდეგ უკვე მერვე შემთხვევაა, როდესაც ისინი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შეიჭრნენ და შემდეგ უკან გაფრინდნენ. 16 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დააანონსა, რომ აშშ-ს ეკონომიკური საკითხების მინისტრის მოადგილე, კიტ კრაჩი, ტაივანს ეწვეოდა – ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ყველაზე მაღალი რანგის პირია, რომელიც ტაივანს ოთხი ათწლეულის განმავლობაში ეწვია. მისი ვიზიტი ერთერთია იმ ნაბიჯებიდან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ტაივანის მხარდასაჭერადაა გადადგმული.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთი უკვე რამდენიმე თვეა ტაივანის მხარდამჭერ ქმედებებს ან ტაივანში ჩინეთისგან დისტანცირებას ძალის დემონსტრირებით ხშირად პასუხობს. რატომ გაიზარდა ტაივანისადმი მხარდაჭერა და დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტად რატომ შორდება დემოკრატიული ტაივანი კომუნისტურ ჩინეთს?
მიმდინარე პანდემიის დროს ტაივანმა გლობალურად გაითქვა სახელი, როგორც მსოფლიოში ერთერთმა ლიდერმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩინეთისა და ჯანმო-ს დეზინფორმაციის საპირისპიროდ, ტაივანი არის მოდელი, თუ როგორ უნდა მოიქცეს პასუხისმგებლიანი, ამჟამად ფართოდ არაღიარებული ქვეყანა. უფრო ნათელი გახდა, რომ ტაივანისთვის ხაზის გადასმა დაუშვებელია გადიოდეს კომუნისტურ, მაგრამ ზოგისთვის ანგარიშგასაწევ ჩინეთზე, რის საპირისპიროდაც ტაივანს მისი ძლიერი დემოკრატიით, გამჭვირვალობითა და ღიაობით მნიშვნელოვანი სიკეთის მოტანა შეუძლია მსოფლიოსთვის.
ამავდროულად, გასული წლის ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულმა აქციებმა ტაივანზე დიდი გავლენა იქონია. 2020 წლის იანვარში ხელახლა გაიმარჯვა დემოკრატიულ-პროგრესული პარტიიდან, პეკინის არასასურველმა კანდიდატმა, ცაი ინგვენმა. ამასთან ერთად, ჩინეთი პანდემიის პერიოდს თავისი ეროვნული ინტერესების გატარებისთვის იყენებს და წელს ჰონგ-კონგის ავტონომია ოფიციალურად დაასრულა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ტაივანი ახლა, შესაძლოა, ყველაზე დიდი ჩინური საფრთხის წინაშე დგას.
არც ისე შორეულ წარსულში დასავლეთში ჯერ კიდევ არსებობდა ათწლეულების გამავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა, რომ ჩინეთი გაძლიერდებოდა, თუმცა, მშვიდობიანი გზით და მსოფლიოსთვის ქვეყნის გახსნით თავისუფალი ეკონომიკა, საბოლოოდ, პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნამდე მივიდოდა. დღეს ჩინეთი მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, თავისუფალი საერთაშორისო სისტემით ჩინეთმა ძალიან იხეირა, ასობით მილიონმა ჩინელმა სიღარიბეს თავი დააღწია. თუმცა, ამის პარალელურად ქვეყანა მეტად ავტორიტარული გახდა.
"შესაძლოა, ფრანკენშტეინი შევქმენით," - წლების შემდეგ თქვა პრეზიდენტმა ნიქსონმა, რომელმაც ჩინეთის მსოფლიოსთვის გახსნაში ერთერთი უმთავრესი როლი ითამაშა. ჩინეთი გამდიდრდა, საშუალო კლასი გაჩნდა და გაიზარდა, თუმცა, ამის პარალელურად გაძლიერდა ჩინეთის ერთპარტიული მთავრობა, განსაკუთრებით კი სი ძინფინგის მმართველობის დროს. დღევანდელი ჩინური კომუნიზმი გამორჩეულია - ქვეყანაში გაჩნდა მასობრივი მეთვალყურეობისა და შეფასების სისტემები, რითაც სახელმწიფომ თითოეული მოქალაქის ყოველი ნაბიჯის შესახებ იცის და მათი ნაბიჯები, მათ ცხოვრებას განსაზღვრავენ. "აკრძალული" აზრის გამოხატვა დასჯადია - არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად, თუ ერთერთი ექიმი ხარ, რომელმაც ახალ ვირუსზე ინფორმაცია გაავრცელე თუ გავლენიანი მილიარდერი, რომელმაც მთავრობა გააკრიტიკე. ამასთან ერთად, ჩინეთის ეთნიკური უმცირესობებისთვის 21-ე საუკუნის საკონცენტრაციო ბანაკები გაჩნდა. ჩინეთი ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რითაც სურს მასზე დამოკიდებული გახადოს განვითარებადი ქვეყნები და არამარტო განვითარებადი. ჩინეთს არაერთი დავა აქვს მის მეზობელ ქვეყნებთან და სხვა. ბოლო, ყველაზე მკვეთრი ნაბიჯით, ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონის ამოქმედებით, ჩინეთი მის საზღვარზე ფერად რევოლუციას ახშობს, ტერიტორიაზე სრულ კონტროლს ამყარებს, რითაც მეტად ნათელი ხდება ქვეყნის ექსპანსიური მიზნები რეგიონში და მის იქით.
ახლა ჩინეთს სრულ "გაერთიანებამდე" ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე, ტაივანი დარჩა.
ახლა რატომ მიიპყრო ტაივანმა მსოფლიო ყურადღება?
გარდა იმისა, რომ იანვრიდან ამ დრომდე 23.8 მილიონიან ტაივანში სულ 515 შემთხვევით და 7 გარდაცვალებით ტაივანი ვირუსთან ბრძოლის მოდელია, ამავე პერიოდში განვითარებული სხვა მოვლენების გამო, აღმოჩნდა ტაივანი მსოფლიო ყურადღების ცენტრში.
31 დეკემბერს, როდესაც მსოფლიოში ახალ კორონავირუსზე თითქმის არავინ იცოდა, ტაივანმა ონლაინ წყაროებიდან გაიგო ჩინეთში მწვავე ატიპიური პნევმონიის შემთხვევების შესახებ. ტაივანი შეეცადა, რომ ამის შესახებ მსოფლიოსთვის პირველს ეცნობებინა. მათ 31 დეკემბერს გააფრთხილეს ჯანმო ვირუსის ჰაერწვეთოვანი გადადების საშიშროებაზე, თუმცა ჯანმო-მ ეს არ გაითვალისწინა. ტაივანი ჩინეთისგან და ჯანმო-სგან არ დაელოდა ოფიციალურ ინფორმაციას და მალევე დაიწყო მოქმედება.
ვირუსთან ბრძოლაში ლიდერობა შესაძლებელი გახდა ტაივანის ძლიერი დემოკრატიით, კანონის უზენაესობით, ძლიერი ეკონომიკით, 2003-2004 წლებში SARS-ის ეპიდემიისგან მიღებული გამოცდილებით. რაც მთვარია, ტაივანი არ ენდო ჩინეთს, რომელიც ტაივანისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს და ჯანმო-ს, რომელიც ტაივანს, ამ წარმატების ფონზეც კი, ისევ ჩინეთის წნეხის გამო, ორგანიზაციაში არ იღებს.
კორონავირუსმა ტაივანის ჯანმო-ში და ზოგადად, გლობალურ ორგანოებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე დისკუსია განაახლა. ტაივანს ამ წარმატების შემდეგ ამერიკის ლიდერობით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერისა და მოთხოვნის მიუხედავად, ტაივანმა ჯანმო-ში ჩინეთის გავლენის გამო მსოფლიო ჯანმრთელობის ასამბლეაშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა.
ამის მიუხედავად, ტაივანმა მაინც მოახერხა მსოფლიოს დახმარება. "ტაივანს შეუძლია დახმარება" - ამ სლოგანით პანდემიის დასაწყისიდანვე, მაშინ როდესაც ვირუსის ცხელ წერტილებში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, ტაივანმა პარტნიორი ქვეყნებისთვის დიდი რაოდენობის სამედიცინო დახმარება გადასცა, ხშირად, ფარულადაც კი, რადგან პეკინს ისინი არ გაეკრიტიკებინა.
კომუნიზმის გავრცელება პანდემიის დროს
ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ როგორი მიდგომა ექნება დასავლურ სამყაროს ჩინეთთან კორონავირუსის შემდეგ და რამდენად ერთიანი იქნება ის. კორონავირუსმა ჩინეთის საფრთხეზე ბევრი გამოაფხიზლა. თუმცა, როგორც აღინიშნა, ყველაფერთან ერთად ჩინეთი პანდემიის პერიოდსაც მისი ავტორიტარული მიზეზების მისაღწევად იყენებს.
ეს ნათლად ჩანს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის გაზრდილი აქტივობების, ინდოეთის საზღვართან მომხდარი შეტაკების ფონზე. თუმცა, ჰონგ-კონგზე სრული კონტროლის დამყარება ჩინეთისთვის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ერთერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური სასწაულის, ჩინეთის დემოკრატიის შუქურის, ჰონგ-კონგის აზიის მარგალიტობა ამ ზაფხულს წარსულს ჩაბარდა.
1997 წელს ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ მყოფი ჰონგ-კონგი ჩინეთს გადასცეს - "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპით. ამ მოდელით მოქმედი "ძირითად კანონით", იგივე ქალაქის მინი კონსტიტუციით ჰონგ-კონგს კვლავ გარანტირებული უნდა ჰქონოდა სიტყვის, შეკრების თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია - ყველაფერი ის, რაც ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებდა და რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან განასხვავებდა მას.
მართალია, ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურებოდა და არავინ იცოდა რა იქნებოდა შემდეგ, მაგრამ ჩინეთმა ჰონგ-კონგისთვის ყველაზე უარესი სცენარი დააჩქარა და წელს ქალაქის ავტონომია ახალი ეროვნული უშიშროების კანონების მიღებით დაასრულა.
"ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" არაეფრექტურობაც გასული წლიდან სულ უფრო ცხადი გახდა, როდესაც პეკინის მიერ მართულმა ჰონგ-კონგის მთავრობამ ჩინეთის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგო მასშტაბური, მშვიდობიანი პროდემოკრატიული აქციები ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის არაერთხელ ძალადობრივად დაარბია.
ჩინეთის დაწესებული ახალი კანონები არის პასუხი ჰონგ-კონგის რევოლუციის მცდელობაზე და მეორე მხრივ, ეს ემსახურება "ჩინეთის ოცნებას", "ეროვნულ აღდგენას", რათა ჩინეთი მსოფლიოში წამყვანი სახელმწიფო გახდეს.
ჰონგ-კონგის ავტონომიის დასრულების საპასუხოდ, დასავლეთმა გარკვეული საპასუხო ზომები მიიღო: აშშ-მა ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუტი უკვე გააუქმა, ჩინელ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა, არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ გაწყვიტა ქალაქთან ექსტრადიციის შეთანხმება, ჰონგ-კონგელებს კი საიმიგრაციო უფლებები გაუფართოვეს... თუმცა, საკმარისია ეს? თუ ჩინელი ლიდერები იფიქრებენ, რომ ავტორიტარიზმის გავრცელება დიდი ფასის გადახდის გარეშე შეუძლიათ, უფრო შორსაც წავლენ. იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის პასუხი პეკინისთვის გამომაფხიზლებელი არ აღმოჩნდა, შესაძლოა, მალე შორეული აღმოსავლეთი უფრო საშიში რეგიონი გახდეს.
სი ძინფინგის მმართველობის ეპოქაში ჩინეთი, როგორც შინ, ასევე მის ფარგლებს გარეთ უფრო აგრესიული გახდა. ჰონგ-კონგზე სრული კონტროლის დამყარების შემდეგ სულ უფრო ხშირად ისმის შეკითხვა - არის თუ არა ტაივანი ჩინეთის შემდეგი სამიზნე?
რა არის ტაივანი?
გასული ორი საუკუნის განმავლობაში ტაივანი შორეული აღმოსავლეთის პოლიტიკის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ტაივანი დღეს ფართოდ არაღიარებული ქვეყანაა, რომელსაც პეკინი მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ჩინეთის პრეზიდენტმა პარტიის მე-19 ეროვნულ კონგრესზე განაცხადა - "ჩვენ გვაქვს მტკიცე ნება, სრული თავდაჯერებულობა და საკმარისი შესაძლებლობა, რომ დავამარცხოთ ტაივანის დამოუკიდებლობის სეცესიის შეთქმულება. ჩვენ არცერთ პირს, ორგანიზაციას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, არცერთ დროს, არანაირი ფორმით მივცემთ უფლებას, რომ ჩინეთისგან ჩინეთის ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილი გამოყოს".
დღეს ტაივანს აქვს თავისი მთავრობა, კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი, არმია, საჰაერო და საზღვაო ძალები. ტაივანში პირდაპირი არჩევით ხელისუფლება მშვიდობიანად სამჯერ შეიცვალა. დღეს ტაივანში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს. ყველაფერთან ერთად, ტაივანი ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულია.
დღევანდელი მდგომარეობით, ჩინეთს სხვადასხვა ფორმით ტაივანზე ზეწოლა აქვს, ტაივანს კი კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად სტატუს-კვოს შენარჩუნება სურს. თუ როგორ მივიდა აქამდე პეკინი და ტაივანი და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ, ამისთვის ტაივანის ისტორიასთან დაბრუნება გვჭირდება.
1949 წლამდე
ლამაზ კუნძულზე (Ilha Formosa) მე-17 საუკუნეში ჰოლანდიელები და ესპანელები ჩავიდნენ. ჰოლანდილები 1662 წლამდე მართავდნენ კუნძულს მანამ, სანამ ჩინეთის მინგის დინასტიიდან მხედართმთავარი ჭენგ ჩენგკუნგი არ გააძევებდა მათ. ჭენგმა კუნძულზე მთავრობა დააარსა, საიდანაც ჩინეთის ცინგის დინასტიას უპირისპირდებოდა. 1683 წელს ცინგის დინასტიის ძალებმა ის დაამარცხეს და ტაივანი ცინგის დინასტიის კონტროლის ქვეშ გადავიდა. ნელნელა კუნძულზე ჩინელი მოსახლეობა გაჩნდა. 1885 წელს ცინგის იმპერიამ ტაივანი პროვინციად გადააქცია.
