გიორგი უძილაურის საქმე

არ ემორჩილებოდა ე.წ. პარტიულ დისციპლინას – გიორგი უძილაურის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილი და გიორგი უძილაური
Facebook/ Giorgi Udzilauri

ივანიშვილის ყოფილი პრესმდივნის, ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის ადვოკატის განცხადებაში, რომელსაც ინტერპრესნიუსი ავრცელებს, ნათქვამია, რომ უძილაურის "აქტივობა და ენთუზიაზმი" ჩაითვალა პოლიტიკურ თავნებობად, რადგან ის არ ემორჩილებოდა ე.წ. პარტიულ დისციპლინას და "რისი გაკეთებაც არ სურდა, არ აკეთებდა".

განცხადების თანახმად, საგამოძიებო სამსახურის პარალელურად, უძილაური ორჯერ იმყოფებოდა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.

"იკავებდა რა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას, იმავდროულად ინარჩუნებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“ დირექტორის თანამდებობას, 2025 წლამდე კი რედაქტორობდა ინტერნეტ გამოცემა ”european.ge“-ს, რომელშიც პერიოდულად აქვეყნებდა მის ანალიტიკურ სტატიებს სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ თემებზე, ისევე როგორც მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში 1994 წლიდან.

აღიარებს, რომ საგამოძიებო სამსახურის პარალელურად, ორჯერ იმყოფებოდა პროევროპული სტუდენტების საპროტესტო აქციებზე რუსთაველზე, ერთხელ მოძრაობდა, ხოლო მეორედ იდგა სასტუმრო "თბილისი მარიოტსა" და გალერეას შორის. აქციის დარბევისას არაერთხელ იცვლიდა ლოკაციას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია პროევროპულ სტუდენტებს გაზით არბევდა, სახე არ დაუმალავს. შესაბამისად, შსს-ს ჰქონდა მისი იდენტიფიკაციის საშუალება". - ამბობს ადვოკატი.

ამასთან ერთად, ადვოკატის მტკიცებით, უძილაური დაუფარავად დასცინოდა ქართული ოცნების მიერ ევროპის დისკრედიტაციისთვის გამოგონილ "საფრთხობელებს" - Deep State-ს, ე.წ. ომის პარტიას.

"იმის მიუხედავად, რომ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებისთანავე გაფრთხილებული იყო, რომ ისმინებოდა მისი ტელეფონები, ხდებოდა ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგი, ფიქსირდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანის ლოკაცია და ხორციელდებოდა სალონის მოსმენა, თავი არ შეუზღუდავს არც შეხვედრებში და არც საუბრებსა თუ მიმოწერებში.

უფრო მეტიც, დაუფარავი ენთუზიაზმით დასცინოდა ხელისუფლების მიერ ევროპის დისკრედიტაციისათვის გამოგონილ საფრთხობელებს („Deep State“, “ომის პარტია“, “მასონები“, “ევროგეების საფრთხე“...), გმობდა ხელისუფლების სასტიკ პოლიტიკას პროევროპელი სტუდენტების მიმართ, რადგან ამ პოლიტიკას შედეგად მოჰყვება ახალგაზრდების მასიური გადინება საქართველოდან.

გიორგი უძილაურის თქმით, ეს პოლიტიკა არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მიზანი ან ამოცანა". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 5 მაისს სუს-მა ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით გიორგი უძილაური დააკავეს დააკავეს.

უძილაურს ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა.

კომენტარები