დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ლიტვის თავდაცვის მინისტრი: ბელარუსში რუსი სამხედროების შეყვანა პირდაპირი საფრთხეა ჩვენთვის

არვიდას ანუშაუსკასი
DELFI / Andrius Ufartas

ბელარუსში რუსეთის და ბელარუსის საერთო სამხედრო წვერთნების დაწყებას ლიტვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი გამოხმაურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსი სამხედროების ყოფნა პირდაპირი საფრთხეა ლიტვისთვის.

"შექმნილ ვითარებაში ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეყვანას განვიხილავთ არა როგორც მხოლოდ უსაფრთხოების დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორს, არამედ როგორც კიდევ უფრო დიდ, პირდაპირ საფრთხეს ლიტვისთვის." – წერს ანუშაუსკასი Facebook-ზე.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ NATO-ს ქვეყნების ელჩებს შეხვდება, რათა განიხილონ უსაფრთხოების მდგომარეობა და გააცნოს მათ ლიტვის მოქმედებები.

რუსეთი არ აზუსტებს, რამდენი სამხედრო მიიღებს ბელარუსში წვრთნებში მონაწილეობას. მოსკოვის ცნობით, წვრთნების ფარგლებში ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსდება S-400 სარაკეტო სისტემები. მინსკის თანახმად, წვრთნები მეზობელი უკრაინიდან და პოლონეთიდან სამხედრო საფრთხის ზრდის გამო ტარდება.

სამხედრო წვრთნები უკრაინა-რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების პარალელურად იგეგმება. არსებობს საშიშროება, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. კიევი კი ამ სცენარში საფრთხეს ბელარუსის ტერიტორიიდანაც ელის.

14 იანვარს უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდზე კიბერშეტევა მოხდა. უკრაინა ამბობს, რომ კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილის, სერგეი დემედიუკის თქმით, თავდასხმასთან ბელარუსი ჰაკერები არიან დაკავშირებული, რომლებსაც რუსულ სპეცსამსახურებთან აქვთ კავშირი. დემედიუკის ცნობით, კიბერშეტევების დროს იმავე სახის ტექნოლოგია იყო გამოყენებული, როგორიც რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".


2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს

ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

კომენტარები