შემდეგ, 1894-1895 წელს სინო-იაპონურ ომში ცინგის იმპერიის დამარცხების შემდეგ ტაივანზე იაპონიის სუვერენიტეტი გავრცელდა. დროთა განმავლობაში მათი ასიმილაცია მოხდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობამ გენერალისიმუსი ჩან კაიშის ხელმძღვანელობით ომის ერთერთ მიზნად ტაივანის დაბრუნება გამოაცხადა. იაპონიის მარცხის შემდეგ კაიროს დეკლარაციით ტაივანი ჩინეთის რესპუბლიკის მმართველობაში გადავიდა. ჩინეთის რესპუბლიკა 1912 წელს დაარსდა, როდესაც ჩინელმა რევოლუციონერებმა ცინგის იმპერია დაამხეს. ამრიგად, ტაივანი დაუბრუნდა იმ ჩინეთის მთავრობას, ნაციონალისტებს, გომინდანს, რომელიც 1895 წელს არ არსებობდა.
ტაივანის მცხოვრებნი ნაციონალისტების, გომინდანის მართულ ჩინეთის რესპუბლიკას ოკუპანტად უფრო უყურებდნენ, ვიდრე განმათავისუფლებლად. 1947 წელს თაიფეიში პროტესტს ნაციონალისტებმა ძალის გამოყენებით უპასუხეს, რასაც ათასობით მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამავე პერიოდიდან ნელნელა სათავეს იღებს იმ სახის ტაივანური იდენტობა, რომელიც იაპონურისგან და ჩინურისგან განსხვავდებოდა.
ამავე დროს, 1949 წელს ჩინეთის სამოქალაქო ომში გომინდანის მთავრობა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დამარცხდა. ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა ტაივანში გაიქცა. ჩან კაიშიმ თან წაიყვანა ჯარი, მილიონზე მეტი ადამიანი. მან თქვა, რომ ომი გაგრძელდება და ტაივანი იქნება ბაზა "კონტინენტური ჩინეთის დიდებული აღდგენის". ამ დროიდან, ნელნელა ტაივანი პირველად წარმოჩინდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ, რომელმაც შემდეგ, წლების განმავლობაში სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა კრიტერიუმის შენარჩუნება მოახერხა.
სამხედრო მმართველობიდან დემოკრატიზაციამდე
აღსანიშნავია, რომ 1949 წელს ტაივანში რეპრესიული სამხედრო მმართველობა გამოცხადდა. თუმცა, გომინდანის ავტორიტარული სისტემის მთავარი გამონაკლისი იყო ის, რომ მთავრობამ ეკონომიკური განვითარებისთვის ექსპორტზე დაფუძნებული ზრდის სტრატეგია აირჩია.
1952-1999 წლამდე ტაივანის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 9.21%-ით იზრდებოდა. ტაივანი სინგაპურთან, სამხრეთ კორეასთან და ჰონგ-კონგთან ერთად ერთერთი აზიური ვეფხვი გახდა. ტაივანში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით) 2018 წელს 52 300 აშშ დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის განვითარება და დემოკრატიზაცია სხვა საკითხებმა დააჩქარა. 70-იან წლებში ტაივანის საერთაშორისო პოზიციები გაუარესდა. მას შემდეგ, რაც სულ უფრო და უფრო მეტმა მესამე მსოფლიოს ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მათ მაო ძედუნის ჩინეთს დაუჭირეს მხარი და 1971 წელს გაეროში ჩინეთის რესპუბლიკის ადგილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დაიკავა. 1979 წელს აშშ-მაც ჩინეთის სახალო რესპუბლიკა ცნო. წლების განმავლობაში ტაივანს სულ უფრო მეტი საერთაშორისო მოკავშირე აკლდება.
ამავდროულად, ჩინეთი ტენგ სიაოფინგის "რეფორმითა და გახსნით" ეკონომიკურად გაიხსნა - მაო ძედუნის კატასტროფული პოლიტიკის შემდეგ, რამაც მილიონობით ჩინელის სიცოცხლე შეიწირა, ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო. ჩინეთი ვითარდებოდა და იზრდებოდა ტაივანის შეერთების ამბიციაც, რაც ტაივანისთვის სულ უფრო მზარდ საფრთხეს წარმოადგენდა.
საერთაშორისო პოზიციების გაუარესებასა და ჩინეთის გაძლიერების პირველი ნიშნების აღმოცენებასთან ერთად, 70-80-იან წლებში, როდესაც ეკონომიკის ზრდის შედეგად ტაივანის საშუალო ფენაც გაიზარდა, სულ უფრო მეტმა ტაივანელმა მოითხოვა დემოკრატიული ცვლილებები. შედეგად, ამ პერიოდიდან ტაივანში დემოკრატიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. 1987 წელს ჩან კაიშის ვაჟმა, ძიანგ ძინკუომ სამხედრო მმართველობა დაასრულა.
მისი გარდაცვალების შემდეგ, ის ლი ტენგხუეიმ შეცვალა და ეს გზა გააგრძელა. მისი პრეზიდენტობის დროს მიიღეს ცვლილება რომლის თანახმადაც, თუ ჩინეთის და ტაივანის გაერთიანების საკითხი დადგებოდა, ამ შეთხვევაში, პირველ რიგში ტაივანელების უფლებებისთვისა და ინტერესებისთვის უნდა ეცათ პატივი და დაეცვათ მათი კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მისი რეფორმების ნაწილია ეროვნული ასამბლეისა და საკანონმდებლო არჩევნების პირდაპირი წესით გამართვა. 1996 წელს ტაივანში პირდაპირი არჩევით პირველი საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდა, სადაც ლი ტენგხუეიმ გაიმარჯვა. ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისგან გადახვევის, თავისუფალი არჩევნების გამართვის საპასუხოდ, პეკინმა რაკეტები გამოსცადა. "სრუტის ორ მხარეს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული ურთიერთობებია. ეს განსაკუთრებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებია". - ამგვარი ფორმულირება მისცა ლიმ ტაივანისა და ჩინეთის ურთიერთობებს. 2000 წელს მისი პრეზიდენტობის დასრულებით ტაივანში ძალაუფლების პირველი გადაცემა მოხდა.
პეკინის მცდელობები და ტაივანური იდენტობის გაძლიერება
სამხედრო მმართველობის დროს, ორივე - ნაციონალისტებიც და ჩინეთის კომუნისტური პარტიაც იზიარებდა ერთიანი ჩინეთის ხედვას, მათი მოსაზრებები განსხვავდებოდა იმის შესახებ, თუ ვის უნდა ემართა ის. 1992 წელს ჩინეთისა და ტაივანის წარმომადგენელები შეთანხმდნენ, რომ ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას უერთგულებდნენ. ეს ხედვა გულისხმობს, რომ არსებობს ერთი ჩინეთი, თუმცა, მხარეებს თავიანთი ინტერპრეტაცია აქვთ, თუ რა არის ეს ერთი ჩინეთი.
პეკინი ტაივანს ჰონგ-კონგის და მაკაოს მსგავსად, "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპით გაერთიანებას სთავაზობდა და დღემდე სთავაზობს. ძიანგ ძინგკუოს მთავრობა ფიქრობდა, რომ მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება ტაივანის სრუტის ორი მხარის შერიგებას გამოიწვევდა. ტაივანის დემოკრატიზაციამ ეს შეცვალა, ტაივანელი ხალხი პეკინის წესებით გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდა. ამავდროულად, გაძლიერდა ტაივანური იდენტობა.
2000 წლიდან ტაივანის დამოუკიდებლობის მოძრაობა აღზევდა, როდესაც დემოკრატიულ პროგრესული პარტიიდან ჩენ შუეიპიენმა გაიმარჯვა. მისი პრეზიდენტობის დროს ტაივანური იდენტობას წასახალისებლად არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის საპირისპიროდ, ის მხარს უჭერდა ერთიანი ჩინეთისა და ერთიანი ტაივანის პოლიტიკას.
დღეს ტაივანში, სადაც უმეტესობა ეთნიკურად ხანი ჩინელები არიან, ერთერთი ბოლოდროინდელი გამოკითხვით, 83.2% თავს ტაივანელად თვლის, 6.7% ტაივანელად და ჩინელად, ხოლო 5.3% - ჩინელად.
2005 წელს, ჩენ შუეიპიენის ქმედებების საპასუხოდ, ჩინეთის პარლამენტმა სრული უმრავლესობით, ანტისეცესიის კანონი მიიღო, რითაც უფლებას იტოვებს ტაივანში ძალა გამოიყენოს, თუ ოდესმე ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. პეკინისთვის ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება წითელი ხაზია.
ასევე, ანტისეცესიის კანონით, "არამშვიდობიანი საშუალებები", შესაძლოა, იმ შემთხვევაშიც გამოიყენონ, თუ "მშვიდობიანი გაერთიანების შესაძლებლობები" გამოირიცხება. ჩინეთის მიერ საკითხების არდაკონკრეტება მისი მანევრირების მასშტაბს ზრდის.
ისევ გომინდანი
2008 წელს ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში გომინდანის პარტიიდან მა ინგძიოუ აირჩიეს. მან პირობა დადო, რომ სრუტეშორისი დაძაბულობა დაცხრებოდა და ჩინეთის განვითარებას ტაივანი თავის ეკონომიკური წინსვლის სასარგებლოდ გამოიყენებდა. პრეზიდენტობის დროს მა ინგძიოუ ტაივანის კონტინენტურ ჩინეთთან სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ესწრაფვოდა. მისი პრეზიდენტობის დროს სრუტეშორისი ურთიერთობები ძალიან წინ წავიდა. სრუტეშორისი სტაბილურობის ფონზე, 2012 წელს მან ხელახლა გაიმარჯვა 51.6%-ით და დემოკრატიულ პროგრესული პარტიიდან ცაი ინგვენი დაამარცხა. მამ მხარდაჭერა, სავარაუდოდ, ჩინეთთან მისი პოლიტიკის მხარდაჭერად აღიქვა და მეტად გააღვივა მხარეებს შორის კავშირი.
ტაივანის დღევანდელი მთავრობის არჩევას წინ უძღოდა მა ინგძიოუს მთავრობის დროს ჩინეთთან მეტად დამაახლოვებელი კავშირები. 2014 წელს მზესუმზირის სტუდენტურმა მოძრაობამ მას სრუტეშორისი სერვისის სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციის გეგმები ჩაუშალა, რაც კონტინენტურ ჩინეთსა და ტაივანს შორის მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებდა. მოწინააღმდეგეები მიიჩნევდნენ, რომ მეტი ეკონომიკური ინტეგრაცია მეტ პოლიტიკურ ინტეგრაციამდე, უსაფრთხოებისთვის გაზრდილ საფრთხემდე მიიყვანდა, რასაც ისინი ეწინააღმდეგებოდნენ.
ცაი ინგვენის არჩევა
2015 წლის ნოემბერში მა ინგძიოუმ ისტორიული შეხვედრა გამართა სი ძინფინგთან, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს მა ინგძიოუმ პირობა დადო, ჩინეთის ლიდერს მომავალი 4 წლის განმავლობაში არ შეხვდებოდა. ეს 1945 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სრუტის ორი მხარის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შემდეგ, 2016 წელს ცაი ინგვენმა 56%-ით დაამარცხა გომინდანის კანდიდატი, რომელმაც 31% აიღო. ამჯერად, დემოკრატიულ-პროგრესული პარტია აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოს აკონტროლებდა.
ცაიმ პირობა დადო, რომ სრუტეშორის სტატუს-კვოს შეინარჩუნებდა და იმავდროულად, ტაივანის დემოკრატიის უზრუნველყოფას ადვოკატირებდა. მან ტაივანის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემოდინებისთვის "სამხრეთის საზღვრის პოლიტიკით" დივერსიფიკაციას მიმართა, რაც ტაივანსა და სამხრეთ აზიასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან და ავსტრალიასთან თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს. პარალელურად, ცაიმ ჩინეთთან სრუტეშორისი, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირისგან განზე გადგომა არჩია.
ცაი ინგვენის არჩევამ პეკინი გააბრაზა. 2016 წელს ჩინეთმა ტაივანთან ფორმალური კავშირი გაწყვიტა. ფორმალური ურთიერთობების აღდგენისთვის, პეკინი დაჟინებით მოითხოვს ტაივანმა 1992 წლის კონსესუსს პატივი სცეს. მართალია, ცაი ინგვეს სრუტეშორის ურთიერთობებში სტატუს-კვოს შენარჩუნება სურს, თუმცა 1992 წლის კონსესუსს მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად არ თვლის.
2016 წლიდან ჩინეთის დიპლომატიური წნეხის შედეგად, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მსოფლიოს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. თუმცა, ბოლო პერიოდია კომუნისტური ჩინეთი ცდილობს, ვატიკანს პოზიცია შეაცვლევინოს - ვატიკანი კვლავ აპირებს განაახლოს ჩინეთის რეჟიმთან ორი წლის წინ დადებული შეთანხმება, რითაც ვატიკანი იმედოვნებდა, რომ ჩინეთის კათოლიკეების მდგომარეობას გააუმჯობესებდა, იმისდა მიუხედავად, რომ ჩინეთში რელიგიური თავისუფლება არ არსებობდა, არც მაშინ და არც დღეს. ასევე, პაპი ფრანცისკე დუმს ჩინეთში ადამიანის უფლებების სასტიკ დარღვევაზე, რელიგიურ დევნაზე.
რაც შეეხება ჩინეთი-ტაივანის ამჟამინდელი ურთიერთობის განვითარებას, როგორც ჩანს, გასული ათწლეულების განმავლობაში პეკინი იმედოვნებდა, რომ ტაივანთან ეკონომიკური ინტეგრაციით პოლიტიკურ ინტეგრაციას მიაღწევდა, თუმცა ჩინეთის სურვილი - ეკონომიკური კავშირის გაღრმავებით ტაივანთან პოლიტიკურ გაერთიანებას მიაღწიოს, სულ უფრო ნაკლებად რეალისტური ჩანს. დემოკრატიულ-პროგრესული პარტიისადმი პეკინის მტრული განწყობის მიუხედავად, 2020 წლის ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ცაი ინგვენმა ხელახლა გაიმარჯვა.
ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰონგ-კონგის 2019 წლის აქციებმა დიდი გავლენა მოახდინა, სადაც ჩინეთის მიერ მათთვის შემოთავაზებული "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" უპატივცემულობას მთელი ნახევარი წლის განმავლობაში უყურებდნენ. "ჰონგ-კონგის მდგომარეობა ცხადყოფს, რომ დემოკრატია და ავტორიტარიზმი ერთმანეთთან კონფლიქტშია. ორი სისტემა ერთ ქვეყანაში ვერ იარსებებს". - თქვა ცაი ინგვენმა 2019 წლის ბოლოს.
