NATO-რუსეთი

მეტი გამჭვირვალობა წვრთნებზე, შეიარაღების კონტროლის გადახედვა – რა შესთავაზა NATO-მ რუსეთს

იენს სტოლტენბერგი
NATO

ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის მიმდინარეობა განიხილა. სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრა რთული და მნიშვნელოვანი იყო. მან აღნიშნა, რომ NATO-სა და რუსეთის განსხვავებები მარტივი გადასაწყვეტი არ იქნება, თუმცა დიალოგის დაწყება დადებითი ნიშანია. 

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO მზადაა რუსეთთან დეტალური დისკუსიისთვის, რათა შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები და მიღწეული იყოს კონსტრუქციული შედეგები. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა რა შეთავაზებები აქვს ალიანსს რუსეთთან და რა საკითხებითაა დაინტერესებული.

"კონკრეტულად მოკავშირეები დაინტერესებული არიან სამხედრო წვრთნებზე გამჭვირვალობის ზრდით, რათა თავიდან იყოს არიდებული სახიფათო სამხედრო ინციდენტები და შემცირებული იყოს კოსმოსური და კიბერსაფრთხეები. მოკავშირეებმა ასევე შესთავაზეს რუსეთს გადაიხედოს შეიარაღების კონტროლი, განიარაღება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, მათ შორის განხილული იყოს ორმხრივი შეზღუდვები რაკეტებზე და განხილული იყოს ბირთვული პოლიტიკა". – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ კვლავ წამოაყენა დეკემბერში გამოქვეყნებული მოთხოვნები, მათ შორის გარანტიების მიღების სურვილი, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და ალიანსის წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტი შემცირდება.

"მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და ყველა სახელმწიფოს უფლება, აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი პირობები. მოკავშირეებმა ცხადად თქვეს, რომ უარს არ იტყვიან შესაძლებლობაზე, დაიცვან ერთმანეთი, ეს მოიცავს სამხედრო შენაერთების ყოფნას ალიანსის წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში". – თქვა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO მოლაპარაკებების შედეგებს რეალისტურად უყურებს.

"მოკავშირეებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში და უკრაინასთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრასთან დაკავშირებით და მოუწოდეს რუსეთს მდგომარეობის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ და მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს NATO-ს საწინააღმდეგო აგრესიული პოზიციონირებისა და მავნე ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ და ყველა საერთაშორისო ვალდებულების შესრულებისკენ". – თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, მხარეებმა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა დაადასტურეს. მისივე თქმით, ალიანსი დაინტერესებულია რუსეთთან კომუნიკაციითა და ბრიუსელში და მოსკოვში წარმომადგენლობების დაბრუნებით. NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი ყველაფერს გააკეთებს საკითხების პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის.

მოლაპარაკებებში NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ბრიუსელში ალიანსის მუდმივი წარმომადგენლები და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უენდი შერმანი მონაწილეობდნენ. რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

NATO-რუსეთის საბჭო 2002 წელს შეიქმნა. უკრაინაში კონფლიქტის ფონზე საბჭოს მუშაობა დიდწილად შეჩერებული იყო, თუმცა მხარეებს შორის ამ ფორმატში გარკვეული კონტაქტი შენარჩუნებული იყო. 2016-2019 წლებში საბჭოს 10 სხდომა გაიმართა. თუმცა 2019 წლის შემდეგ სხდომები შეწყდა.


აღსანიშნიავია, რომ 10 იანვარს ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. ამ შეხვედრაზეც რუსეთმა გაიმეორა 17 დეკემბერს წაყენებული მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთ გაფართოების შეჩერებასაც მოიცავს, რაც აშშ-სთვის მიუღებელია. აშშ არ აპირებს შეწყვიტოს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები