ჩინეთი

რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის

თვალახვეული უიღურები და პოლიციელები სინძიანგის, ბაინკუოლენჭოუს მატარებლის სადგურზე. 2019 წელი.
Youtube/War on Fear/ ABC

ჩინეთის სინძიანგის რეგიონიდან, სადაც ჩინეთის მთავრობას უიღურებისთვის და სხვა მუსლიმი უმცირესობებისთვის სპეციალური ბანაკები, იგივე საკონცენტრაციო ბანაკები აქვს შექმნილი, ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ადამიანის უფლებათა მეთვალყურეობის ორგანიზაციამ მოიპოვა მონაცემები, სადაც ჩანს, თუ როგორ იყენებენ მაღალჩინოსნები სინძიანგში ფართო "პროგნოზირებად პოლიციის" ქსელს, რათა თვალყური ადევნოს ინდივიდუალურ პირად ქსელებს, მათ ონლაინ აქტივობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას.

სია მოიცავს 2 000-ზე მეტ დაკავებული უიღურის შესახებ დეტალებს, რომლებიც სინძიანგში, აქსუში იყვნენ დაკავებულები 2016-დან 2018 წლამდე. 

როგორც ირკვევა, ისინი ინტეგრირებული ერთობლივი ოპერაციების პლატფორმის (IJOP) მიერ მონიშვნის შემდეგ დააკავეს. ეს არის სინძიანგში მასობრივი მეთვალყურეობისთვის მთავარი სისტემა. IJOP მოიცავს დიდ მონაცემთა ბაზას, რომელიც ავტომატიზირებული ონლაინ მონიტორინგისა და ოფიციალური პირების მიერ ხელით შეყვანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აერთიანებს პერსონალურ მონაცემებს.

ეს ინფორმაცია მოიცავს ადამიანების ფიზიკურ მახასიათებლებს, მათი ავტომობილის ფერს, მათ პირად პრეფერენციებს, სახლში შესასვლელად წინა კარებს იყენებენ თუ უკანას, ვის უკავშირდებიან რეგულარულად, კომპიუტერში რა პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ.

HRW-ის ჩინეთის უფროსმა მკვლევარმა, მაია ვანგმა, თქვა, რომ აქსუს სიით მეტად ნათელი ხდება, თუ როგორ ხორციელდება რეპრესიები სინძიანგში მუსლიმებზე ტექნოლოგიების დახმარებით.

ამ სიაში არსებულ პირთა დიდი ნაწილი დააკავეს კანონიერი და არაძალადობრივი ქმედებისთვის, თუმცა ბევრის სახელის გასწვრივ მხოლოდ წერია "IJOP-ის მიერ მონიშნული" და არ არის დამატებით ინფორმაცია, თუ როგორ მიიღეს მაღალჩინოსნებმა ეს გადაწყვეტილება.

საქციელი, რაც დაკავების მიზეზად დაწერეს მოიცავს - "ზოგადად არასანდოდ" ყოფნას და "1980-იანი წლების შემდეგ დაბადებას". ზოგი პოლიგამიის გამოც დააკავეს.

ერთ-ერთი პირი, ქალბატონი ტ, IJOP-მ "სენსიტიურ ქვეყნებთან კავშირისთვის" მოინიშნა მას შემდეგ, რაც IJOP-მ დააფიქსირა, რომ ამ პირმა მისი დისგან, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ოთხი ზარი მიიღო. IJOP-ს ზარების ხანგრძლივობა წუთებსა და წამებში უწერია. 

HRW-ის მკვლევრები დაუკავშირდნენ ქალბატონი ტ-ს დას, რათა დოკუმენტების ნამდვილობა გადაემოწმებინათ. დის თქმით, ქალბატონი ტ დაკავების დროს პოლიციამ საზღვარგარეთ მისი ოჯახის შესახებ დაკითხა. 

მას შემდეგ დებს შორის კავშირი არ ყოფილა. თუმცა, მან გაიგო, რომ ქალბატონი ტ ამჟამად ქარხანაში მუშაობს სრული განაკვეთით და მხოლოდ შაბათ-კვირას შეუძლია სახლში წასვლა. ის ეჭვობს, რომ ეს იძულებითი შრომის პროგრამის ნაწილია. 

ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ გაჟონა პატიმართა სახელებმა, რაც კარაკაქსის სიის სახელით არის ცნობილი. სია ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, სადაც ასახულია თუ როგორ წყვეტდნენ მაღალჩინოსნები პირის პატიმრობაში დარჩენა, არდარჩენის საკითხს. 

ახალ, აქსუს სიაში ასახულია თუ რა ნიშნით აკავებენ ადამიანებს და IJOP-ის როლი ამ ყველაფერში. 

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე იყო გაჟონილი გარკვეული ინფორმაცია, თუ როგორი სტრუქტურა აქვს IJOP-სა და ბანაკის ქსელს. 

"მართალია, ჩვენ ჩაწერილი გვყავს ადამიანები, რომლებმაც თქვეს რომ ისინი IJOP-ს შერჩევით დააკავეს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნახეთ დოკუმენტები, თუ როგორ ხდება ეს თითოეული პირისთვის". - თქვა ვანგმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სინძიანგში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "საუკუნის ლაქას" უწოდებს.

გაეროს შეფასებით, სინძიანგში მილიონზე მეტი მუსლიმია დატყვევებული, აქტივისტები ამბობენ, რომ ის, რასაც პეკინი ჩადის, არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული და გენოციდი.

კომენტარები