ამავდროულად, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ჩინეთმა კუნძულთან მძიმე სამხედრო ტექნიკა არაერთხელ განალაგა, რაც ტაივანელი ამომრჩევლის დაშინების მცდელობად იქნა აღქმული.
ასევე, ეს პირველი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც 2019 წელს, ცაი ინგვენის პრეზიდენტობის დროს მთავრობამ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დაუჭირა მხარი - ეს ნაბიჯი გარკვეულწილად აღქმული იქნა, როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება.
ცაის მეტოქე გომინდანის პარტიიდან ხან ქუოიუ იყო, რომელსაც პეკინთან ახლო კავშირის გაბმა სურდა. ქუოიუ ერთიანი ჩინეთის აღიარების პოლიტიკასაც დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგში, ეროვნული უშიშროების კანონების წარდგენის შემდეგ, როგორც ჩანს, ტაივანის პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდა. ხან ქუოიუს საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ, ტაივანელებმა ის ქალაქ კაოსიონგის მერობის თანამდებობიდან არჩევნებით გადაირჩიეს და აგვისტოში გამართულ არჩევნებში მერის თანამდებობა მმართველი, დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის კანდიდატმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერით დაიკავა.
ტაივანში ორივე მხარეს თავისი შიშები აქვს - დემოკრატიულ პროგრესული პარტიისა და სხვა თანამოაზრე პარტიების მომხრეებს ეშინიათ, რომ გომინდანმა, შესაძლოა, სრუტეშორისი ურთიერთობები იმდენად გააღრმავოს, რომ ამის შეცვლა შეუძლებელი გახდეს და პეკინმა ტაივანი შეისრუტოს. გომინდანისა და მის მოკავშირე პარტიების მხარდამჭერები კი შიშობენ, რომ დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის მთავრობა კონტინენტურ ჩინეთთან ყველა ურთიერთობას მინიმუმამდე დაიყვანს, პეკინს კონფლიქტის დასაწყებად რაიმე მიზეზს მისცემს. ბევრი უთანხმოების მიუხედავად, ტაივანში კონსენსუსია, რომ შეინარჩუნონ არსებული პოლიტიკური სტატუს-კვო. 90-იანი წლებიდან დღემდე, რაც შეიძლება მალე დამოუკიდებლობის გამოცხადებას 10%-იც კი არ უჭერს მხარს.
აშშ - ტაივანი
ამერიკის შეერთებული შტატები ტაივანის მომავლისა და მისი უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. აშშ-ს ტაივანთან არაოფიციალური ურთიერთობები აქვს, თუმცა მისი უდიდესი მოკავშირე და სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.
მაშინ, როდესაც კომუნისტებმა კონტინენტური ჩინეთი დაიკავეს და ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა ტაივანში გაიქცა, აშშ-მ ჩინეთის ერთადერთ მთავრობად სწორედ, ჩინეთის რესპუბლიკა აღიარა. ამ პოზიციის შეცვლა დაიწყო ცივი ომის დროს, 1972 წელს რიჩარდ ნიქსონის ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტით - "კვირა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა". მას მიაჩნდა, რომ ჩინეთი საერთაშორისო სისტემის გარეთ სამუდამოდ ვერ დარჩებოდა - "მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო მანამ, სანამ ჩინეთი არ შეიცვლება… ჩინეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ უნდა შეიცვალოს: ვერ დაიკმაყოფილებს მის იმპერიულ ამბიციებს". აშშ-ს ჩინეთი მეტწილად საბჭოთა კავშირთან ბალანსისთვის სჭირდებოდა. ჩინეთი კი სსრკ-სგან მეტ საფრთხეს გრძნობდა, ვიდრე აშშ-სგან.
1979 წელს ეს აშშ-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით დაგვირგვინდა - "აშშ აღიარებს ჩინეთის პოზიციას, რომ არის ერთი ჩინეთი და ტაივანი მისი ნაწილია".
არცერთ ქვეყანას შეუძლია, ჩინეთის სახალო რესპუბლიკასთან და ამავდროულად, ჩინეთის რესპუბლიკასთან ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები. მას შემდეგ, რაც ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეჩერდა, თვეების შემდეგ, აშშ-ს კონგრესმა მიიღო ტაივანის ურთიერთობის აქტი, რაც კუნძულთან მნიშვნელოვან არაოფიციალურ ურთიერთობებს ითვალისწინებს. ამ ცვლილებით აშშ-ს ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვა შეუძლია, რათა ტაივანმა თავის დაცვა შეძლოს. რაც მთავარია, კანონი იმგვარად არის ფორმულირებული, რომ ერთი მხრივ, ჩინეთმა ტაივანს არ დაარტყას, ხოლო ტაივანმა დამოკიდებლობის გამოცხადებისკენ ნაბიჯი არ გადადგას. აშშ-ს ტაივანის ურთიერთობის აქტში წერია, რომ აშშ შეინარჩუნებს უნარს შეეწინააღმდეგოს ძალის მიმართვას ან სხვა სახის იძულებას, რაც საფრთხეში ჩააგდებს ტაივანელი ხალხის უსაფრთხოებას, სოციალურ ან ეკონომიკურ სისტემას. მოიცავს თუ არა ეს უნარი საჭიროების შემთხვევაში ჩინეთის ძალით გამოყენებით შეჩერებას - უცნობია, რადგან ამას არ ამბობს. აშშ-ს ეს პოლიტიკა სტრატეგიული ორაზროვნების სახელით არის ცნობილი.
როდესაც 2003 წელს ჯორჯ ბუშს ჰკითხეს, აშშ-ს ჰონდა თუ არა ტაივანის დაცვის ვალდებულება, მან უპასუხა - "დიახ, ჩვენ გვაქვს და ჩინელებს უნდა ესმოდეთ ეს". მისივე თქმით, სამხედრო ძალა "დანამდვილებით არის ვარიანტი" იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ტაივანის დაპყრობისკენ ნაბიჯს გადადგამს.
2016 წელს, როდესაც დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, მან ცაი ინგვენის სატელეფონო ზარს უპასუხა და მისი მილოცვა მიიღო - ეს 1979 წლის შემდეგ ტაივანისა და აშშ-ს ლიდერებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის პირველი შემთხვევა იყო.
2018 წლის მარტში აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ტაივანის მოგზაურობის აქტს, რაც ტაივანსა და აშშ-ს შორის ყველა დონეზე ვიზიტების წახალისებას გულისხმობს.
2020 წლის მარტში ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რაც საერთაშორისოდ აშშ-ს ტაივანისადმი გაზრდილ თანადგომას ავალდებულებს. "ორპარტიული კანონპროექტი მთლიანი მთავრობისგან მოითხოვს, რომ ტაივანისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდოს და ქვეყნებს ძლიერ მესიჯს გაუგზავნის - ტაივანისთვის ძირის გამომთხრელი ჩინეთის ქმედებების მხარდაჭერისთვის შედეგები იქნება" - კანონის ერთერთი ავტორის, სენატორ კორი გარდნერის თქმით, კანონი აუცილებელი იყო, რათა მათ ჩინეთის მიერ ტაივანის ჩაგვრისა და წნეხისთვის ეპასუხათ.
ყველა მსგავსი ნაბიჯი პეკინის აღშფოთებას იწვევს, ქმედებას შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავს და საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება.
სწორედ ტაივანისადმი გაზრდილი მხარდაჭერის დასტურია ტაივანში ათწლეულების მანძილზე ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსის, ჯანმრთელობის მინისტრის, ალექს აზარის, ვიზიტი - "ნამდვილი პატივია აქ ყოფნა, რათა ტაივანს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ძლიერი მხარდაჭერისა და მეგობრობის გზავნილი გადავცე." მან შეაქო ტაივანის კორონავირუსის საპასუხო ნაბიჯები და მკაცრად გააკრიტიკა პეკინი და ჯანმო. მისი ვიზიტის პასუხად, ჩინეთის საჰაერო ძალებმა ტაივანის სრუტის შუა ხაზი გადაკვეთეს.
აზარის ვიზიტის შემდეგ რამდენიმე დღეში უილიამ ბრენტ კრისტენსენმა, ვაშინგტონის დეფაქტო წარმომადგენლობის, ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პირველად მონაწილეობა მიიღო ქინმენზე თავდასხმაში დაღუპულების საპატიო ღონისძიებაში - 1958 წლის აგვისტოში ჩინეთის არმიამ საარტილერიო შეტევა დაიწყო ქინმენზე.
როგორც დასაწყისში აღინიშნა, აზარის შემდეგ ტაივანს მალევე ეწვია აშშ-ს ეკონომიკური საკითხების მინისტრის მოადგილე, კიტ კრაჩი და პეკინის პასუხმაც არ დააყოვნა. მანამდე, აგვისტოში აღმოსავლეთ აზიის საკითხებში აშშ-ს მაღალი რანგის დიპლომატმა, დევიდ სტილველმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტაივანთან ურთიერთობების წახალისებას აპირებს ახალი, ორმხრივი ეკონომიკური დიალოგის დაფუძნებით. მისივე თქმით, ამ საქმეს კრაჩი გაუძღვება.
აშშ-ტაივანის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება?
ტაივანში კრაჩის ვიზიტამდე აშშ-სთან ტაივანის მთავარმა დიპლომატმა, ტაიფეის ეკონომიკური და კულტურული წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელმა სიაო მეიცინმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ Twitter-ზე დახასიათებაში აშშ-ს ელჩი სიმბოლურად დაიწერა, თქვა, რომ ტაივანს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ძალიან უნდა. იგივე არაერთხელ აქვთ ნათქვამი ტაივანის წამყვან პირებს, მათ შორის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს.
ამჟამად, აშშ-ში უფრო გააქტიურდა საუბარი ტაივანსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სამომავლოდ გაფორმების შესახებ.
2012 წელს აშშ-მ სამხრეთ კორეასთან, ასევე, აზიურ ვეფხვთან, გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რის შედეგადაც გარკვეულწილად აშშ-ს ჩინეთზე დამოკიდებულება შემცირდა. ყველაფერთან ერთად, ადამიანის უფლების მწვავედ დარღვევის გამო თავისუფალი ქვეყნებისთვის ჩინეთთან ვაჭრობა სულ უფრო პრობლემური ხდება - 15 სექტემბერს აშშ-ში განაცხადეს, რომ ჩინეთის სინძიანგის პროვინციიდან საექსპორტო პროდუქტების ნაწილის შემოტანის აკრძალვას განიხილავენ. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ მათი წარმოებისთვის იძულებით ამუშავებენ უიღურ მუსლიმებს, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში ჰყავთ მოთავსებული. ტაივანს მხარდაჭერა სჭირდება, ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება. წაგებული არც აშშ რჩება. The Heritage Foundation-ის 2019 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ტაივანი მე-10 ყველაზე თავისუფალი ეკონომიკაა. 2018 წლის მონაცემებით, ტაივანი აშშ-ს მე-12 ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორი იყო საქონელსა და მომსახურეობის სფეროში.
აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ტაივანს სხვა ქვეყნების თვალში მეტ წონას შემატებს და შესაძლოა, მათაც გადახედონ სხვადასხვა სახის კავშირს. ტაივანიც უპირველეს ყოვლისა ამას ითხოვს სხვა ქვეყნებისგან - მეტ ჩართულობას, მეტ კავშირს, რადგან არ იყოს მსოფლიოსგან იზოლირებული, მაშინ, როდესაც ჩინეთი თავის გავლენას სულ უფრო აფართოებს.
"ჩვენ გვგონია, რომ თანამოაზრე ქვეყნებმა ან მეგობარმა დემოკრატიებმა ამ ადგილს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ და ერთმანეთის დასახმარებლად მოვიდნენ, რადგან ჩინეთის ექსპანსიური მოტივაციის შეკავება შესაძლებელი იყოს". - თქვა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ.
ჩეხეთის გამონაკლისი
ტაივანი სხვა ლიბერალური დემოკრატიებისგან მხარდაჭერას ელის. აქ საინტერესოა ერთი, ჩეხეთის რესპუბლიკის მაგალითი, რასაც ბოლო დროს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩინეთი ახერხებს და ევროპაშიც ნაკლებად პოპულარული ხდება და არამხოლოდ სინძიანგის და ჰონგ-კონგის საკითხის გამო.
ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი, მილოს ვისტრიცილი, პრაღის მერთან ერთად თაიფეიში 90-კაციანი დელეგაციით 30 აგვისტოს ჩავიდა მას შემდეგ, რაც ვისტრიცილის წინამორბედი, რომელსაც ამ ვიზიტის განხორციელება სურდა და ჩინური მხარე ამის გამო მას ემუქრებოდა, უეცრად იანვარში გარდაიცვალა. ვიზიტის მთავარი მიზანი ტაივანსა და ჩეხეთს შორის ბიზნეს ურთიერთობების წახალისება იყო.
ვისტრიცილის ტაივანში ვიზიტს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი, გამოეხმაურა და თქვა, რომ ვისტრიცილს ეს ვიზი ძვირად დაუჯდება. თან ეს მაშინ განაცხადა, როდესაც ის ევროპის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებს მართავდა.
"გთხოვთ, უფლება მომეცით, პირადად გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ტაივანისადმი და თავისუფლების გადამწყვეტი ღირებულებისთვის და დავასრულო დღევანდელი სიტყვა... ალბათ, უფრო, თავმდაბალი, თუმცა თანაბრად ძლიერი განცხადებით - მე ტაივანელი ვარ" - ვანგ ის მუქარის შემდეგ, ვისტრილიცილმა ტაივანის პარლამენტში ეს სიტყვები მანდარინზე წარმოთქვა, რაც ეხმიანება აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის, 1963 წელს კომუნისტების საპირისპიროდ ცნობილ გამოსვლას დასავლეთ ბერლინში. მის სიტყვებს ტაივანის დეპუტატებმა ფეხზე მდგომებმა დაუკრეს ტაში.
"[ევროპელები] საერთაშორისო პარტნიორებს პატივისცემას ვთავაზობთ და მათგან ზუსტად იმავეს მოველით... მუქარას აქ ადგილი არ აქვს". – განუცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ვანგ ის გერმანიაში. ვანგ ის მუქარას წინ აღუდგნენ საფრანგეთში და სლოვაკეთშიც.
ჩეხეთი სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას აღიარებს, მაგრამ ჩინეთის მოთხოვნას, რომ თითქოს ტაივანთან ერთი-ერთზე თავისუფლად დალაპარაკება არ შეიძლება, არ მოუსმინა. ჩეხეთმა ტაივანთან ახლებური ურთიერთობები ევროპიდან პირველმა ჩამოაყალიბა. გაჰყვებიან თუ არა სხვა ევროპული ქვეყნები მის გზას - ჯერ ეს უცნობია. თუ ისინი პეკინის მუქარას დაუჯერებენ - ეს არ მოხდება. ვისტრიცილმა ტაივანში გაფრენამდე თქვა - "ჩვენ, ან ჩვენ პრინციპებს დავიცავთ, ან ხურდებს დავითვლით. მე ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვისკენ ვიხრები".
