ინფლაცია

IMF: ინფლაციის მაღალი დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და მას ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა: ვენესუელა, სუდანი, სურინამი, იემენი და ზიმბაბვე. 

მაღალი ინფლაციის დონე ნეგატიური ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. 

2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში მაჩვენებელმა 12.3% შეადგინა

ინფლაციის ზრდის შედეგად გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა: ზეთი (40%), ბოსტნეული (38%), რძე, ყველი და კვერცხი (17%), ტკბილეული (16%) და პური (13%). 

IMF-ის ვარაუდით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს და 2021 წლის ბოლოს 13.1%-იან ნიშნულს მიაღწევს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, წლის ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია შემდეგ ქვეყნებში იქნება:

  1. ვენესუელა - 2 700%;
  2. სუდანი - 115.5%;
  3. სურინამი - 48.6%;
  4. იემენი - 45%;
  5. ზიმბაბვე - 41%;
  6. ირანი - 30%;
  7. ზამბია - 23.2%;
  8. ანგოლა - 22%;
  9. ლიბია - 21.1%;
  10. თურქეთი - 16.7%;
  11. თურქმენეთი - 16%;
  12. კომორი  - 15.6%;
  13. ნიგერია - 15%;
  14. ჰაიტი - 15%;
  15. სიერა ლეონე - 14.6%;
  16. საქართველო - 13.1%.

ინფლაციის მაჩვენებელი გავლენას ახდენს საშუალო ხელფასსა და საარსებო მინიმუმზე. 2021 წელს ორივე მაჩვენებელმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ლარის გაუფასურებისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, ნომინალური ხელფასი რეალურად დოლარში არათუ გაზრდილია, არამედ შემცირებულია

საარსებო მინიმუმის ზრდა კი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და მოსახლეობას არსებობისათვის აუცილებელი პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე ეს წარსულში იყო საჭირო.  


ნომინალური საშუალო ხელფასი თითქმის ყოველწლიურად იზრდება, რასაც მთავრობის წევრები დიდ წარმატებად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობისთვის გაუგებარია, როგორაა შესაძლებელი ხელფასი ყოველწლიურად იზრდებოდეს, თუმცა ცხოვრების დონე არ უმჯობესდებოდეს.

კომენტარები