პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენებთან და კომიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ "სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით, გარკვეულწილად ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებსაც ვემსახურებით." მისი თქმით, ოლიმპიადაზე საქართველოს სპორტსმენების მონაწილეობაზე საზოგადოებაში განსხვავებული აზრის არსებობას ის გაგებით ეკიდება.
"მართლაც ძალიან რთული თემაა და ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ამ რთულ გადაწყვეტილებას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული არგუმენტები. უპირველესად ის, რომ ჩვენ ვცდილობთ გავმიჯნოთ სპორტი პოლიტიკისგან, როდესაც ეს ასე არ ხდება ყოველთვის ზარალდება სპორტი და ზარალდებიან სპორტსმენები. ჩვენი მონაწილეობით სოჭის ოლიმპიადაზე ჩვენ გარკვეულწილად ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებსაც ვემსახურებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ოლიმპიადამ ჩაიაროს მშვიდად და ჩვენი მონაწილეობა ამცირებს იმის საფრთხეს, რომ ღმერთმა არ ქნას რაღაც უსიამოვნო რამე მოხდეს იქ, საქართველო იყოს ამაში პირველ რიგში დადანაშაულებული, როგორც ეს ადრე ხდებოდა", - თქვა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძის თქმით, საქართველო ვერ იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბოიკოტს გამოუცხადებს ამ თამაშებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები ყველანი ერთხმად მხარს უჭერენ საქართველოს "ამ რთულ გადაწყვეტილებას".
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, შესაძლოა ეს ოლიმპიადა იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაშები, რომლებშიც საქართველოს გუნდი იღებს მონაწილეობას.