ტაივანი და ჩინეთი - ახლა რა ხდება?
ტაივანის ჩინურ საფრთხეს რომ დავუბრუნდეთ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიის 2019 წლის ანგარიშში წერია, რომ ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა "ემზადება შესაძლებლობისთვის, რათა ტაივანი კონტინენტურ ჩინეთთან ძალით გააერთიანოს, ამავდროულად, აკავებს, აყოვნებს ან უარყოფს ნებისმიერ მესამე პარტიის ინტერვენციას ტაივანის სახელით". როგორც მაღლა ითქვა, ჰონგ-კონგის მაგალითზეც გამოჩნდა, რომ ახალი კორონავირუსის კრიზისი ამისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობაა. ამასთან ერთად ჩანს, რომ დასავლეთის პასუხი ჰონგ-კონგზე ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. შესაძლოა, ჩინეთს ამდენი ხნის შემდეგ აშშ-ს შესაძლებლობების შემოწმება უნდა, ტაივანს დაიცავს თუ არა. აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში ერთერთი ბოლო ცალსახა მაგალითი, რამაც, შესაძლოა, ჩინელ ლიდერებს თავდაჯერებულობა შემატა, შეიძლება იყოს აშშ-ს ჯარების გაყვანა სირიიდან და ქურთი პარტნიორების მიტოვება. დამატებით, როდესაც ჩინეთს კორონავირუსის გამო საერთაშორისოდ აკრიტიკებენ, IMF ქვეყანაში წელს 1%-იან ზრდას პროგნოზირებს, ჩინეთის ლიდერებმა მოსახლეობის მხარდაჭერის მიღების მოტივითაც შეიძლება, ტაივანი მიზანში ამოიღონ. ყველაფერთან ერთად, ტაივანი არის ყველაფერი ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩინეთი, რომ არა კომუნიზმი - ტაივანი პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი ჩინურად მოსაუბრე დემოკრატიაა და ის აქრობს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მითს, რომ თითქოს თავისუფლება და დემოკრატია ჩინური საზოგადოების ბუნება არ არის. კომუნისტური ჩინეთის ძალაუფლებისთვის კი საფრთხეს წარმოადგენს ასეთი მაგალითი ტაივანის მოდელის სახით.
ჩინეთის სახალო რესპუბლიკის ცნობილი პირველი პირებიდან ტერიტორიების შეერთების მხრივ, ტაივანის შეერთება ვერც მაო ძედუნმა და ვერც ტენგ სიაოფინგმა მოახერხა. სი ძინფინგს, რომელსაც, როგორც ჩანს უნდა, რომ ჩინეთის "დიდ ლიდერებს" შორის იყოს და იმხელა ძალაუფლება აქვს, რომ 2018 წელს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებით მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუძლია ძალაუფლების სათავეში ყოფნა, ამის შანსი აქვს.
ამერიკელმა დიპლომატმა, ჰენრი კისინჯერმა, 2007 წელს განაცხადა, რომ ჩინეთი ტაივანთან გაერთიანებისთვის სამუდამოდ არ მოიცდის. მისი სიტყვები 2013 წელს სი ძინფინგმა განამტკიცა და 2019 წელსაც გაიმეორა, რომ ტაივანის საკითხი - "თაობიდან თაობას არ უნდა გადაეცეს". ჩინეთს დიდი მიზნები აქვს და ტაივანის შეერთება ამ მიზნების ერთერთი ნაწილია. სავარაუდოა, რომ სი ძინფინგს თავისი პრეზიდენტობის დროს სურს "ტაივანელ თანამემამულეებთან" გაერთიანების მისიის შესრულება. ამასთან ერთად, ჩინეთი ნაკლებად ამბობს, რომ ტაივანთან გაერთიანება მშვიდობიანი გზით სურს.
ბოლო პერიოდში ტაივანთან ჩინური სამხედროები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. გასულ თვეებში ჩინეთის სამხედრო ძალებმა არაერთი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს კუნძულთან და საჰაერო ძალებმაც მრავალჯერ გადაკვეთეს ტაივანის სრუტის შუა ხაზი.
ეს საკმაოდ საშიში შეიძლება იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ჩინელები ამგვარად ტაივანელების საპასუხო ქმედებებს აკვირდებიან - მაგალითად, რა დრო სჭირდება ტაივანის საბრძოლო თვითმფრინავს რომელიმე აღნიშნულ ადგილას მისვლისთვის, რა სამხედრო ძალა რომელი ბაზიდან მოდის და ა.შ. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის შეიარაღება ტაივანის შეიარაღებაზე არაპროპორციულად დიდია, ხშირი წვრთნებით და ტაივანის საპასუხო პატრულირებით, მათ რესურსი აკლდებათ.
მაისის ბოლოს ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოსა და ერთობლივი შტაბის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლი წოუჩენგმა, ჩინეთის პარლამენტში საუბრისას განაცხადა, რომ ტაივანზე ჩინეთი ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე არ არის, ჩინეთის წამყვანი სამხედრო პირისგან მსგავსი საჯარო განცხადება იშვიათია. განსაკუთრებით, ჰონგ-კონგის ავტონომიის დასრულების ფონზე.
ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში მესამე ყველაზე გავლენიანმა მაღალჩინოსანმა და ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ლი ჭანშუმაც, მის მსგავსად განაცხადა, რომ არამშვიდობიანი გზებს ბოლო ვარიანტად განიხილავენ.
მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ჩინეთის მშპ-მ ყოველწლიურად ნელნელა კლება დაიწყო, თავდაცვის ხარჯები უფრო გაიზარდა. შედარებისთვის, 2011 წელს, როდესაც ჩინეთს 9.4%-იანი ზრდა ჰქონდა, თავდაცვის ხარჯი დაახლოებით, 100 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ხოლო 2018 წელს, როდესაც ჩინეთის მშპ დაახლოებით 6.6%-ით გაიზარდა, ქვეყანამ თავდაცვაში 170 მილიარდზე მეტი ჩადო. ამასთან შედარებით, ტაივანის თავდაცვის ხარჯი მცირეა, თუმცა გაზრდილი საფრთხის საპასუხოდ, წელს ტაივანმა გაზრდილი, 15.4 მილიარდიანი თავდაცვის ბიუჯეტი წარადგინა.
მართალია, ჩინეთის ძალები ტაივანთან შედარებით დიდია, თუმცა 71 წლის განმავლობაში ტაივანი თავდაცვას ავითარებს და ემზადება სცენარისთვის, რასაც იმედოვნებს, რომ არასდროს მოხდება. ცაი ინგვენის განცხადებით, ჩინეთს ტაივანის დაპყრობა ძალიან ძვირი დაუჯდება.
რას აკეთებს აშშ?
