ეკონომიკა

საქართველოში მშენებლობის ხარჯები 14%-ით გაიზარდა, სამშენებლო მასალები 20%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში მშენებლობის ღირებულება 14.1%-ით გაიზარდა, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6%-ით ზრდით. 

წინა კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.8%-ითაა გაზრდილ, სამშენებლო მასალები კი 2.7 პროცენტითაა გაძვირებული. 

ხარჯების ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე სამშენებლო მასალების გაძვირება და ქვეყანაში არსებული მაღალი, 12.5%-იანი ინფლაციის დონეა.  

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ხარჯების ზრდა უძრავი ქონების ბაზარზეც აისახება. 2021 წლის III კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა, კერძოდ, ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9% შეადგინა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ფასები 6.2%-ითაა გაზრდილი. კერძო სახლების ფასები 13.5%-ით, ბინების კი – 7.3%-ით გაიზარდა.

დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბნებად ისევ მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო რჩება. ყველაზე იაფად კი უძრავი ქონების შეძენა ნაძალადევში, ისანსა და სამგორშია შესაძლებელი.


 

კომენტარები