ბელარუსი

ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში

ბელარუსი

ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში

ბოლო პერიოდში ბელარუსი აქტიურად ჩაერთო დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ ჰიბრიდულ ომში, რომელიც კრემლის ორკესტრირებულია. ქვეყნის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ქმედებებში ხელ-ფეხი აბსოლუტურად გაეხსნა მას შემდეგ, რაც  2020 წლის საპროტესტო ტალღა წარმატებით ჩაახშო, ოპოზიცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა და მთელ მედიაზე კონტროლი მოიპოვა. მართალია მინსკს ეს ქმედებები ძვირად დაუჯდა, რადგან დასავლეთისგან პასუხად უამრავი ეკონომიკური სანქცია მიიღო, თუმცა შეკავების ეს ფორმა, როგორც ხშირ შემთხვევებში, ისე ახლაც, სრულად წარმატებული ვერ გამოდგა. ლუკაშენკოს რეჟიმმა, საშინაო პრობლემების მოგვარების შემდეგ, დასავლეთს ჰიბრიდული ომის ახალი ფრონტი გაუხსნა და ევროკავშირის საზღვრებთან მიგრანტების ხელოვნური კრიზისი შექმნა. ამ ყველაფერს, ბოლო ხანებში, დაემატა ლუკაშენკოს აგრესიული ანტიუკრაინული რიტორიკა.

2020 წლის ზაფხულში ბელარუსში არჩევნების შემდეგ დიდი საპროტესტო ტალღა დაიწყო

მაშინ, როდესაც რუსი სამხედროები უკრაინის საზღვრებთან საეჭვო თავმოყრას აგრძელებდნენ, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების კრიზისის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა დამთხვევა ყოფილიყო. ეს ერთი პრობლემა დიდი სურათის პატარა ნაწილია. კრემლმა 2021 წელს დასავლეთის წინააღმდეგ ფრონტი ყველა შესაძლო მხარეს გახსნა. პუტინის მზარდი აგრესიული პოლიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის რიგმა შეცდომებმა განაპირობა. მიანმარის გადატრიალებასა და ისრაელი-ღაზის სექტორის 11-დღიან კონფლიქტზე უმოქმედობამ და ავღანეთიდან ჯარების ქაოსურმა გამოყვანამ ბაიდენის საგარეო კურსსა და მისი ადმინისტრაციის მონდომებულობაზე არც თუ ისე კარგი წარმოდგენები დატოვა და კრემლშიც შესაბამისი მოლოდინები შექმნა. 

მიგრანტების კრიზისი პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ბოლო თვეებია ათასობით ახლოაღმოსავლელი ლტოლვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა. ვარშავა და ბლოკის სხვა წევრები მინსკს ხელოვნური კრიზისის შექმნასა და მიგრანტების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ და ამ დაძაბულ ვითარებაში მოსკოვის ხელსაც ხედავდნენ.  პოლონეთს საზღვარზე ათასობით სამხედროს გადაყვანა დასჭირდა. კონტროლი გაამკაცრეს ბელარუსის მეზობელმა ლიტვამ და ლატვიამაც. ვარშავა მინსკს ბრალს სდებდა, რომ მათი სპეცსამსახურები მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდნენ და მათ ჯგუფებს კოორდინაციას უწევდნენ. 

პოლონელი მესაზღვრეები ბელარუსის საზღვართან მიგრანტების ჯგუფის შეკავებას ცდილობენ

მოსკოვმა ამ მოვლენებში ჩართულობა უარყო, თუმცა, პარალლელურად, მათ მინსკის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, როდესაც Ту-160-ის ტიპის ბირთვული შესაძლებლობის ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა პოლონეთი-ბელარუსის საზღვრებთან გადაიფრინა. ამაზე ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსული თვითმფრინავები საზღვრის მეორე მხარეს არსებული ვითარების გასარკვევად სჭირდებოდათ. 

რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-160

კრიზისის შესაქმნელად მიგრანტების გამოყენება მოსკოვისთვის სიახლე არაა. ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკაზე საერთო მიდგომა არ გააჩნიათ, რუსეთმა ჯერ კიდევ 2015-16 წლებში, სირიის კონფლიქტის დროს შეამჩნია. ამჟამად, შესაძლოა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამიზნის არჩევისას გაითვალისწინა  სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებული დაპირისპირება ვარშავასა და ბრიუსელს შორის. მინსკმა სწორედ ამიტომ შექმნა კრიზისის ეპიცენტრი პოლონეთის საზღვართან და არა ევროკავშირის სხვა მეზობელ წევრებთან, ლიტვასთან, ან ლატვიასთან. ევროკავშირს თუ სურს, რომ რუსეთმა და ბელარუსმა მომავალში ვეღარ შეძლონ მიგრანტების იარაღად გამოყენება, დროა შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა ლტოლვილების მიმართ. ეს ბლოკი უკვე დიდი ხანია, რაც მიგრანტების საზღვრებიდან გაბრუნების მხრივ, პერიფერიული წევრების სასაზღვრო კონტროლზე არის დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ განაპირა ქვეყნებს ცენტრალური წევრები ბინძურ საქმეს აკეთებინებენ, რათა თავად არ მიიღონ რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება. სწორედ ამ გარემოებით სარგებლობს მინსკი და რუსეთი. ამ პრობლემის გადასაჭრელად ევროკავშირს ორი გზა აქვს, ან შეამსუბუქოს მიგრანტების მიმართ არსებული პოლიტიკა და გასცენ ლტოლვილობის მეტი სტატუსი (რაც არც თუ ისე კარგი გამოსავალია, ტვირთად დააწვება EU-ს გადასახადების გადამხდელებს და მთავრობებისთვისაც რთულად მისაღები, არაპოპულარული გადაწყვეტილება იქნება), ან პირიქით, გადადგან თამამი ნაბიჯი და გაამკაცრონ არსებული პოლიტიკა, შექმნან უფრო ეფექტიანი სისტემა. 

პოლონეთში შეპარული ახლოაღმოსავლელი მიგრანტები

მიგრანტების კრიზისმა, პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან, საგანგაშო ვითარება შექმნა ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. გასულ თვეებში ბელარუსის საზღვართან გამყოფი კედლის შენება დაიწყო ლიტვამ, რომელიც მინსკს მიგრანტების უკანონო შემოგზავნაში ჯერ კიდევ აგვისტოში ადანაშაულებდა. პარალელურად, ლატვია, ოქტომბრის შუა რიცხვებში პრორუსული მეზობლის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებს ატარებდა. ბალტიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაში კი საუბარი იყო ამ კრიზისის სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდის შესაძლებლობაზე. რა თქმა უნდა, პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე ომის დაწყების მინიმალური შესაძლებლობა არსებობს (რადგან პოლონეთი NATO-ს წევრია და ლუკაშენკოს რეჟიმი მსგავს წინდაუხედავ ნაბიჯს არ გადადგამს), თუმცა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის უწყებების ერთობლივი განცხადება უფრო მეტად ევროკავშირის მიმართ გაკეთებულ გაფრთხილებასა და ამ ორგანოსგან მეტი მხარდაჭერისა და მოქმედების მოთხოვნას ჰგავს. 

მინსკისა და მოსკოვის შეუთანხმებლობა, თუ თვალის ახვევა?

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბელარუსის მიმართ მხარდაჭერა სტრატეგიული ბომბდამშენების გაგზავნითაც გამოხატა, თითქოს გამოჩნდა მინსკისა და მოსკოვის გარკვეულ საკითხებზე ბოლომდე შეუთანხმებლობა. კერძოდ, ლუკაშენკო ევროკავშირს, ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში, გაზსადენების გადაკეტვით დაემუქრა. საუბარია რუსულ ბუნებრივ აირზე, რომელიც პოლონეთში ბელარუსის გავლით გადის. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, ამ საკითხზე ლუკაშენკოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

13 ნოემბერს პუტინმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა:  “სიმართლე ვთქვა, ამის შესახებ (ლუკაშენკოს მიერ გაზის გადაკეტვის მუქარაზე) პირველად მესმის. ალექსანდრს (ლუკაშენკოს) ბოლო დროს ორჯერ ველაპარაკე, მან ამაზე არცერთხელ მითხრა, არც კი მიუნიშნებია. მაგრამ, მას, ალბათ, შეუძლია (გაზის გადაკეტვა). თუმცა, ამაში კარგი არაფერია და რა თქმა უნდა, ამ თემაზე დაველაპარაკები, თუ ეს გულით თქვა… რა თქმა უნდა, თეორიულად, ლუკაშენკოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პრეზიდენტს, ალბათ, შეუძლია ევროპისკენ ჩვენი მიწოდების გადაკეტვის ბრძანება გასცეს. თუმცა, ეს იქნება ჩვენი სატრანზიტო კონტრაქტის დარღვევა, ვიმედოვნებ, საქმე აქამდე არ მივა. მაგრამ, მეორე მხრივ, მის წინააღმდეგ მუდამ იღებენ სანქციებს და ახლის დაწესებითაც ემუქრებიან. თუმცა, ეს ევროპის ენერგეტიკას, ევროპის ენერგოსექტორს დიდ ზიანს მოუტანდა და ბელარუსთან, როგორც სატრანზიტო ქვეყანასთან, ურთიერთობის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობდა”.

ერთი შეხედვით, მინსკი და მოსკოვი ბუნებრივი აირის შეწყვეტის მუქარაზე შეუთანხმებლები იყვნენ, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა, მთელი ეს წინააღმდეგობა დადგმული სცენა იყოს, თითქოს ბელარუსი საკუთარ ნაბიჯებს კრემლთან სულაც არ ათანხმებს. ამას გარდა, სასაცილოა პუტინის ზრუნვა ევროპის ენერგოსექტორზე, თუმცა, მას, ამ ეტაპზე, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა მართლაც არ უნდა აწყობდეს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2 მალე ამუშავდება.

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი

პუტინის კომენტარის შემდეგ ლუკაშენკომ, რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა ბუნებრივი აირის მიწოდების გადასაკეტად, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთი ბელარუსთან საზღვრებს ჩაკეტავს. მან გაზის გადაკეტვის შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მინსკისა და მოსკოვის ეს აზრთა სხვადასხვაობა, შეიძლება, მოჩვენებითია, მაგრამ არაა დასავიწყებელი რეალური დამალული უნდობლობა მხარეებს შორის. მართალია ლუკაშენკო პუტინს მუდამ მეგობარს ეძახის, თუმცა მას მაინც ეჭვის თვალით უყურებს. მაგალითად, 2020 წლის 29 ივლისს, ბელარუსში დააკავეს 32 დაქირავებული მებრძოლი, რომელთა უმეტესობაც რუსეთის მოქალაქე იყო. ისინი კერძო რუსული სამხედრო ჯგუფის, ვაგნერის წევრები იყვნენ. ვაგნერს ბრალად ედება სამხედრო დანაშაულების ჩადენა უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. ითვლება, რომ დაქირავებული ჯგუფი რუსეთის მარიონეტული ძალაა. ვაგნერის წევრები ბელარუსში წინასაარჩევნო პერიოდში იყვნენ ჩასული, რამაც გააჩინა ლუკაშენკოს რეჟიმის შიში, რომ სამოქალაქო არეულობა იგეგმებოდა. მათ გადაცემას ითხოვდა კიევიც და მოსკოვიც. საბოლოოდ მინსკმა ისინი რუსეთს გადასცა (შემდეგში CNN-ი წერდა, რომ ვაგნერელები ბელარუსში უკრაინაში გადასასვლელად ჩავიდნენ, სადაც უკრაინული უსაფრთხოების ძალები მათ დაკავებას აპირებდნენ).


ბელარუსი სპეცრაზმელი სასტუმროში აკავებს დაქირავებულ რუს მებრძოლს, 2020 წელი, 29 ივლისი

მცირე უნდობლობების მიუხედავად, ბელარუსი, რუსეთთან მიმართებაში, უფრო და უფრო ვასალური სახელმწიფო ხდება. უკვე 20 წელზე მეტი გავიდა, რაც მინსკმა და მოსკოვმა მოკავშირე სახელმწიფოს (Союзное государство) შეთანხმება გააფორმეს, 1999-ში. აქამდე მხარეები დღემდე ვერ თანხმდებოდნენ რიგ დეტალებზე, განსაკუთრებით, საერთო საგადასახადო პოლიტიკაზე, ვალუტასა და ენერგორესურსების ფასებზე. თუმცა, წელს კვლავ გაგრძელდა მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც 10 სექტემბერს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ თქვა, ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაცია მომავალში შესრულდება. მხარეები უკვე აღარ გამორიცხავენ საერთო ვალუტისა და მოკავშირეთა პარლამენტის შექმნასაც კი. საერთო საგზაო, ეკონომიკური, სავალუტო და ენერგო სისტემის შექმნა ამარტივებს სამხედრო ინტეგრაციასაც, რაც პრობლემას ქმნის ბელარუსის მეზობლებისთვის. ლუკაშენკომ 2021 წლის ივლისში ახსენა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსი რუსული სამხედრო ნაწილების მოწვევას არ დააყოვნებდა. უკვე გასულ თვეში კი, მან თქვა, რომ NATO-ს მიერ პოლონეთში ატომური იარაღის განთავსების შემთხვევაში, თავად ბირთვულ იარაღს ვლადიმირ პუტინს სთხოვს. 

შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ, საკუთარი რეჟიმის შენარჩუნების სანაცვლოდ, თანდათან დათმო ქვეყნის სუვერენიტეტი და ვასალურ სახელმწიფოდ იქცა. მისი სახელმწიფო უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთის მიერ გადაყლაპვის საფრთხეს.

ბელარუსი და რუსეთ-უკრაინის კრიზისი

პოლონეთი-ბელარუსის არსებულმა მიგრანტების კრიზისმა კიევის ყურადღებაც მიიპყრო, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი არაა და ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა ამ ქვეყანაში ლტოლვილების გადასვლა. უკრაინა-რუსეთის დაძაბულობასა და პოლონეთი-ბელარუსის სასაზღვრო კრიზისთან დაკავშირებით საინტერესო აზრი გამოთქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. როგორც მან განაცხადა, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ შექმნილი ლტოლვილების კრიზისი უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე რუსული სამხედრო ნაწილების უჩვეულო თავმოყრისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა. ამ, მოვლენების პარალელურად, კიევმა ბელარუსის საზღვართან დაიწყო კონტროლის გამკაცრება, დამატებითი სამხედროების გადასხმა და “სპეციალური ოპერაცია”, რომელშიც წვრთნები და ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, ჯაველინების გამოცდაც შედიოდა. 

უკრაინელი სამხედროების წვრთნები ბელარუსის საზღვართან

მალე ცხადი გახდა, რომ მთელი ეს მზადება არა მხოლოდ მიგრანტების საზღვართან მოდგომის საფრთხეს, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდან შესაძლო სამხედრო ქმედებებს უკავშირდებოდა. როგორც უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა თქვა, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, კიევი ჯარების შემოჭრას ბელარუსიდანაც ელოდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, ალექსანდრ ლუკაშენკო სამხედრო უსაფრთხოების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ხაზი გაუსვა, რომ თუ უკრაინა დონბასში ან რუსეთის საზღვრებთან ომს დაიწყებს, ბელარუსი გვერდზე არ გადგება და მოსკოვს მხარს დაუჭერს. ამ სიტყვებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, მან Россия сегодня-სთვის მიცემულ ინტერვიუში ახსენა, რომ ომის შემთხვევაში, მინსკი რუსეთის გვერდზე დადგება “იურიდიული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირებით”.

უკრაინის დაზვერვის დოკუმენტი რუსეთის თავდასხმის შესაძლო მიმართულებებზე

ამავე ინტერვიუში ლუკაშენკომ კიდევ ერთი საყურადღებო კომენტარი გააკეთა - “მე არასდროს ვიქნები იმ ნაციონალისტური მღელვარების მხარეს, რომელიც დღეს უკრაინაშია. ყველაფერს ვიზამ, რათა უკრაინა ჩვენი გახდეს. ის ჩვენი უკრაინაა, იქ ჩვენი ერია”. ამ სიტყვებში მან კიევის კრემლის ორბიტაზე დაბრუნება რომ იგულისხმა, ცალსახაა, თუმცა ამასთან ერთად, მან, თითქოს, პანსლავიზმის იდეა დაუპირისპირა უკრაინულ ნაციონალიზმს, რომელიც 90-იანი წლებიდან ამ ქვეყანაში ხელახლა, საკმაოდ მომძლავრდა. უკრაინული ნაციონალიზმი 2014 წლის ევრომაიდანის გადატრიალების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. ლუკაშენკოს ევრომაიდანის მსგავსი სცენარის შიში 2020 წლის საპროტესტო აქციების დროს ჰქონდა და მის რეჟიმს ბელარუსის ტრადიციული სიმბოლიკისა და ფერების გამოჩენაც კი აშინებდა. 

პანსლავური საფოსტო ბარათი სლავური ანბანების შემქმნელების, წმინდა კირილესა და მეთოდეს გამოსახულებით.

უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, გარდა იმისა, რომ ლუკაშენკომ უკრაინის წინააღმდეგ რიტორიკა გაამძაფრა, მან ყირიმი, ფაქტობრივად, რუსეთის ნაწილად აღიარა. "ყირიმი დე ფაქტოდ რუსულია. რეფერენდუმის შემდეგ დე იურედაც რუსული გახდა", – თქვა მან. 

როგორც ჩანს, დასავლეთის სანქციებს მინსკზე სათანადოდ არ უმოქმედია და ლუკაშენკოს რეჟიმი საკუთარ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას არ ცვლის, მეტიც, ამ მიმართულებით უფრო რადიკალურ ნაბიჯებს დგამს. ამჟამად, ბელარუსი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება. ის საფრთხეს უქმნის როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს, ასევე უკრაინას. ლუკაშენკოს მსგავს პრობლემად გარდაქმნა რეგიონში რუსეთის თავისუფალმა ქმედებამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ, დასავლეთის მცდარი პოლიტიკის შედეგია. დროა აშშ და NATO-ს მოკავშირეები რუსეთისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ ერთობლივ სამოქმედო სტრატეგიაზე შეთანხმდნენ და ცხადად აჩვენონ მოსკოვს თუ რა იქნება მათთვის წითელი ხაზები.

დემონსტრანტი ბელარუსის ისტორიული დროშით

 

კომენტარები