ეკონომიკა

რეფინანსირების განაკვეთის 10.5%-მდე გაზრდით 170 000 მომხმარებელს სესხი გაუძვირდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ით განისაზღვრა

აღსანიშნავია, რომ 10.5%-იანი რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ეროვნულ ბანკს დაუწესებია. განაკვეთის ზრდა კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხების გაძვირებას იწვევს. 

საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 169 700 სესხია გაცემული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. გაცემული სესხების საერთო მოცულობა კი 8.39 მილიარდ ლარს შეადგენს. 

მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რომელშიც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. ინფლაციის მართვის (თარგეთირება) პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აძვირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებს, რაც მათზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება კი – პირიქით.

სებ-ის შეფასებით, საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა, რომელიც კოვიდპანდემიითაა გამოწვეული. ამჟამად ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 12.5%-ს შეადგენს.

"პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. შესაბამისად, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება". – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
 

კომენტარები