კიბერშეტევა

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ინფორმაცია მოიპარეს – კიბერშეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე

businessinsider.com

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე 1-ელ სექტემბერს კიბერშეტევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიბერშეტევა "ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიების მიხედვით, კიბერშეტევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

შსს-ს ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. სამინისტროსავე ინფორმაციით, ამ ვებგვერდზე ფალსიფიცირებული დოკუმენტებიცაა ატვირთული, რომლებიც განზრახაა გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით. 

"ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ". – წერია განცხადებაში. 

შსს-ს განცხადებით, უწყება უახლოეს საათებში დახმარების თხოვნით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს. 

კახეთის გზატკეცილზე მდებარე ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებით აღჭურვილი კვლევითი ცენტრი რუსულმა პროპაგანდამ მთავარ სამიზნედ ჯერ კიდევ იმ დროიდან ამოიღო, სანამ ქართულ-ამერიკული პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

"მომაკვდინებელი ლაბორატორია, სადაც ადამიანებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ" - ეს ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითია, რომელიც რუსეთმა შექმნა.

მითები მრავალი იყო და, როგორც წესი, ერთიმეორეზე აბსურდული. 

კომენტარები