ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 10.5%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 10.5%-მდე გაზარდა.

მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რომელშიც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. ინფლაციის მართვის (თარგეთირება) პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აძვირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებს, რაც მათზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება კი – პირიქით. სებ-ის მიერ განაკვეთის ცვლილება უშუალოდ აისახება ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებზე. 

აღსანიშნავია, რომ 10.5%-იანი რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ეროვნულ ბანკს დაუწესებია.

სებ-ის შეფასებით, საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა, რომელიც კოვიდპანდემიითაა გამოწვეული. ამჟამად ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 12.5%-ს შეადგენს.

"პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. შესაბამისად, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება". – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება.

კომენტარები