ფაქტია, რომ ოთხი ათწლეულის მანძილზე სტრატეგიული ორაზროვნების პოლიტიკა მოქმედებდა. თუმცა, მეტწილად იმიტომ, რომ ჩინეთი არ იყო საკმარისად ძლიერი - მას შემდეგ რაც ჩინეთის ეკონომიკა გაიხსნა, პეკინი უპირველეს ყოვლისა ეკონომიკურ განვითარებაზე იყო ფოკუსირებული და გარშემო მასაც მშვიდობა სჭირდებოდა. დღეს, როგორც აღინიშნა, ჩინეთი მსოფლიოში მეორე უდიდესი ეკონომიკაა, ქვეყნის სათავეში სი ძინფინგით "ჩინური ოცნებით". იმოქმედებს კი იგივე პოლიტიკა, სულ მცირე, შემდეგი 4 ათწლეული განმავლობაში? მართალია, აშშ სამხედრო, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთზე ბევრად ძლიერია, თუმცა, როგორც ჩანს, დღეს ჩინეთს აქვს იმის შესაძლებლობა და მოტივაცია, რომ არა მხოლოდ ტაივანს, აშშ-საც ერთი-ერთზე დაუპირისპირდეს.
დღეს ტაივანისადმი ამერიკის პოლიტიკის გადახედვა ათწლეულების განმავლობაში პირველად მიმდინარეობს. 31 აგვისტოს Financial Times-ში აშშ-ს ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "სტრატეგიული ორაზროვნების" მომავალს განიხილავდნენ.
ჰონგ-კონგის უშიშროების კანონების ამოქმედების შემდეგ აშშ-ს არაერთმა კანონმდებელმა წამოაყენა იდეა ან წარადგინა კანონპროექტი, რითაც სურვილი გამოხატეს რომ სტრატეგიული ორაზროვნების პოლიტიკა, იმ სახითაც რა სახითაც დღეს არის, დაასრულონ.
"თუ ჩინეთის კომუნისტური პარტიას ტაივანის დაპყრობის ნებას მისცემენ, მზად იქნება რეგიონზე დომინირებისთვის." - თქვა სენატორმა ჯოშ ჰოულიმ.
რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკელმა სენატორმა რიკ სკოტმა ტაივანის კომუნისტური ჩინეთის აგრესიისგან დასაცავად წარადგინა ტაივანში შეჭრის პრევენციის აქტი, რაც აშშ-ს პრეზიდენტს შეზღუდულ უფლებას მიანიჭებს სამხედრო თავდასხმის წინააღმდეგ ტაივანის დასაცავად გამოიყენოს სამხედრო ძალა, ტაივანთან გაერთიანებაზე კომუნისტურ ჩინეთს მოსთხოვს, უარი თქვას სამხედრო ძალის გამოყენებაზე ან ამით დაშინებაზე. აშშ-მ, ტაივანმა და ასევე სხვა თანამოაზრე პარტნიორებმა ჩაატარონ ერთობლივი სამხედრო წვრთნები, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი წაახალისოს, რომ გაგზავნოს პერსონალი ტაივანის თავდაცვის უნივერსიტეტში, აშშ-ს და ტაივანის პრეზიდენტები წაახალისოს, რომ ერთმანეთს ტაივანში შეხვდნენ და სხვა.
ტაივანის სრუტეში დაძაბული ურთიერთობების ფონზე, პირველ რიგში, აშშ-ს მიერ ტაივანის შეიარაღებით მომარაგების საკითხი მშვიდობის მისაღწევად ერთერთი მთავარი კომპონენტია. აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან აშშ-ს ადმინისტრაციებმა კონგრესს ტაივანისთვის 22 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საგარეო სამხედრო მიყიდვის შესახებ აცნობა. გასულ კვირებში გავრცელდა ცნობები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია 7 მილიარდის ღირებულების სამხედრო შეიარაღების მიყიდვას აპირებს ტაივანისთვის.
"ამ ადმინისტრაციამ სერიოზულად შეხედა თავისი ვალდებულებას, უზრუნველყოს ტაივანი საჭირო შეიარაღებით საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად." - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ივლისში.
კანონპროექტის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია, პეკინის ნაბიჯებს კი შემაკავებელი პასუხები სჭირდება, რათა კონფლიქტის ალბათობა მინიმუმამდე დავიდეს. მართალია, აშშ-ს სამხედრო ძალები პერიოდულად იმყოფებიან ტაივანის საჰაერო და საზღვაო სივრცესთან, თუმცა ეს ძირითადად მოიცავს თვითმფრინავების ან გემების პერიოდულ ჩავლას გადაადგილების თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის ან სადაზვერვო ინფორმაციის მიღებისთვის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს გარკვეული, მაგალითად, საზღვაო ძალა უფრო ხშირად იქნება ტაივანთან წარმოდგენილი, ჩინეთისთვის ეს პირველი პრობლემა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტაივანზე გალაშქრებას უცბად გადაწყვეტს.
"არავის სურს ომი. თუმცა, ტაივანის დაშინებით, პეკინი მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და შეტაკება უფრო მოსალოდნელია. ჩინელი ლიდერები გააგრძელებენ ამერიკული გადაწყვეტილების ლიმიტების გამოცდას მანამ, სანამ აშშ ნათლად არ [იტყვის] რომ ჩინური აგრესია დიდი ფასი დაჯდება… ტაივანის მხარდაჭერა ამერიკული ღირებულებების საკითხიც არის. თავისუფალი ტაივანის მხარდაჭერით ჩვენ წინ აღვუდგებით კონტინენტური ჩინეთის კომუნისტურ ტირანიას. დღეს მსოფლიო არენაზე არ არსებობს ამაზე უფრო სასწრაფო საქმე". - აღნიშნა გაეროში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ წერილში - "დროა ტაივანისთვის მხარდაჭერა გავაფართოვოთ".
იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ტაივანს აიღებს, პირველ რიგში, შორეული აზიის რეგიონის ქვეყნების თვალში ეს იქნება ჩინეთის გამარჯვება და აშშ-ს დამარცხება, შედეგად, შესაძლოა, რეგიონის ქვეყნებმა აზია-ოკეანეთში ამერიკის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ სხვა ნებისმიერ საკითხზე. აშშ-სა და ჩინეთს შორის ახალ ცივ ომზე უკვე არც ისე ცოტა ხანია, რაც ამერიკისა და ჩინეთის მთავრობებში ღიად საუბრობენ. თუმცა, დაძაბული ურთიერთობების ფონზე, სამომავლოდ არც გარკვეული ტიპის სამხედრო დაპირისპირებაა გამორიცხული. სცენარის ამგვარად განვითარების შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ტაივანი აღებული იქნება, რეგიონის ქვეყნებს, შესაძლოა, მხარის არჩევა გაუჭირდეთ. ამასთან ერთად, ტაივანს დიდი ფასი აქვს იმით, რომ წარმატებული დემოკრატიისა და ეკონომიკური სასწაულის მოდელია და მისი დაკარგვით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება აშშ-ს, როგორც დემოკრატიის დამცველისა და მხარდამჭერის სტატუსი, მით უფრო, როდესაც საქმე კომუნისტურ ჩინეთს ეხება. ტაივანის კონტინენტური ჩინეთის საქმეთა საბჭოს კონსულტანტმა, თუნგ ლივენმა, თქვა, რომ ჩინეთის ამბიცია მხოლოდ ტაივანი არ არის - "ეს მთელი აზიაა და მთელი მსოფლიო". აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, 23 ივლისს რიჩარდ ნიქსონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში და მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ჩვენი თავისუფლებების დაცვა ჩვენი დროის მისიაა". ტაივანი კი, შესაძლოა, დღეს მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზია.