ეკონომიკა

თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა – ფასები უბნების მიხედვით 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა, კერძოდ, ინდექსის (RPPI) წლიურმა ზრდამ 8.9% შეადგინა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ფასები 6.2%-ითაა გაზრდილი. 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძო სახლების ფასები 13.5%-ით, ბინების კი – 7.3%-ით გაიზარდა.

დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბნებად ისევ მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო რჩება. ყველაზე იაფად კი უძრავი ქონების შეძენა ნაძალადევში, ისანსა და სამგორშია შესაძლებელი. 

საშუალოდ, 1მ2 ახალი საცხოვრებელი ბინის ღირებულება მთაწმინდაზე 4 089 ლარს ($1 315) შეადგენს, ხოლო სამგორში – 2 332 ლარს ($750).

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების ფასები ბაზარზე, ძირითადად, დოლარში დგინდება, ხოლო ფასების ინდექსი ლარში გამოითვლება.

2020 წლის III კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით საშუალოდ 3.10 იყო, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 3.11 ლარია. 

საცხოვრებელი ბინის ფასები დოლარში:

  • მთაწმინდა - $1 315
  • ვაკე - $1 161
  • საბურთალო - $960
  • ჩუღურეთი - $955
  • კრწანისი - $953
  • დიდუბე - $904
  • გლდანი - $893
  • ნაძალადევი - $804
  • ისანი - $795
  • სამგორი - $750

ლარის კურსის თითქმის უცვლელად დარჩენა იმაზე მიუთითებს, რომ უძრავი ქონების ღირებულება რეალურად გაიზარდა და ინდექსის ცვლილება მხოლოდ ლარის კურსის მერყეობით არ აიხსნება და სხვა ეკონომიკური ფაქტორებიცაა გასათვალისწინებელი, მაგალითად, ინფლაციის დონის რეკორდული ტემპით ზრდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის III კვარტალში ინფლაციის დონე 4.7%-ს შეადგენდა, 2021 წელს კი ინფლაცია 12.3%-ს აღწევს.

კომენტარები