2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს დანიაც შეუერთდა

Lintao Zhang/Getty Images

დანია 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტს შეუერთდა. ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო დანიელი მინისტრები ოლიმპიადას არ დაესწრებიან.

პეკინის ოლიმპიადას აშშ-მ ბოიკოტი გასული წლის დეკემბერში გამოუცხადა. შემდგომში აშშ-ს გადაწყვეტილებას შეუერთდნენ ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, და ახლა უკვე დანია და ნიდერლანდებიც. ეს ქვეყნები ჩინეთში დიპლომატებს არ გაგზავნიან, თუმცა მათი სპორტსმენები ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კოვდსაწინააღმდეგო შეზღუდვები უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე 2021 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის დროს - ე.წ. "დახურულ სისტემაში" მოსახვედრად საჭირო იქნება სრულად ვაქცინირებულის სტატუსი და ყველა მონაწილემ ტესტირება ყოველდღიურად უნდა გაიაროს. ამ მიზეზით ოლიმპიადას ნიდერლანდელი და ახალ-ზელანდიელი მინისტრებიც არ დაესწრებიან.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ვანგ ვენბინის თქმით, ქვეყნები, რომლებიც პეკინის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებენ, შეცდომისთვის პასუხს აგებენ.

ბოლო წლებში ურთიერთობა ჩინეთსა და დასავლურ სახელმწიფობს შორის გაუარესდა. აშშ ჩინეთს სინძიანგის ავტონომიურ რეგიონში მუსლიმი უმცირესობის, უიღურების რეპრესიასა და გენოციდში ადანაშაულებს. უიღურების წინააღმდეგ ჩინეთის მოქმედებები გენოციდად გამოაცხადა დიდმა ბრიტანეთმაც. ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევას უარყოფს. ურთიერთობების დაძაბვას იწვევს ჰონგ-კონგში უშიშროების ახალი კანონის გატარების შემდეგ პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვა. ჩინეთის და კანადის ურთიერთობები კანადაში Huawei-ის ფინანსური დირექტორის დაკავების და საპასუხოდ ჩინეთში კანადის მოქალაქეების დაკავების შემდეგ გაუარესდა.

კომენტარები