ენერგეტიკა

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა – ფასის ზრდის გამომწვევი მიზეზები 

ევროპის მასშტაბით მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. პირველ ნოემბერს ფასები საშუალოდ 4 თეთრით გაიზარდა თითქმის ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობსა და ენერგოპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნისა და მიწოდების შეუსაბამობაა. 

პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, OPEC+მა ნავთობის მიწოდება შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ევროპის მასშტაბით რეგულაციების უდიდესი ნაწილი მოხსნილია და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, OPEC+ მიწოდებას არ ზრდის, რაც ნავთობსა და გაზზე ფასების რეკორდული ტემპით ზრდას იწვევს. 

აღსანიშნავია, ევროპაში მოსახლეობის ნაწილი გაზიდან დიზელისა და მაზუთის მოხმარებაზე გადავიდა, რაც, შეზღუდული მიწოდების პირობებში, კიდევ უფრო მეტად ზრდის ნავთობის ფასს. 

29 ოქტომბერს საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებზე ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 84.34 დოლარი შეადგინა, Light Sweet-ის ფასმა კი – 83.57 დოლარი. 

საწვავის ფასები საქართველოში გასამართი სადგურების მიხედვით: 

SOCAR

  • სუპერი –  3.22 ლარი 
  • პრემიუმი –  3.14 ლარი
  • რეგულარი – 2.91  ლარი
  • ევრო დიზელი – 2.94 ლარი
  • დიზელი –  2.84 ლარი
  • გაზი – 1.40 ლარი

WISSOL

  • ეკო სუპერი –  3.36 ლარი
  • ეკოპრემიუმი –  3.28 ლარი
  • ევრო რეგულარი – 3.14 ლარი
  • ევრო დიზელი – 3.11 ლარი
  • ეკო დიზელი – 3.15 ლარი
  • დიზელ ენერჯი –   3.05 ლარი
  • გაზი – 1.44 ლარი

LUKOIL

  • სუპერი ecto 100 – 3.50 ლარი
  • ევრო სუპერი –  3.30 ლარი
  • პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი
  • ევრო რეგულარი –  3.03 ლარი
  • ევრო დიზელი – 3.02 ლარი

ROMPETROL

  • სუპერი –  3.30 ლარი
  • ევრო პრემიუმი –  3.25 ლარი
  • ევრო რეგულარი – 3,09 ლარი
  • efix ევრო დიზელი – 3,09 ლარი
  • ევრო დიზელი –  2.99 ლარი

GULF

  • სუპერი –  3.33 ლარი
  • G-Force პრემიუმი –  3.23 ლარი
  • G-Force ევრო რეგულარი –  3.09 ლარი
  • რეგულარი – 3.15 ლარი
  • ევრო დიზელი – 3.13 ლარი
  • დიზელი – 3.05 ლარი
  • გაზი – 1.44 ლარი

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად იზრდება, რამაც თითქმის მთლიან კონტინენტზე გამოიწვია ენერგოკრიზისი, რომლის მსგავსიც 70-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. 

Intercontinental Exchange, Inc.-ის (ICE) მონაცემებით, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 600%-ით გაიზარდა და 6-ჯერ უფრო ძვირია წინა წელთან შედარებით. ევროკომისიის მონაცემებით კი, ელექტროენერგიის ფასი 200%-ითაა გაზრდილი 2019 წელთან შედარებით. ნავთობის ფასი 3-წლიან მაქსიმუმზეა და იზრდება ქვანახშირის ფასებიც.

კრზისის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაზზე გლობალური მოთხოვნის ზრდა სახელდება, მოთხოვნის ზრდა კი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქვეყნების ეკონომიკების აღდგენას უკავშირდება.

წინ მოსალოდნელზე უფრო ცივი ზამთარია - ევროპულ ქვეყნებს კი კონკურნეციის გაწევა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან უწევთ, რაც მოთხოვნას და ფასებს მაღლა წევს.

ევროკავშირი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე - Eurostat-ის მონაცემებით, 2019 წელს ევროგაერთიანებაში გაზის 90%-მდე იმპორტირებული იყო. ევროგაერთიანებაში გაზის მთავარი ექსპორტიორი კი რუსეთია, ევროკავშირის იმპორტის 40%-მდე სწორედ მასზე მოდის, თუმცა, მიუხედავად მოთხოვნის ზრდისა, რუსეთს მიწოდება არ გაუზრდია. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში კი ბუნებრივი აირის წარმოება იკლებს.

კომენტარები