კიბერთავდასხმა უკრაინაზე

უკრაინა სამთავრობო საიტებზე კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს

Reuters

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ცნობით, არსებობს მტკიცებულებები, რომ სამთავრობო საიტებზე კიბერშეტევებთან რუსეთია დაკავშირებული.

"დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველა მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას. მოსკოვი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს და ზრდის ძალებს საინფორმაციო და კიბერსივრცეში. [..] ბოლო კიბერშეტევა უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს დაწყებული რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა." – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის მიზანი უკრაინაში მდგომარეობის დესტაბილიზაცია და საზოგადოებაში მთავრობის მიმართ ნდობის შერყევაა.

14 იანვარს უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდზე კიბერშეტევა მოხდა – ვებგვერდებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე იყო გამოქვეყნებული. გარდა ამისა, შავ ფონზე გადახაზული იყო უკრაინის დროშის, გერბის, რუკისა და ღორის თავის სურათები.

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებდა, რომ არსებობს კვალი, რომელიც მიუთითებს, რომ კიბერთავდასხმა დაკავშირებულია "რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ჰაკერულ ჯგუფებთან". ასევე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე სერეგი დემედიუკის თქმით, კიბერშეტევის უკან, შესაძლოა, იდგნენ ჰაკერები დაჯგუფებიდან UNC1151, რომელიც ბელარუსის სადაზვერვო სამსახურებთანაა დაკავშირებული. მისივე თქმით, კიბერშეტევების დროს იმავე სახის ტექნოლოგია იყო გამოყენებული, როგორიც რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

გასულ კვირაში დასავლელ პარტნიორებსა და რუსეთს შორის სამი შეხვედრა გაიმართა, ვენაში ეუთოს სხდომაზე, ბრიუსელში NATO-რუსეთის სამიტის სხდომაზე, მანამდე კი ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. მოლაპარაკებები დიდწილად უშედეგო გამოდგა.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები