აშშ

თეთრი სახლის სპიკერი: ბაიდენი ჯორჯიის შტატის ახალი საარჩევნო კანონის გამო შეშფოთებულია

26 მარტს თეთრის სახლის პრესმდივანმა, იენ საკიმ, თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეშფოთებულია "ამომრჩეველთა ხმის მიცემის მთელი რიგი შეზღუდვებით", რომელიც ჯორჯიის შტატში დაამტკიცეს.

მისი თქმით, ბაიდენს აშფოთებს, რომ ახალი კანონი ხელს შეუშლის იმას, რომ არჩევნებზე რიგში მდგომ ხალხს წყალი მიაწოდონ, საარჩევნო უბნებზე სამუშაო საათებს შეამცირებენ და რომ ეს შეზღუდავს დაუსწრებლად ბიულეტენების გამოყენებას.

მისივე თქმით, ხმის მიცემა უფრო რთული კი არა , არამედ უფრო მარტივი უნდა იყოს.

"ჩვენ არ უნდა დავაწესოთ შეზღუდვები. ხალხს უნდა შეეძლოს სახლიდან ხმის მიცემა. მათ უნდა შეეძლოთ დაუსწრებლად ბიულეტენების გამოყენება". - აღნიშნა მან. 

კანონზე ხელმომწერი რესპუბლიკელი გუბერნატორის, ბრაიან კემპის თქმით, ის არ ნანობს, რომ "ახალი ნაბიჯები გადადგეს, რათა არჩევნები სამართლიანი და უსაფრთხო იყოს". ოპონენტების შეფასებით, ცვლილებებით ზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობას და რომ ეს მიზნად ისახავს შავკანიან ამომრჩეველთა გავლენის შემცირებასაც.

იანვარში მეორე ტურის არჩევნების შედეგებით გადაწყდა, რომ რესპუბლიკელები სენატს ვეღარ აკონტროლებენ. ჯორჯიაში სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატებმა რესპუბლიკელები დაამარცხეს. თუმცა შტატის მთავრობას რესპუბლიკელები აკონტროლებენ. რესპუბლიკელებმა საარჩევნო მთლიანობის აქტი 2021 წარადგინეს, რომელიც 25 მარტს ჯორჯიის ორივე საკანონმდებლო პალატამ დაამტკიცა.

ჯორჯიის შტატის ახალი კანონით ფოსტით ხმის მიცემის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ახალი მოთხოვნები ემატება, რითაც ამჟამინდელი სისტემა იცვლება, სადაც მხოლოდ ხელმოწერაა საკმარისი. რესპუბლიკელების თქმით, ეს არჩევნებისადმი ნდობას გაზრდის, ხოლო, დემოკრატების თქმით, ეს გაურთულებს საქმეს ხალხს, რომელსაც, შესაძლოა, არ ჰქონდეს პირადობის მოწმობა. ასევე, ცვლილებებით შტატის საკანონმდებლო ორგანოს უფრო მეტი უფლებამოსილება ეძლევა შტატების საარჩევნო საბჭოზე, რიგში მდგომი ამომრჩევლისთვის საკვების ან წყლის მიწოდება იკრძალება, მეორე ტურის არჩევნების პერიოდი მცირდება 9 კვირიდან 4 კვირამდე.

საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯიის შტატში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა, 1992 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. მან ტრამპზე დაახლოებით 12 000ით მეტი ხმა მიიღო

იანვრის დასაწყისში  The Washington Post-მა გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ტრამპი ჯორჯიის შტატის მდივანს, რესპუბლიკელ ბრედ რაფენსპერგერს ესაუბრება. ჯორჯია ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატი იყო, რომელიც ტრამპმა წააგო. სატელეფონო საუბარში ტრამპი რაფენსპერგერს სთხოვს, შედეგები გადათვალოს და მისთვის 11 780 ხმა იპოვოს.

"მხოლოდ ერთი რამის გაკეთება მსურს. მინდა, ვიპოვო 11 780 ხმა, რაც ერთით მეტია იმაზე, ვიდრე გვაქვს, რადგან შტატში გავიმარჯვეთ". – ამბობს ტრამპი ჩანაწერში. 11 780 ხმის დამატების შემთხვევაში ტრამპს სულ ჯორჯიის შტატში 2 473 634 ხმა ექნებოდა, რაც ბაიდენის მიერ მიღებულ ხმებზე ზუსტად ერთით მეტი აღმოჩნდებოდა. ჯორჯიაში ხმები იმ დროისთვის უკვე სამჯერ იყო გადათვლილი მანამდე, სანამ ბაიდენის გამარჯვებას დაადასტურებდნენ. სასამართლოში ტრამპის გუნდისა და რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრის მიერ შეტანილი სარჩელები არჩევნების შედეგები გაუქმების თაობაზე სასამართლომ არცერთ შტატში არ დააკმაყოფილა.

კომენტარები