აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ "ტრამპის მარშრუტსა" და აშშ-სომხეთს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესახებ ისაუბრა. რუბიო ამბობს, რომ ამ შეთანხმებას სომხეთის ეკონომიკის ტრანსფორმაცია შეუძლია.
"სომხეთში ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის შეთანხმებას. ვიცი, რომ ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საყრდენია, თუმცა ეს გაცილებით მეტია. მას აქვს შესაძლებლობა, სომხეთის სტრატეგიულ მდებარეობაში გარდამტეხი ცვლილებები მოიტანოს და სომხეთი რეგიონში ვაჭრობის მთავარი ჰაბი გახდეს. ტრამპის მარშრუტმა გადაჭრა წვდომის საკითხი, რაც აზერბაიჯანს ადარდებდა და მათ ურთიერთობაში გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ ის ბევრად უფრო მეტიცაა. მას სომხეთის ეკონომიკის ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია შეუძლია.
კიდევ ერთი რამ, რაც ამ შეთანხმებამ გააკეთა - დიდი ხნის განმავლობაში სომხეთთან ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ არააქტიური იყო. ახლა კი ქვეყნებს შორის ეს ურთიერთობა განახლდა, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ყველა სახის შესაძლებლობა სხვადასხვა სფეროში. ჩვენი შეთანხმება საშუალებას მოგვცემს, წავახალისოთ აშშ-ის კერძო სექტორის ინვესტიციები ამ დერეფანში ამერიკული კომპანიებისა და ამერიკელების ინტერესების სასარგებლოდ, თუმცა, ასევე, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების სასარგებლოდ [...]
ახლა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ფოკუსირებული ვართ ამ შეთანხმების წარმართვაზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ამერიკულმა კომპანიებმა შეძლონ წვლილის შეტანა ინფრასტრუქტურაში, რკინიგზაში, გზატკეცილებზე და იმ ყველაფერში, რაც ამ დერეფნის გასახსნელადაა საჭირო. ჩვენ არ გვჭირდება ამაში დომინაცია და არ ვითხოვთ ამერიკულ ეკონომიკურ მონოპოლიას. უბრალოდ გვინდა, ჩვენს კომპანიებს სამართლიანი შესაძლებლობა მიეცეთ და გვსურს სომხურ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომ ეს ორმხრივად მომგებიანი გახდეს". - თქვა რუბიომ სენატში გამართული მოსმენის დროს.
რუბიომ ასევე განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით რუსეთი "ნაკლებად კმაყოფილია" და "მარშრუტში" ამერიკის ინტერესებზე ისაუბრა.
ღია წყაროებიდანაც საკმაოდ კარგად ჩანს, რომ იქ ჩვენი ჩართულობით რუსები ნაკლებად კმაყოფილი არიან [...] ცხადი რომ იყოს, ჩვენ იქ არ ვართ სომხეთის სუვერენიტეტის დასარღვევად. ჩვენ მათ არ ვთხოვთ, რომ სხვა ქვეყნებთან არ იმეგობრონ. ჩვენ გვსურს მათთან ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ მშვიდობაზე არ იქნება დაფუძნებული - მშვიდობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლითაც ისარგებლებენ ამერიკული კომპანიები და ამერიკელი მუშები, მაგრამ ამ დერეფნის გახსნით საბოლოო ბენეფიციარები სომხები იქნებიან". - ამბობს რუბიო.




