სოჭის ოლიმპიადა

პრემიერი სოჭის ოლიმპიადაზე: ვიტყვით უარს და რა? ვიქნებით მარტო. მოგეწონებათ?

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მხრიდან იმპულსური ქმედება არ შეიძლება.

”ჩვენ უნდა დავასრულოთ ცხოვრება იმპულსებით. ამ კაცმა გვაცხოვრა იმპულსურად ჩვენ და რაც მივიღეთ, ვნახეთ. მათ რიცხვში რუსეთთან დაკავშირებით და დამოკიდებულებით. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, ნახეთ მთავრობის განცხადება, მე ვმონაწილეობდი იმ განცხადებაში. ეს არის ჩემი პოზიცია. არაფერს შეურაცხმყოფელს ჩვენს ქვეყანას არ ვაკადრებთ, და ჩვენ მოვიქცევით ღირსეულად. მაგრამ იმპულსურად ნუ ვიცხოვრებთ. ეს გაფიცვებიც - ძალიან ბევრი მათგანი ოდესღაც ასოცირდებოდა სააკაშვილთან და მის გუნდთან. ისინი ერთი კაცის და ერთი სტრუქტურის კერძო ინტერესებს გამოხატავენ. დაველოდოთ. გარწმუნებთ, თუ საჭირო იქნება, უარსაც ვიტყვით ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ამას ყოველთვის მოვასწრებთ, ყველაზე მარტივი ეგაა. მაგას არაფერი უნდა. ვიტყვით უარს და მერე რა? იმის იქეთ რა? აი, როგორმე უარი ვთქვათ - ახლა ამით ვაშინებთ მთელს მსოფლიოს. ჩვენ ერთნი რომ ვიქნებით მარტო, როგორ მოგეწონებათ?” - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, თუ ოლიმპიადის წინ იქნება განცდა, ”რომ ჩვენი იქ ყოფნა შეურაცხმყოფელია, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ  მონაწილეობას”.

”თუ შევხედავთ და გავაანალიზებთ, რომ ესე სჯობია, ვიტყვით, რომ არ წავალთ და არ წავალთ ჩვენც. რად უნდათ ეს აჟიოტაჟი და აყალმაყალი რომ აქვთ ატეხილი. ერთი მიზეზით მხოლოდ, ერთი და იგივე ხალხისგან ანგაჟირებულს. თუმცა, საზოგადოების ბევრ წევრს დამოუკიდებლად იმისა, ვის უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაგებით ვეკიდები მათ პოზიციებს. აღმაშფოთებელია ეს ყველაფერი, რაც ხდება და როგორც ხდება. მაგრამ სახელმწიფო არ შეიძლება იყოს იმპულსური, და არ შეიძლება, იყოს ნერვული. უნდა იყოს დაბალანსებული და გადაწყვეტილებებს უნდა დაელოდო და მიიღო დროულად. ჯერ გვაქვს ჩვენ დრო. რატომ ვჩქარობთ? უარის თქმას ყოველთვის მოვახერხებთ, მაგრამ ისე არ გვინდა, დღეს რომ უარი ვთქვათ და ხვალ დავეთანხმოთ, ზეგ უარი ვთქვათ და მაზეგ დავეთანხმოთ... დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ჩვენ ოლიმპიადის წინ გვქონდა განცდა, რომ ჩვენი იქ ყოფნა შეურაცხმყოფელია, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ მონაწილეობას”, - თქვა პრემიერმინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

კომენტარები