რუსეთი-სომხეთი

არცერთი პროდუქტი არ დარჩება, ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში  
European Parliament  

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხური ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტიები უკვე ახალ ბაზრებზე გადის ექსპორტზე. 

კითხვაზე, ის საუბრობს ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ბაზარზე, ფაშინიანმა უპასუხა, რომ "ევროკავშირზეც და სხვებზეც". მისივე თქმით, მოგვიანებით იტყვის, თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი. 

ფაშინიანის განცხადებით, მათი რამდენიმე ბიზნეს დელეგაცია უკვე მუშაობს ახალ ბაზრებზე. ის ირწმუნება, რომ სომხური პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით, პრობლემები არ იქნება. 

"არცერთი პროდუქტი არ დარჩება. ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე". - ამბობს ფაშინიანი.

ცნობისთვის, რუსეთმა შეზღუდვები სომხური ყვავილებისა და არაერთი ბოსტნეულის იმპორტზეც დააწესა.

რუსეთი სომხეთს დროებით შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ბროწეულისა და ჩირის იმპორტზეც უწესებს. აკრძალვა შეეხება ამ პროდუქტების ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ტრანზიტსაც.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ახალი შეზღუდვები 3 ივნისიდან ამოქმედდება. 

შეზღუდვები ნაწილობრივ შეეხება სომხური თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტსაც. შემოწმების შემდეგ, თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა რუსეთში მხოლოდ 2 სომხურ კომპანიას შეეძლება.

იქამდე, რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) 2 ივნისიდან სომხეთიდან რამდენიმე სახეობის ხილის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. აკრძალვა ვრცელდება ალუბალზე, ბალზე, გარგარზე, ქლიავზე, ატამზე, ვაშლატამასა და ყურძენზე.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსულმა უწყებამ სომხეთიდან სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანაც შეზღუდა. მათ შორისაა მარწყვი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი და წიწაკა. გარდა ამისა, რუსულ ბაზარზე წვდომა შეეზღუდა სომხური კონიაკისა და ღვინის რამდენიმე ბრენდსაც - ასევე მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს. 


შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ სავაჭრო შეზღუდვებს ეკონომიკური იძულების საშუალებად ხშირად იყენებს.

შეზღუდვები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე დაწესდა. ბოლო პერიოდში ერევანი აქტიურად ცდილობს დასავლეთის ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ ტენდენციით მოსკოვი უკმაყოფილოა. ბოლო პერიოდში რუსეთი ცდილობს გავლენა იქონიოს სომხეთში მოახლოვებულ არჩევნებზე. კრემლმა ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, აქამდე განაცხადა, რომ თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგება, მოსკოვი ერევანთან ეკონომიკურ ინტეგრაციას შეწყვეტს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი სომხური პროდუქციის შესყიდვას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს.

კომენტარები