აშშ-რუსეთი

აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები კვლავ განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი ჟენევაში

აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მხარეების პოზიციები უცვლელია უკრაინასთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით. 

ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. 

შეხვედრაზე რუსეთმა კვლავ გაიმეორა 17 დეკემბერს წაყენებული მოთხოვნები, რაზეც აშშ-ს მხარე ამბობს, რომ მიუღებელია. 

"სამწუხაროდ, ამ საკითხის მიმართ ჩვენს პრინციპულ მიდგომებს შორის დიდი სხვაობა გვაქვს. აშშ-სა და რუსეთს სხვადასხვა ხედვა აქვთ, თუ რა უნდა იქნას გაკეთებული", – თქვა მედიასთან შეხვედრის შემდეგ რიაბკოვმა. 

"ჩვენ მტკიცედ ვიდექით... უსაფრთხოების იმ შემოთავაზების წინააღმდეგ, რომელიც უბრალოდ არ შეეფერება შეერთებულ შტატებს", – თქვა შეხვედრის შემდეგ შერმანმა. 

რუსეთი კვლავ უსვამს ხაზს, რომ მათთვის უკრაინის NATO-ში მიღება დაუშვებელია. 

"ხაზი გავუსვით, ჩვენთვის აბსოლუტურად აუცილებელია დარწმუნება იმაში, რომ უკრაინა არასდროს, არასდროს გახდება NATO-ს წევრი", – თქვა რიაბკოვმა. 

"ასე რომ ვთქვათ, მეორე მხარეს არ ვენდობით. გვსურს რკინასავით მყარი, წყალგაუმტარი, ტყვიაგაუმტარი, სამართლებრივად დამავალდებელი გარანტიები. არა პირობა, არა დაზღვევა, არამედ გარანტიები სიტყვებით "უნდა, აუცილებელია"... "არასდროს გახდეს NATO-ს წევრი". ეს რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება", – დაამატა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 

საპასუხოდ, აშშ არ აპირებს შეწყვიტოს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა. 

"ჩვენ არავის მივცემთ უფლებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკა მიაჯახუნოს, რაც NATO-სთვის მუდამ მნიშვნელოვანი იყო", – თქვა შერმანმა. 

"ჩვენ არ ვიტყვით უარს აშშ-სთან მუშაობის სურვილის მქონე სუვერენულ სახელმწიფოებთან ორმხრივ თანამშრომლობაზე და ჩვენ არ მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკრაინის გარეშე, გადაწყვეტილებებს ევროპაზე – ევროპის გარეშე,  გადაწყვეტილებებს NATO-ზე NATO-ს გარეშე", – დაამატა შერმანმა.

რუსულმა მხარემ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ აშშ-ს არ სურს ვითარების გადაუდებელი მდგომარეობის დანახვა. რიაბკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების ბოლო ვადა არ არსებობს, რუსეთი არაა მზად კვირები ან თვეები იცადოს. რუსული მხარის თქმით, მათ სურთ NATO-ს მხრიდან ნაბიჯების დანახვა და თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ეს მათსავე უსაფრთხოებას დააზიანებს. რიაბკოვის გაფრთხილებით, თუ მოლაპარაკებები სრულად ჩავარდება, რუსეთს სამხედრო-ტექნიკური პასუხი ექნება მზად, რაშიც სავარაუდოდ ევროპის საზღვრებთან ახლოს საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების (INF) განლაგება იგულისხმება. 

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა შეთანხმება INF-ების განლაგებასთან დაკავშირებით. შეთანხმების სამართალმემკვიდრე გახდა რუსეთის ფედერაცია. აშშ-მ ეს ხელშეკრულება 2019 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მათი ინფორმაციით, რუსეთი მის პუნქტებს არღვევდა, რასაც მოსკოვში უარყოფდნენ. 

შერმანმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს სხვა სახელმწიფოს საზღვრების ძალით შეცვლის უფლება და რუსეთს საზღვრებიდან ჯარის უკან გაყვანისკენ მოუწოდა. მან ასევე ახსენა, რომ მოლაპარაკებების დროს, ამერიკული მხარე მზად იყო სამხედრო წვრთნების ზომის შემცირების საკითხის რუსეთთან განხილვაზე.

შერმანმა შეხვედრაზე გამართულ დებატებს გულწრფელი და პირდაპირი უწოდა. რიაბკოვმა კი თქვა, რომ პროცესი რთული, მაგრამ პროფესიონალური იყო და აშშ მათ წინადადებებს სერიოზულად მიუდგა. რიაბკოვის თქმით, რუსეთი მოლაპარაკებების პროგრესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას NATO-ს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ეს შეხვედრაც ამ კვირაში, ბრიუსელში გაიმართება. 


11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები