2021 წელი

გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა და მძიმე ეპიდვითარება – 2021 წლის შეჯამება რიცხვებში

2021 წელი

გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა და მძიმე ეპიდვითარება – 2021 წლის შეჯამება რიცხვებში

2021 წელი კოვიდპანდემიითა და მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციებით შეზღუდული ეკონომიკის აღდგენის წელია. მიუხედავად იმისა, რომ წელი ჯერაც არ დასრულებულა და, შესაბამისად, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ცნობილი არ არის, სავარაუდოა, რომ წლის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულს მიაღწევს. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, კერძოდ, 6.8%-ით შემცირდა. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობამ 49.2 მილიარდი ლარი ($15.8 მლრდ) შეადგინა, მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე კი – 13 234 ლარი ($4 255). 

2021 წლის პირველი სამი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 43 მილიარდი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 35.3 მილიარდი ლარი იყო.

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის პირველი ათი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.5%-ს შეადგენს და, სავარაუდოა, რომ წლის საბოლოო შედეგიც მინიმუმ 10%-ით დასრულდება, რასაც მთავრობის წევრები უდიდეს გამარჯვებად მიიჩნევენ. 

2021 წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გასულ წელს დაფიქსირებული 6.8%-იანი შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. საბაზისო ეფექტის წყალობით, მკვეთრი ვარდნის შემდეგ ეკონომიკის ნორმალურ დონემდე აღდგენაც კი გვეჩვენება ორნიშნა ზრდად, რაც ნორმალურ პირობებში, უდავოდ, გასაოცარი შედეგი იქნებოდა, თუმცა არა პანდემიურში. 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები აღიარებენ საბაზისო ეფექტის ფაქტორს და 2021 წლის შედეგს არა პირდაპირ ზრდას, არამედ შეზღუდული ეკონომიკის აღდგენას და გასული წლის ნეგატიური შედეგების განეიტრალებას უწოდებენ. 

ინფლაცია 

ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა, რომელიც ნოემბრის მდგომარეობით 12.5%-ს შეადგენს. 

ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა. 

ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ზეთი და ცხიმი + 27.7%  
  • ბოსტნეული და ბაღჩეული + 26.2%
  • პური და პურპროდუქტები + 20.4% 
  • რძე, ყველი და კვერცხი + 17.9%
  • შაქარი და ტკბილეული + 17.4%
  • თევზეული + 16.1%
  • ხილი + 15.5%
  • უალკოჰოლო სასმელები + 13.6%
  • ხორცის პროდუქტები + 10.7% 
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 6.9%

2021 წელს სურსათი და უალკოჰოლო სასმელი 17%-ით, ტრანსპორტი 20%-ით და კომუნალური ხარჯები 11.5%-ით გაიზარდა. 

რეფინანსირების განაკვეთი 

ინფლაციის დონის ზრდის პარალელურად გაიზარდა მისი შემაკავებელი მთავარი მექანიზმიც - რეფინანსირების განაკვეთი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წელს საპროცენტო განაკვეთი 8%-დან 10.5%-მდე გაზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რომელშიც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. ინფლაციის მართვის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აძვირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებს, რაც მათზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება კი – პირიქით.

ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 169 700 სესხია გაცემული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. გაცემული სესხების საერთო მოცულობა 8.39 მილიარდ ლარს შეადგენს, განაკვეთის ზრდა კი მათ გაძვირებას იწვევს.

საარსებო მინიმუმი

ინფლაციის დონის ზრდის შედეგად, საქართველოში ცხოვრების ღირებულება გაძვირდა. შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 2021 წელს 195 ლარიდან რეკორდულ ნიშნულამდე, 224 ლარამდე გაიზარდა

საარსებო მინიმუმი სოციალური ორიენტირია, რომელიც ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის გამოიყენება. საარსებო მინიმუმი სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით გამოიანგარიშება. ზოგადად, მისი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და მინიმალური დონის შესანარჩუნებლადაც შედარებით მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე წარსულში. 

2021 წელს რეკორდულად გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობაც. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში შემწეობა 637 747 მოქალაქემ და 172 886 ოჯახმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.1%-ია. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით კი მოსახლეობის 21.3% იმყოფება 

2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით, 19.5%-მდე გაიზარდა. ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, ეს საგანგაშო მაჩვენებელია, რადგან საქართველო გლობალური უმუშევრობის საშუალო დონეს თითქმის 3-ჯერ აჭარბებს. 

საშუალო ხელფასი 

ნომინალური საშუალო ხელფასი საქართველოში თითქმის ყოველწლიურად იზრდება. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში საშუალო ხელფასმა 1 368 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 10.4%-ით მეტია. 

მთავრობის წევრები ნომინალური მაჩვენებლის ზრდას დიდ წარმატებად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ რიცხვის ზრდის პარალელურად მოსახლეობის ცხოვრების დონე არსებითად არ უმჯობესდება. 

აღსანიშნავია, რომ ნომინალური მაჩვენებლის ზრდა რეალური ხელფასის ზრდაზე არ მიუთითებს, რადგან გასათვალისწინებელი ფაქტორებია ვალუტის გაცვლითი კურსი, ინფლაციის დონე და თავად საშუალო ხელფასის გამოთვლის მეთოდი. 

თუკი ხელფასს დოლარში გადავიყვანთ, აღმოვაჩენთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რეალური ხელფასი არათუ გაზრდილია, არამედ შემცირებულია. 

მაგალითად: 2014 წელს ნომინალური ხელფასი 818 ლარს შეადგენდა, რაც შესაბამისი პერიოდის გაცვლითი კურსით 472 დოლარი იყო; 2021 წლის ნომინალური მაჩვენებელი 1 368 ლარია, რაც ამჟამად 438 დოლარია. ფაქტია, რომ, მიუხედავად თანხის მოცულობის ლარში ზრდისა, ბოლო 6 წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი 34 დოლარითაა შემცირებული. 

ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში 12.5%-იანი ინფლაციაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასები იზრდება, ცხოვრება ძვირდება და იმავე პროდუქტებისა თუ სერვისების შესაძენად შედარებით მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე წარსულში.

საშუალო ხელფასის მსყიდველობითი უნარი პირდაპირაა დამოკიდებული ინფლაციის დონეზე, თუკი ნომინალური ხელფასის ზრდა ვერ გადააჭარბებს ინფლაციის მაჩვენებელს, ეს იმას ნიშნავს, რომ თანხა მოცულობაში იზრდება, თუმცა რეალურად მისი მსყიდველობითი უნარი მცირდება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოთვლის მეთოდი. საშუალო ნომინალური ხელფასი განისაზღვრება საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე და იანგარიშება გამოკითხულ დასაქმებულთა ხელფასების ჯამის გაყოფით მათ საერთო რაოდენობაზე. გაანგარიშებაში ჩართულია მხოლოდ დაქირავებით მომუშავე პირები, რომელთაც ერიცხებათ ხელფასი, შესაბამისად, მაჩვენებელი არაფერს ამბობს თვითდასაქმებულებზე და მათ შემოსავლებზე, რომელთა საერთო რაოდენობა 32%-ს შეადგენს.

მაჩვენებლის სწორი ინტერპრეტირებისთვის მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ რეალური და ნომინალური ხელფასი. საქსტატის მაჩვენებელი ნომინალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეროვნულ ვალუტაში აღებული ხელფასის მოცულობას აღწერს და არა ამ თანხის რეალურ მსყიდველობით უნარს. 

საგარეო ვაჭრობა 

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 25.1%-ით მეტია. 

მიმდინარე წლის ათ თვეში ექსპორტი 26.7%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 24.5%-ით, 8.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-ნოემბერში $5.2 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია. 

საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა ეკონომიკის გააქტიურებასა და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის აღდგენაზე მიუთითებს. 

უძრავი ქონება და მშენებლობა

2021 წელის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში მშენებლობის ღირებულება 14.1%-ით გაიზარდა, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6%-ით ზრდით. 

მშენებლობის ხარჯების ზრდა, ცხადია, აისახა უძრავი ქონების ბაზარზე. მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 8.9%-ით გაიზარდა, გასული წლის საშუალოსთან შედარებით კი – 6.2%-ით. 

წელს კერძო სახლები 13.5%-ით, საცხოვრებელი ბინები კი 7.3%-ით გაძვირდა. 
დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბნებად ისევ მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო რჩება. ყველაზე იაფად უძრავი ქონების შეძენა კი ნაძალადევში, ისანსა და სამგორშია შესაძლებელი. 

საწვავის ფასები 

2021 წელს საწვავის ფასებმა საქართველოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც როგორც ტრანსპორტირების, ასევე სხვადასხვა სერვისებისა და პროდუქტების ხარჯების ზრდაზე მნიშვნელოვნად აისახა. 

2019 წელს ერთი ლიტრი რეგულარის საშუალო ღირებულება 2.22 – 2.57 ლარის ფარგლებში იყო, თუმცა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და საწვავზე მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის გამო, 2020 წლის ივნისში მისი ღირებულება 1.80 ლარამდე დაეცა. 

2020 წლის ივლისიდან საქართველოში საწვავის გაძვირების პროცესი დაიწყო, რომელმაც 2021 წლის ბოლოს რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამჟამად ბენზინგასამართ სადგურებში რეგულარის ღირებულება 3.15 ლარს აღწევს, რაც იანვრის მაჩვენებელზე თითქმის 40%-ით მეტია. 

საწვავის ფასები საქართველოში

ექსპერტების შეფასებით, საქართველოში საწვავის მკვეთრად გაძვირება გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. მთავარ მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ენერგოპროდუქტების გაძვირება სახელდება, რაც მოთხოვნისა და მიწოდების შეუსაბამობითაა გამოწვეული. 

პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების კავშირმა მიწოდება შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მასშტაბით რეგულაციების უდიდესი ნაწილი მოიხსნა და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, OPEC+ მიწოდებას მნიშვნელოვნად არ ზრდის, რაც ნავთობსა და გაზზე ფასების რეკორდული ტემპით ზრდას იწვევს. 

გაძვირებული საწვავისა და ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის გამო, 2021 წელს პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ხარჯები თითქმის 29%-ით გაიზარდა.

ვალუტის კურსი 

ბოლო ათი წელია, რაც ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. 2020 წლის მარტში ლარმა გაუფასურების რეკორდულ ნიშნულ მიაღწია და ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 3.497 ლარს მიაღწია. 

დოლარის გაცვლითი კურსი (ათი წელი)

2021 წელს ლარი რეკორდულად გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც და მაისში ერთი ევროს ღირებულებამ 4.188 ლარი შეადგინა. 

ევროს გაცვლითი კურსი

აღსანიშნავია, რომ ივნისიდან ეროვნული ვალუტის ეტაპობრივი გამყარების პროცესი დაიწყო, დეკემბერში კი მან 2021 წლის ყველაზე მყარ ნიშნულს მიაღწია, რის მთავარ მიზეზად ექსპერტები ეკონომიკური აქტივობის აღდგენას და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ასახელებენ.  

დოლარის გაცვლითი კურსი


COVID-19

2021 წლის ბოლოს ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 930 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 886 000 მოქალაქე, გარდაცვლილია 14 000-მდე ადამიანი. 

მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა, შემთხვევების რაოდენობით კი მეხუთეზე. 

საქართველოს კოვიდსტატისტიკა საგანგაშოა მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებითაც, მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით სომხეთი მე-16 ადგილზეა, რუსეთი – 32-ე, თურქეთი 84-ე, აზერბაიჯანი კი 92-ე ადგილს იკავებს. 

ეპიდვითარებას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ გარდა ინფიცირებისა და სიკვდილიანობის უჩვეულოდ მაღალი დონისა, საქართველო ვაქცინაციის დაბალი ტემპითაც გამოირჩევა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში სრულად აცრილია 1.2 მილიონი მოქალაქე, რაც ზრდასრული მოსახლეობის 40%-ზე ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ გლობალური ვაქცინაციის მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს და მსოფლიოს მასშტაბით 3.77 მილიარდი მოქალაქეა სრულად აცრილი. განვითარებულ ქვეყნებში კი ვაქცინაციის ტემპი გაცილებით მაღალია და აცრის მაჩვენებელი 70%-ს აღწევს.
 

კომენტარები