კიბერშეტევა

"უკრაინელები ყველაფერში, ცუდ ამინდშიც კი, რუსეთს ადანაშაულებენ" – პესკოვი კიბერშეტევებზე

დმიტრი პესკოვი
RBK

რუსეთი უკრაინის სამთავრობო საიტებზე კიბერშეტევას უარყოფს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა. პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის ბრალდებები, რომ კიბერშეტევების უკან რუსეთი დგას, კრემლისთვის ცნობილია და მათ საფუძველი არ აქვთ.

"ვთვლით, რომ ეს არის რუსეთის მისამართით მორიგი უსაფუძვლო ბრალდება. უკვე თითქმის მივეჩვიეთ, რომ უკრაინელები ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ, თავის ქვეყანაში ცუდ ამინდშიც კი." – თქვა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი სიცრუედ მიიჩნევს აშშ-ს ბრალდებებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის პროვოკაციას ამზადებს.

"ჩვენ ვცხოვრობთ ფეიქ ბრალდებების და ფეიქ ამბების, სიცრუის სამყაროში." – თქვა პესკოვმა და აღნიშნა, რომ აშშ-ს ბრალდება არაფრით მტკიცდება.

14 იანვარს უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდზე კიბერშეტევა მოხდა – ვებგვერდებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე იყო გამოქვეყნებული. გარდა ამისა, შავ ფონზე გადახაზული იყო უკრაინის დროშის, გერბის, რუკისა და ღორის თავის სურათები. უკრაინამ თავდასხმაში უშუალოდ ბელარუსი ჰაკერები დაადანაშაულა. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილის, სერგეი დემედიუკის თქმით, კიბერშეტევების დროს იმავე სახის ტექნოლოგია იყო გამოყენებული, როგორიც რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

მიმდინარე კვირაში დასავლელ პარტნიორებსა და რუსეთს შორის სამი შეხვედრა გაიმართა, ვენაში ეუთოს სხდომაზე, ბრიუსელში NATO-რუსეთის სამიტის სხდომაზე, მანამდე კი ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. მოლაპარაკებები დიდწილად უშედეგო გამოდგა.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები